ფარმაცევტული ბაზარი
ფარმაცევტული ბაზრის მორიგი კვლევა ოქტომბრამდე დასრულდება

კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო ფარმაცევტულ სექტორში დაწყებულ ახალ კვლევას ოქტომბრამდე პერიოდში დაასრულებს.ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ  8 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ, დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მოკვლევა დაიწყო.თემა ეხება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დეკემბერში გასაჯაროებულ საქმეს, როცა უწყებამ განაცხადა, რომ კომპანიები 20 მედიკამენტს მაღალი - 300%-დან 3000%-მდე ფასნამატით ყიდდნენ. კვლევის შედეგები წლის ბოლომდე გახდება ცნობილი.„იდენტიფიცირებულია 14 მედიკამენტი და ამ მედიკამენტების ბაზარზე 8 კომპანია, რომლებსაც გააჩნიათ დომინანტური მდგომარეობა ანუ 40%-ზე მეტი და მათი ფასნამატები არის 300-დან 3000 პროცენტამდე არეალში. ეს საკმაოდ მაღალი ფასნამატია და იმ შემთხვევაში, თუ ხდება დომინანტური მდგომარეობის არასათანადო გამოყენება, ეს ნიშნავს მომხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესებას, რაც წინააღმდეგობაშია კონკურენციის კანონმდებლობასთან. თუმცა იმისთვის, რომ ეს დადასტურდეს, ახლა მიმდინარეობს მოკვლევა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სადღაც სექტემბრის ჩათვლით, გვექნება საბოლოო სურათი და საბოლოო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.მანამდე კი, გასული წლის დეკემბრის ბოლოს, კონკურენციის სააგენტომ 4 ფარმაცევტული კომპანია ჯამში 53 მილიონამდე ლარით დააჯარიმა. სააგენტო ამ კომპანიების მიერ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების დაწესების საკითხს 9 თვის განმავლობაში იკვლევდა. შედეგად, 4 კომპანია - „ავერსი“, „გეფა“, „პსპ“ და „მერმისი“ ჯამში 53 მილიონი ლარით დაჯარიმდა. ოთხივე კომპანიას სააგენტოს ეს გადაწყვეტილება  სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

Pfizer-ი ინვესტორების ნდობის დაბრუნებას კიბოს მედიკამენტების შექმნით ცდილობს

კოვიდ-19-ის გავრცელების შემცირების შემდეგ, Pfizer-ი „ფსონს“ კიბოს სამკურნალო მედიკამენტზე დებს.Cnbc-ს ინფორმაციით, გასული წელი ფარმაცევტული გიგანტისთვის საკმაოდ რთული იყო და მკვეთრი ვარდნით აღინიშნა, რისი მიზეზიც პანდემიის შესუსტებაა. თუმცა სიმსივნის სამკურნალო მედიკამენტზე მუშაობა ხაგრძლივი პროცესია, რომელიც ბიზნესისთვის კონკრეტულ შედეგებს გრძელვადიან პერსპექტივაში მოიტანს. განვითარების დეტალური გეგმები კომპანიამ 4-საათიან ღონისძიებაზე წარმოადგინა, რომელიც ინვესტორებისთვის გაიმართა. კომპანია ცდილობს მათ თვალში ნდობა მოიპოვოს მას შემდეგ, რაც, 2023 წელს მისი აქციები 40%-ით და მეტად გაუფასურდა. შედეგად Pfizer-ის საბაზრო ღირებულება 100 მილიარდით შემცირდა. Pfizer-მა უოლ-სთრითის იმედები კიდევ ერთი მიმართულებით ვერ გაამართლა. საქმე ეხება გახდომის მედიკამენტ RSV-ს, რომელმაც კლინიკური კვლევების წარმატებით ვერ გაიარა.შედეგად, კომპანიამ ხარჯების 4 მილიარდი დოლარით შემცირების პროგრამა ჩაუშვა და ასობით თანამშრომელი გაათავისუფლა, მან ასევე შეკვეცა კვლევების ბიუჯეტი.ინცესტორების კონფერენციაზე Pfizer-მა წარმოადგინა საკუთარი გეგმები კიბოს სამკურნალო მედიკამენტის მწარმოებელ კომპანია Seagen-თან სრული ინტეგრაციის შესახებ, რომლის ღირებულებაც 43 მილიარდი დოლარია.Pfizer-ი აცხადებს, რომ ამ გარიგების შედეგად, 2030 წლისთვის მისი ფარმაცევტული პორტფელი შეძლებს მინიმუმ 8 წამალ-„ბლოკბასტერის“ გამოშვებას ამჟამინდელი 5-ის ნაცვლად. თუმცა კომპანიას არ დაუკონკრეტებია, რომელ პრეპარატებში ხედავს ასეთ პოტენციალს.ამასთან, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კვლევის სტადიაზე მყოფ ზოგიერთ პრეპარატს საბოლოო აღიარებამდე რამდენიმე წელი დასჭირდება.

ონკოპაციენტებისთვის სიახლეები იგეგმება - მათ დღეს ჯანდაცვის ახალი მინისტრი შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამ პოსტზე მუშაობის პირველ დღეს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებსშეხვდა.სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, ინფორმაცია მიიღო მათი საჭიროებებისა და მომსახურების პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ. შეხვედრისას, განიხილეს არსებულ გამოწვევებთან გამკლავების შესაძლო გზები.მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ უწყების ნებისმიერი გადაწყვეტილება პაციენტის საუკეთესო ინტერესების, როგორც მთავარი პრიორიტეტის დაცვის გარანტი იქნება. მინისტრის განცხადებით, სწორედ აღნიშნული მიდგომებით იხელმძღვანელებს, სამინისტრო, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების საჭიროებებზე მუშაობის პროცესში.შეხვედრაზე, იმსჯელეს პაციენტების ჩართულობის საკითხებზეც სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, პაციენტებთან კომუნიკაცია უწყვეტად გაგრძელდება და იდენტიფიცირებულიპრობლემების გადასაჭრელად, შემდგომ ნაბიჯებს მათთან ერთად განიხილავენ.აღნიშნულ საკითხზე განმარტებები გააკეთა მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, რომელმაც განმარტა, რომ ონკოპაციენტებს სამკურნალო მედიკამენტის მისაღებად აფთიაქიდან აფთიაქში გადაადგილება და ძებნა უწევდათ, დღეს კი ეს პრობლემა უმეტესწილად აღმოფხვრილია.ამასთან, მისი თქმით, იგეგმება ლოჯისტიკური ჯაჭვის გაძლიერება, რათა პაციენტს მედიკამენტი ადგილზე დახვდეს. “საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური მიმართულებით ფინანსდება 90-მდე აქტიური ნივთიერება. ამ ნივთიერებებს შორის არის სხვადასხვა ტიპის მედიკამენტი, რომელიც ემყარება საერთაშორისოდ აღიარებულ გაიდლაინებს. იმისთვის, რომ ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდეს მედიკამენტებზე, სახელმწიფომ ექსკლუზიური პირდაპირი შესყიდვა განახორციელა მწარმოებლებისგან ორიგინალ მედიკამენტებზე, ეს არის 20-23 მოლეკულა. ამას გარდა, ბაზარზე ფარმაკოლოგიური მწარმოებლების მიერაც არის უზრუნველყოფილი მედიკამენტები. მოცვა ამ მიმართულებით მაღალია. რაც შეეხება დეფიციტს, ზოგ მედიკამენტზე იყო ნაკლებობა და პაციენტს უწევდა აფთიაქიდან აფთიაქში გადაადგილება და ძებნა, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით უდიდეს ნაწილში ეს პრობლემა ამოწურულია. რიგი მედიკამენტები ამ დილასაც ჩამოვიდა, თვალს ვადევნებთ როგორი მდგომარეობაა, რათა პრობლემა არ შეიქმნას. სამომავლოდ იგეგმება ლოჯისტიკური ჯაჭვის გაძლიერება, რათა პაციენტს ადგილზე დახვდეს მედიკამენტი. ეს მიმართულება პრიორიტეტია”, -აღნიშნა გაბუნიამ.

ირაკლი მარგველაშვილი: რეფერენტული ფასები მთელ ფარმაცევტულ ბაზარს არ უნდა ეხებოდეს

რეფერენტული ფასების პოლიტიკა მთელ ფარმაცევტულ ბაზარს არ  უნდა ეხებოდეს და ის უნდა ვრცელდებოდეს მხოლოდ აუცილებელ, საბაზისო და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მედიკამენტებზე. ამის შესახებ წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა jandacva.ge-სთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნების უმეტესობაში, სადაც რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემაა დანერგილი, ის მთელ ბაზარზე არ ვრცელდება, რადგან ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნის. კერძოდ, მარგველაშვილის თქმით, შესაძლოა, ადამიანი წლების განმავლობაში იღებდა კონკრეტული დასახელების მედიკამენტს, ახლა კი, როცა ფარმაცევტულ კომპანიას, ზღვრული ფასის გამო, ამ მედიკამენტის შემოტანა შეიძლება აღარ უღირდეს, პაციენტს იგივე მოლეკულის სხვა პრეპარატის შეძენის არჩევანი რჩება. ასეთი ვითარება კი, ირაკლი მარგველაშვილის შეფასებით, სამართლიანი არ არის.მისივე თქმით, როცა კომპანიები სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ფასებს ასაჩივრებენ, შესაძლოა ისინი დაკორექტირდეს, თუმცა, შესაძლოა, უწყებამ არ გაითვალისწინოს კომპანიის მოთხოვნა. მარგველაშვილი სვამს შეკითხვას - რა ხდება ამის შემდეგ? წამალი რჩება ბაზარზე თუ ქრება აფთიაქებიდან?„კომპანიამ, შესაძლოა, გადაწყვიტოს, მიუღებელი ფასის მიუხედავად, მაინც დატოვოს კონკრეტული მედიკამენტი ბაზარზე ან აღარ შემოიტანოს. არ არსებობს არანაირი ვალდებულება, რომელიც მას დააკისრებს პასუხისმგებლობას, ფასის მიუხედავად, ეს წამალი მაინც შემოიტანოს,“ - აცხადებს მარგველაშვილი. მისი თქმით, სექტორისთვის აუცილებელია ფარმაცევტული პროდუქციის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღება, რადგან მოქმედი კანონი მოძველებულია და ბაზრის ყველა ასპექტს  ვერ არეგულირებს. ცნობისთვის: რეფერენტულ ფასს დაქვემდებარებული მედიკამენტების სია კიდევ ერთხელ გაფართოვდა და 7 ათას დასახელებას გადააჭარბა.jandacva.ge

სხვა სიახლეები