მთავარი » ჯანდაცვა » არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის საკითხებზე საკოორდინაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დღეს, 13:00 საათზე არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართება.

არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის საკითხებზე საკოორდინაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დღეს, 13:00 საათზე არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, სხდომას დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის არაგადამდებ დაავადებათა და სიცოცხლის ციკლის მიმართულების ხელმძღვანელი გაუდენ გალეა.

ასევე, სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, საბჭოს წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, დაინტერესებული პირები.

”არაგადამდები დაავადებები 21-ე საუკუნის გლობალური ჯანმრთლეობის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ამ დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა და ავადობის ტვირთის მზარდი ტენდენცია ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მთავარ ბარიერს წარმოადგენს, მათ შორის საქართველოსთვისაც. ქვეყნის დონეზე არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის გაძლიერებისა და გლობალური სამოქმედო გეგმებისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 8 დეკემბრის № 01-341/ო ბრძანებით შეიქმნა არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ქვეყნის ინტერსექტორალური საკოორდინაციო საბჭო.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების STEPS 2016 კვლევის შედეგები და მდგრადი განვითარების მიზნების, ჯანმრთელობა 2020 და არაგადამდებ დაავადებათა გლობალური მონიტორინგის ჩარჩოს დოკუმენტების მიხედვით შემუშავებული არაგადამდებ დაავადებათა ეროვნული სამიზნეები და ინდიკატორები.

STEPS კვლევის ფარგლებში შესწავლილია სოციო-დემოგრაფიული მონაცემები, ჩვევითი რისკ-ფაქტორები (თამბაქო, ალკოჰოლი, არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა), ფიზიკური გაზომვები (სიმაღლე, წონა, წელისა და თეძოს გარშემოწერილობა, სისხლის წნევა, პულსი), ბიოლოგიური რისკ-ფაქტორები (სისხლში გლუკოზის, ქოლესტეროლის, მაღალი სიმკვრივის ქოლესტეროლის და შარდში მარილისა და კრეტინინის დონე).

საქართველოში პირველი STEPS კვლევა ევროკავშირის დაფინანსებითა და ჯანმო-ს ტექნიკური დახმარებით ჩატარდა 2010 წელს, რომელმაც საშუალება მოგვცა გვქონოდა ბაზისური ინფორმაცია ქვეყანაში არაგადამდები დაავადებებისა და მათი რისკ-ფაქტორების, როგორც ჩვევითი, ასევე ბიოლოგიური, გავრცელების შესახებ. STEPS კვლევის განმეორებითი ჩატარება ჯანმო-ს ტექნიკური და ფინანსური დახმარებით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანადაფინანსებით განხორციელდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის რეგიონში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც საშუალება ეძლევა მეორედ განახორციელოს STEPS კვლევა, უკვე გვაქვს ფასეული მტკიცებულებები არაგადამდები დაავადებებისა და მათი ქცევითი და ბიოლოგიური რისკ-ფაქტორების გავრცელების შესახებ დინამიკაში, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა საზოგადოებრივ ჯანდაცვითი გადაწყვეტილებებისა და ინტერვენციების მოსამზადებლად. ეს უკანასკნელნი კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. STEPS კვლევა უნდა იყოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლისკენ მიმართული ნებისმიერი გადაწყვეტილებების საფუძველი.

გარდა ამისა, საერთაშორისო სტანდარტიზებული მეთოდოლოგიის და ინსტრუმენტის გამოყენება საშუალებას გვაძლევს დინამიკაში დავაკვირდეთ სიტუაციას და ასევე მოვახდინოთ მტკიცებულებებზე დამყარებული შედარებები სხვა ქვეყნებთან.

ღონისძიების მიზანია მოხდეს კვლევის შედეგების დისემინაცია ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასა და პირს შორის, ასევე მასობრივ მედია საშუალებებში, რათა მოხდეს მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდა არაგადამდებ დაავადებათა რისკისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკითხების შესახებ.

აუცილებელია არაგადამდები დაავადებების ძირითადი რისკ–ფაქტორების შემცირებისაკენ მიმართული ეფექტური ინტერვენციების შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურებულია არაგადამდები დაავადებებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილობის წინააღმდეგ მიმართული ინტერვენციების (სახელწოდებით „საუკეთესო შენაძენი“ – “best buy”) ეფექტიანობა და წარმოადგენს საუკეთესო ინვესტიციას. გადაიხედოს და შეიცვალოს სხვადასხვა კანონი თუ კანონქვემდებარე აქტი”-ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

სხდომა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მე-2 სართულზე, დიდ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დოკუმენტი წამლის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლას, სისტემაში არსებული გამოცდილების გაზიარებასა და საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს.

წამლის ხარისხის კონტროლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

წამლის ხარისხის კონტროლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ უკრაინის მედიცინისა და ნარკოტიკების კონტროლის სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს …