ფარმაცევტული ბაზარი
"მედიკამენტებზე რეფერენტულ ფასებს სადაზღვევო კომპანიების დანახარჯზე დადებითი ეფექტი აქვს"

სადაზღვევო ინდუსტრიის წმინდა მოგების გაზრდის მიუხედავად, დადებითი ეფექტი რეალურად უმნიშვნელოა,რადგან ქვეყნის სადაზღვევო ბაზარზე დაბალი მოცვაა  -  ასე აფასებს „ბიზნესპარტნიორთან“  სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი დევი ხეჩინაშვილი  დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის  მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის მაჩვენებლებს.როგორც  ცნობილია, 2023 წელს სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება ₾34.5 მლნ-ით გაიზარდა და 73.5 მილიონი ლარი შეადგინა.სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტის შეფასებით, 2023 წლისთვის პანდემიური გამოწვევები სრულად დაძლეულია და კომპანიები პორტფელებს უკეთესად მართავენ, რაც მოგების მაჩვენებლებზეც ადეკვატურად აისახა. ამასთან, ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ შედეგით უკმაყოფილოა."მთელი სადაზღვევო ინდუსტრიისთვის 73.5 მლნ ლარიანი წმინდა მოგება დიდად არაფერს ნიშნავს, როცა 18 კომპანიაზეა საუბარი. ციფრი ჩანს, რომ გაიზარდა, რადგან  გასულ წლებში იყო მცირე მოგება და ასე გამოჩნდა. ამ დროს სექტორში უზარმაზარი აქტივებია ჩადებული. არასტაბილურობა იყო ბაზარზე, რაც თანდათან მოწესრიგდა და გარკვეულ შედეგამდე გავიდნენ,  ცხადია, ეს საკმარისი არ არის, მაგრამ განვითარების შესაძლებლობას იძლევა და ამ მხრივ სტატისტიკა დადებითია.ამასთან, ყველაზე კრიტიკული მიმართულება არის ჯანდაცვა, ვინაიდან მასობრივი პროდუქტია და  ყველაზე პატარა მარჟები ამ სეგმენტშია.  აქაც აშკარად დასტაბილურდა სიტუაცია, ამის მაგალითია ისიც, რომ სუფთა მოგებას აღწევს კომპანია, მაგალითად, "იმედი L", რომელიც მხოლოდ ამ სფეროშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, ტარიფების მართვა მოხდა ბაზარზე. მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები ამ მხრივ რაღაც შედეგს იძლევა, კომპანიების დანახარჯზე დადებითი ეფექტი აქვს. ამ ყველაფრის მიუხედავად, წმინდა მოგების სტატისტიკა  დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არ არის, როცა მოცვა არის ძალიან მცირე. ვიტყოდი, რომ ეს იყო ბუნებრივი პროცესი, რასაც კომპანიებმა დამატებითი ხელშეწყობის გარეშე მიაღწიეს“, - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.მისი განმარტებით, სამედიცინო დაზღვევაში 720 944 ადამიანის ჩართვა შეიძლება ძალიან კარგია, მაგრამ სამაგიეროდ დანარჩენ მიმართულებებში ჩავარდნაა. მაგალითად, ავტოდაზღვევაში, სადაც მეათედიც აღარ არის მოცვა - 1.7 მლნ ავტომობილიდან 126 065 დაზღვეული."გამოწვევაა, რომ მოცვა იზრდება ნელა და ეს ტრადიციულად ცნობილია.  რა ზრდის მოცვას და რა ზრდის კულტურას, რომ მეტი ხალხი შედის სადაზღვევო ურთიერთობებში, ნახონ  სიკეთე, სტაბილურობა, კარგი სერვისი. ამის ყველაზე კარგი  ინსტრუმენტი უკლებლივ ყველა ქვეყანაში  სავალდებულო დაზღვევის არსებობაა, რომელიც ჩვენთან არ არის,"-აცხადებს ხეჩინაშვილი.მისი შეფასებით, ის მექანიზმები, რაც მთელ მსოფლიოში  აპრობირებულია, მათ შორის, სავალდებულო დაზღვევა, საქართველოში არ არის გამოყენებული.ცნობისთვის, სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს სადაზღვევო ინდუსტრიის წმინდა მოგებამ  73,5 მილიონი ლარი შეადგინა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი  39 მლნ ლარი იყო. 2023 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 063,6 მილიონი ლარი შეადგინა.bp.ge

„ეს არ არის მხოლოდ „ასტრაზენეკა“, ბევრი სხვა კომპანიაა“ - ინოვაციური მედიკამენტების შეძენის მიზნით მოლაპარაკებები გრძელდება

სახელმწიფო აგრძელებს მოლაპარაკებებს უცხოურ ფარმაცევტულ მწარმოებლებთან ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების პირდაპირი გზით შესყიდვის მიზნით. ამ კომპანიებს შორისაა შვედურ-ბრიტანული „ასტრაზენეკა“ და სხვა არაერთი მწარმოებელი. ამის შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.„მედიკამენტები, რომლებიც დღეს პროგრამულად ფინანსდება, 90-მდე მოლეკულაა. ამ 90 მოლეკულიდან არის ინოვაციური მედიკამენტები, რისი შესყიდვაც სახელმწიფომ გადაწყვიტა ცენტრალიზებული მექანიზმით, რადგან აქ იყო უკეთესი პირობები და უფრო მეტი მედიკამენტის მიღების შესაძლებლობა იგივე ხარჯით. ჯერჯერობით ეს მოლაპარაკება შედგა „როშესთან“ და „ნოვარტისთან“ და ეს მედიკამენტებია 21-მდე მოლეკულა, რომლებსაც სახელმწიფო ცენტრალიზებულად ყიდულობს. ეს პროცესი სხვა დანარჩენ ინოვაციურ მედიკამენტებთან მიმართულებითაც გაგრძელდება. ეს არ არის მხოლოდ „ასტრაზენეკა“, ბევრი სხვა კომპანიაა, რომელიც გვთავაზობს ინოვაციურ მედიკამენტებს და ჩვენი მიზანიც ისაა, რომ გეგმაზომიერად ინოვაციური მედიკამენტები ჩვენს ქვეყანაში დაინერგოს, რომ ჩვენ პაციენტებს ჰქონდეთ წვდომა იმ მკურნალობაზე, რაც შედეგიანია,“- განაცხადა გაბუნიამ.   შეგახსენებთ: ჯანდაცვის სამინისტრომ მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ინოვაციური ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა გასულ წელს, მინისტრ ზურაბ აზარაშვილის პერიოდში დაიწყო. ბოლო კონტრაქტი ამ მიმართულებით 2023 წლის სექტემბერში, მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან“ გაფორმდა.  შედეგად, 2024 წელს, პაციენტები, 8 დასახელების სხვადასხვა მედიკამენტს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ. ეს მედიკამენტებია: „კისქალი“, „ჯაკავი“, „მეკინისტი“, „ტაფინლარი“, „ვოტრიენტი“, „აფინიტორი“, „ზომეტა“, „ფემარა“.შვეიცარიულ „როშესთან“ კი სამინისტრომ ხელშეკრულება 2023 წლის ნოემბერში გააფორმა და ის 13 მედიკამენტს შეეხო. 

ერთ სულ მოსახლეზე ფარმაცევტების რაოდენობით მსოფლიოს ლიდერი იაპონიაა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მოხსენების თანახმად, ევროპის რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ექიმი მოდის. ჯანმოს მონაცემებით, 2014-2021 წლებში მსოფლიოს მასშტაბით 10 ათას ადამიანზე 36,6 ექიმი მოდის. აშშ-ში ეს მაჩვენებელი 24,5-ია, თურქეთში 21, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 7,7, აფრიკაში კი 2,9.უთანასწორობა დიდია მედდებისა და მეანების რაოდენობის კუთხითაც. ევროპაში ყოველ 10 ათას ადამიანზე 83,4 მედდა და მეანია დასაქმებული, აფრიკაში კი ყოველ 10 ათას ადამიანზე 13 სამედიცინო პერსონალი მოდის. ყველაზე მეტი სტომატოლოგი რეგიონებს შორის ასევე ევროპაშია - 6,2 ექიმი 10 ათას ადამიანზე, აფრიკაში კი ეს რიცხვი 0,3-ია. ფარმაცევტებისა და სტომატოლოგების რიცხვი აფრიკაში 10 ათას ადამიანზე 1-ზე ნაკლებს შეადგენს.რაც შეეხება მონაცემებს ცალკეული ქვეყნების მიხედვით, ჯანმოს მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე ექიმების რაოდენობით პირველ ადგილზე კუბაა, სადაც 10 ათას ადამიანზე 84,3 ექიმი მოდის, მას მონაკო და შვედეთი მოსდევს. 10 ათას ადამიანზე ექიმების რაოდენობით მსოფლიოს 10 ლიდერს შორისაა საბერძნეთი, ბელგია, ურუგვაი, სან-მარინო, პორტუგალია, მალტა და ჩეხეთი. არის აფრიკული ქვეყნები, სადაც 10 ათას მოსახლეზე 1 ექიმიც კი არ არის. ჯანმოს მონაცემებით, ყველაზე მეტი ფარმაცევტი იაპონიას ჰყავს, სადაც 10 ათას ადამიანზე 20 ფარმაცევტი მოდის. აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში კი ეს მაჩვენებელი 0,1%-ს შეადგენს. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ 2020 წელს ჯანდაცვაზე გლობალური ხარჯებმა 9 ტრილიონი დოლარი შადგინა, საიდანაც 80%-ზე მეტი მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის. 

ფარმაცევტულ სექტორს ორი რეგულაცია გადაუვადეს

ფარმაცევტული სექტორისთვის ორი რეგულაცია გადავადდა. გადავადდა ის ცვლილებაც, რომლის ამოქმედებასაც ფარმაცევტთა ასოციაცია ემხრობოდა.შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ფარმაცევტული სექტორისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ის ცვლილებები განიხილეს, რომლებიც ქვეყანაში, მედიკამენტებისა და მათი დამზადებისთვის საჭირო ინგრედიენტების იმპორტირებისას, შესაბამისი მარეგულირებლის მიერ გაცემული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებას აწესებდა. წინა მინისტრის დროს მიღებული ცვლილების ამოქმედება 1 აპრილიდან იგეგმებოდა, თუმცა შეხვედრაზე, სექტორის წარმომადგენლებმა, ვადის გახანგრძლივების ინიციატივა დააყენეს. მხარეები, 6-თვიან გარდამავალ პერიოდზე შეთანხმდნენ.ლევან გოგიბერიძის განმარტებით, ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც გადავადდა, მედიკამენტების სუბსტანციების იმპორტს ეხება. კერძოდ, ცვლილება ითვალისწინებს იმას, რომ მედიკამენტების დასამზადებლად საჭირო იმპორტირებული ნედლეული ევროპის ან საქართველოს მიერ აღიარებული ნებისმიერი მარეგულირებლის GMP სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. ლევან გოგიბერიძის თქმით, მსგავსი რეგულაცია ევროპაშიც კი არ მოქმედებს, რადგან მედიკამენტის ხარისხს GMP სტანდარტი წარმოების პროცესში უზრუნველყოფს და ცალკე იმპორტირებული სუბსტანციებისთვის ასეთი სერტიფიკატის მოთხოვნა პრეპარატების ხარისხის კუთხით არაფრის მომცემი იქნებოდა. ამიტომ, მისი შეფასებით, გადავადება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იყო.მისივე განმარტებით, ამჟამად აღნიშნული პროდუქციის იმპორტისას, ისევე როგორც ევროპაში, შესაბამისობის დოკუმენტაცია მოითხოვება, რაც სავსებით საკმარისია.  რაც შეეხება მედიკამენტების ნაწილს, ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტის განმარტებით,  ეს კიდევ ერთი დადგენილებით გათვალისწინებული ცვლილებაა, რომელიც ითვალისწინებდა იმას, რომ ახალი ან ხელახალი რეგისტრაციისას იზღუდებოდა ისეთი პრეპარატების იმპორტი, რომლებსაც არ ახლავს ევროპული GMP ან მათი საწარმო არ არის შემოწმებული საქართველოს მარეგულირებლის მიერ, ადგილზე. გოგიბერიძე რამდენიმე დღის წინ, jandacva.ge-სთან საუბარში განმარტავდა, რომ აღნიშნული რეგულაციის გადავადების მომხრე არ იყო და გადავადება ამ ეტაპზე დღის წესრიგში არც დამდგარა. ამასთან, აღნიშნავს იმასაც, რომ მედიკამენტის რეგისტრაციას 5-წლიანი ვადა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგულაციამდე მცირე ხნით ადრე  დარეგისტირებული პრეპარატები, რომლებიც ახალ სტანდარტს არ შეესაბამება, ბაზარზე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.ამის მიუხედავად, ორივე რეგულაცია 1 აპრილის ნაცვლად, 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება. ლევან გოგიბერიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, სამინისტროს გარკვეულ საკითხებში ჩამოყალიბება დასჭირდა და მეორე ცვლილებაც ამიტომ იქნა გადავადებული.jandacva.ge

სხვა სიახლეები