ფარმაცევტული ბაზარი
„რეფერენტული ფასების სისტემაში, შესაძლოა, ცვლილება შევიდეს, მაგრამ თავად პოლიტიკა გაგრძელდება“

შესაძლოა, ჯანდაცვის სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ რეფერენტული ფასის დათვლის მექანიზმი და რეფერენტული ქვეყნები შეცვალოს, გააფართოვოს ფასების არეალი, თუმცა თავად რეფერენტული ფასების პოლიტიკაზე უარს არ იტყვის.ასეთ პროგნოზს აკეთებს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან გოგიბერიძე jandacva.ge-სთან საუბარში. მას შემდეგ, რაც მედიკამენტების ინგრედიენტებთან დაკავშირებული რეგულაციები გადაიდო, გაჩნდა შეკითხვა, ხომ არ უნდა ველოდოთ ფარმაცევტულ ბაზარზე დაწყებული რეგულაციების შერბილებას ან მეტიც - გადახედვას.შეგახსენებთ: ფარმაცევტული სექტორის ხედვაა, რომ რეფერენტული ფასები მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ და საბაზისო მედიკამენტებზე გავრცელდეს, რათა დეფიციტი არ შეიქმნას. ისინი ასევე ითხოვენ, ფასებზე ზედა ზღვრის დაწესების შესახებ მათ უფრო ადრე ეცნობოს, ვიდრე კანონით განსაზღვრული ერთთვიანი ვადაა. ამასთან, ფარმაცევტული კომპანიები არაერთ მედიკამენტზე დაწესებული მაქსიმალური ზღვრის აწევას ითხოვენ.ლევან გოგიბერიძე ამბობს, რომ შესაძლოა, სექტორთან კომუნიკაციის შედეგად სამინისტრომ ფასების დათვლის მექანიზმს გადახედოს, შეცვალოს რეფერენტული ქვეყნის ჩამონათვალი, თუმცა თავად რეფერენტული ფასწარმოქმნის პრინციპზე უარის თქმა მოსალოდნელი არ არის.

„ასეთი რეგულაციები ევროპაშიც კი არ არის“ - რა მიზეზით გადავადდა რეგულაციები ფარმაცევტულ სუბსტანციებზე

ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი ლევან გოგიბერიძე jandacva.ge-სთან საუბარში განმარტავს, რა ახალი რეგულაციების ამოქმედება იგეგმება ფარმაცევტულ ბაზარზე და რას ითვალისწინებს ცვლილება, რომლის ძალაში შესვლაც გადავადდა.შეგახსენებთ: დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ფარმაცევტული სექტორისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ის ცვლილებები განიხილეს, რომლებიც ქვეყანაში, მედიკამენტებისა და მათი დამზადებისთვის საჭირო ინგრედიენტების იმპორტირებისას, შესაბამისი მარეგულირებლის მიერ გაცემული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებას აწესებს.ცვლილების ამოქმედება 1 აპრილიდან იგეგმებოდა, თუმცა შეხვედრაზე, სექტორის წარმომადგენლებმა, ვადის გახანგრძლივების ინიციატივა დააყენეს. მხარეები, 6-თვიან გარდამავალ პერიოდზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით გაგრძელდება.ლევან გოგიბერიძე განმარტავს, რომ ცვლილება, რომელიც გადავადდა, მედიკამენტების სუბსტანციების იმპორტს ეხება. კერძოდ, ცვლილება ითვალისწინებს იმას, რომ მედიკამენტების დასამზადებლად საჭირო იმპორტირებული ნედლეული ევროპის ან საქართველოს მიერ აღიარებული ნებისმიერი მარეგულირებლის GMP სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. ლევან გოგიბერიძის თქმით, მსგავსი რეგულაცია ევროპაშიც კი არ მოქმედებს, რადგან მედიკამენტის ხარისხს GMP სტანდარტი, წარმოების პროცესში, უზრუნველყოფს და ცალკე იმპორტირებული სუბსტანციებისთვის ასეთი სერტიფიკატის მოთხოვნა პრეპარატების ხარისხის კუთხით არაფრის მომცემი იქნებოდა. ამიტომ, მისი შეფასებით, გადავადება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იყო. მისივე განმარტებით, ამჟამად აღნიშნული პროდუქციის იმპორტისას, ისევე როგორც ევროპაში, შესაბამისობის დოკუმენტაცია მოითხოვება, რაც სავსებით საკმარისია.  კითხვაზე, თუკი მსგავსი რეგულაცია ევროპაშიც არ არის, რატომ დადგა მისი ამოქმედება საჭირო საქართველოში, გოგიბერიძე ამბობს, რომ მას ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. მისი ინფორმაციით, დადგენილება 29 თებერვალს, ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის თანამდებობიდან წასვლამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა. რაც შეეხება მედიკამენტების ნაწილს, ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ეს კიდევ ერთი დადგენილებით გათვალისწინებული ცვლილებაა, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ახალი ან ხელახალი რეგისტრაციისას შეიზღუდება ისეთი პრეპარატების იმპორტი, რომლებსაც არ ახლავს ევროპული GMP ან მათი საწარმო არ არის შემოწმებული საქართველოს მარეგულირებლის მიერ, ადგილზე. გოგიბერიძე ამბობს, რომ აღნიშნული რეგულაციის გადავადების მომხრე არაა და გადავადება ამ ეტაპზე დღის წესრიგში არც დამდგარა. ამასთან, აღნიშნავს იმასაც, რომ მედიკამენტის რეგისტრაციას 5-წლიანი ვადა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგულაციამდე მცირე ხნით ადრე  დარეგისტირებული პრეპარატები, რომლებიც ახალ სტანდარტს არ შეესაბამება, ბაზარზე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი. ლევან გოგიბერიძის განმარტებით, მედიკამენტების ნაწილში რეგულაციებზე მსჯელობა სამინისტროსთან გაგრძელდება.მისივე ინფორმაციით,  საქართველოში, ისევე როგორც ევროპაში, სუბსტანციების 80% ჩინეთიდან შემოდის.

მედიკამენტების იმპორტთან დაკავშირებული რეგულაციებისთვის გარდამავალი პერიოდი დაწესდა

მიხეილ სარჯველაძე ფარმაცევტული სექტორისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდაჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, ფარმაცევტული სექტორისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ის ცვლილებები განიხილეს, რომლებიც ქვეყანაში, მედიკამენტებისა და მათი დამზადებისთვის საჭირო ინგრედიენტების იმპორტირებისას, შესაბამისი მარეგულირებლის მიერ გაცემული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებას აწესებს.ცვლილების ამოქმედება 1-ლი აპრილიდან იგეგმებოდა, თუმცა შეხვედრაზე, სექტორის წარმომადგენლებმა, ვადის გახანგრძლივების ინიციატივა დააყენეს. მხარეები, 6-თვიან გარდამავალ პერიოდზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა, სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, გაგრძელდება.ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყების პრიორიტეტი მედიკამენტების ხარისხის კონტროლი და მომხმარებლების ინტერესების დაცვაა.„პრიორიტეტულია, საქართველოში, მედიკამენტების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა და მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურად დაცვა, თუმცა მწარმოებელთა ინტერესების დაბალანსებულად დაცვის პირობით. მათი დაცვის პირობით, ისეთი შეზღუდვებისგან, რომელიც ჩაითვლება არასაჭიროდ, ზემოაღნიშნულ პრიორიტეტთან მიმართებაში”,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სამინისტრო, უახლოეს პერიოდში, ამ კონკრეტული მიმართულებით, შესაბამის ცვლილებებს დააინიცირებს.შეხვედრას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია ესწრებოდნენ.

მიზანია, საქართველოში დამზადებული ფაგები ჯანმომ უნდა აღიაროს - ქვეყანას ბიოტექნოლოგიურ სფეროში დიდი ამბიცია აქვს

თუ აქამდე ინოვაციები ეკონომიკისგან განყენებულ დარგად ითვლებოდა, დღეს ასე არ არის და ინოვაციები აუცილებელია ყველა ბიზნეს სექტორის, მათ შორის ჯანდაცვის განვითარებისთვის. ამის შესახებ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ გადაცემაში „ბიზნესპარტინორი“ საუბრისას განაცხადა.  შეგახსენებთ, რომ სააგენტომ, მთავრობასთან ერთად, განისაზღვრა ქვეყნის სამი ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება: ხელოვნური ინტელექტი,  ფაგები და აგროტექნოლოგიები. კასრაძის თქმით, პროდუქტები და სერვისები უნდა გაინოვაციურდეს, იქნება ეს ჯანდაცვის თუ სოფლის მეურნეობის სექტორები. „ინოვაციურობას შეუძლია დააჩქაროს განვითარების ის ტემპი, რაც აქვს იმ რესურსებით, რაც ქვეყანას გააჩნია. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი, გაზი და სხვა ბუნებრივი რესურსები. ამიტომ ჩვენი ეკონომიკის განვითარების მთავარი ქვაკუთხედი ესაა ადამიანური კაპიტალი,“ - აღნიშნა კასრაძემ.მისი თქმით, ყველა მიმართ ინოვაციების ხელშეწყობა ბევრ დიდ ქვეყანასაც არ შეუძლია. კითხვაზე, რა კრიტერიუმებით შეირჩა ეს სამი მიმართულება, სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ყველაზე მარტივად გადაწყვეტილება ფაგების მიმართულებით იქნა მიღებული.„პირველი ფაქტორია, გლობალურად რამდენადაა მოთხოვნა დღეს ამ ტექნოლიგიებზე პროგნოზირებად მომავალში. მაგალითად, რამდენად შეიძლება შენარჩუნდეს მოთხოვნა ამ ტექნოლოგიებზე შემდგომი 20 წლის განმავლობაში. რა კონკურენტული უპირატესოიბა გვაქვს საქართველოში, რომ ამ მიმართულებებით მსოფლიოს მაღალი დონის ინოვაციური პროდუქტები შევთავაზოთ. ეს შეიძლება იყოს გამოცდილება, სამეცნიერო ცოდნა, კვლევები, ბიომრავალფეროვნება, კლიმატი, გეოგრაფიული ლოკაცია. ყველაზე მთავარია, რეალურ ეკონომიკაში რომელ ტექნოლოგიურ სექტორს შეუძლია ყველაზე დიდი ეფექტი მოახდინოს ადამიანების დასაქმებისთვის და ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის,“ - განმარტა ავთანდილ კარსაძემ. მისი თქმით, გლობალური ბაზრის შესწავლამ აჩვენა, რომ ფაგები აქტუალური ხდება. საქართველო კი, თუ რამე ტექნოლოგიასთან ასოცირდება  თანამედროვე ეპოქაში, ესაა ღვინის ტექნოლოგია - ქვევრი, და ფაგები. „პირველი კვლევითი ინსტიტუტი მსოფლიოში საქართველოში შეიქმნა. მაშინ არ იყო ფაგების მიმართულება პრიორიტეტი, რადგან დიდი ფარმაცევტული კომპანიები მიმართული იყო ანტიბიოტიკების განვითარებაზე. დღეს, 2009 წლიდან პირველად, აშშ-მა დაიწყო მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება ფაგების მიმართულებით. დღეს 2024 წელია და აბსოლუტურად ყველა დიდი ქვეყანა მილიარდობით ინვესტიციებს ახორციელებს, რომ სამედიცინო სექტორი ფაგებზე გადაეწყოს, რადგან ანტიბიოტიკებმა რეზისტენტულობა მთლიანად დაკარგა გარკვეულ დაავადებებსა და ინფექციებზე და ესაა ძალიან დიდი გამოწვევა ჯანდაცვის სექტორში,“ - განმარტა კარსაძემ. მისი თქმით, საქართველოს ფაგების მიმართულებით წამყვანი ცოდნა აქვს და ხელი შეეწყობა იმას, რომ გაუმჯობესდეს სამეცნიერო ბაზა და საერთაშორისო დონეზე მოხდეს ქართული ფაგების დისტრიბუცია. ამავე დროს, მიმდინარეობს მუშაობა, რომ საქართველოში დამზადებული ფაგები ჯანმოს მიერაც იქნას აღიარებული. 

სხვა სიახლეები