მთავარი » ჯანდაცვა » Curatio-ს ბარომეტრი: რესპოდენტთა 81.5% მიიჩნევს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე სამედიცინო მომსახურება გაძვირდა
Curatio 2016 წლის ბოლო 6 თვის ტენდენციებს აფასებს,მერვე ტალღაც დარგის სპეციალისტების მოსაზრებებთან ერთად იყენებს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს.

Curatio-ს ბარომეტრი: რესპოდენტთა 81.5% მიიჩნევს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე სამედიცინო მომსახურება გაძვირდა

Curatio 2016 წლის ბოლო 6 თვის ტენდენციებს აფასებს.

ისევე როგორც წინა ტალღებში, მერვე ტალღაც დარგის სპეციალისტების მოსაზრებებთან ერთად იყენებს საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს, რესპონდენტთა მოსაზრებების განსამტკიცებლად კვლევის მონაწილეები აფასებენ დარგში მიმდინარე წარმატებულ პროცესებსა და არსებულ გამოწვევებს.

კვლევის ძირითადი მიგნებები ასეთია:

  1.  ბოლო 2 წლის მანძილზე ბარომეტრის რესპონდენტები ”C ჰეპატიტის პროგრამის” მიმდინარეობას ჯანდაცვის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად ასახელებენ
  2.  VIII ტალღაში ჯანდაცვის სფეროს შემდეგ მნიშვნელოვან წარმატებად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი ცვლილებები დასახელდა
  3. რიგით მესამე წარმატებად სამედიცინო დაწესებულებების დონეებად განსაზღვრის დაწყება სახელდება.

ჯანდაცვის სფეროს წინაშე დგას გამოწვევებიც, რომლებიც შემდეგი მიმართულებით იკვეთება:

  1. ხარჯთ-ეფექტურობის მიღწევა ჯანდაცვის დაფინანსებაში
  2. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მართვა-ადმინისტრირების კუთხით არსებული ხარვეზები
  3. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინი.

რესპოდენტები შემდეგნაირად აფასებენ სამედიცინო მომსახურების ფასებსა და მოსახლეობის ფინანსურ დაცულობას:

  • 81.5% მიიჩნევს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე სამედიცინო მომსახურება გაძვირდა
  • 59% თვლის, რომ ამ პერიოდში ჯიბიდან გადახდებმა იმატა
  • 89% მიიჩნევს, რომ ბოლო 6 თვეში მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაუარესდა

სპეციალისტთა შეფასებები თანხვედრაშია საქსტატის ოფიციალურ მონაცემებთან, რომლის მიხედვითაც 2016 წლის მანძილზე:

  • ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება გაძვირდა 5.78%-ით
  • საავადმყოფოების მომსახურება კი უმნიშვნელოდ გაძვირდა 0.92%-ით
  • მოსახლეობის ფინანსური დაცულობის გაუარესებაზე მიუთითებს შინამეურნეობების კვლევის მონაცემებიც: 2010 წლიდან 2015 წლამდე 14%-ით არის მომატებული იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯი დაუდგათ.
  • თუმცა, 2015 წელს მოსახლეობისთვის ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯის მოცულობა უფრო ნაკლებია ვიდრე 2010 წელს იყო.

„შინამეურნეობების კვლევის თანახმად განსხვავებულია ჯანდაცვის დანახარჯების ცვლილება სოფლად და ქალაქად 2010 წლიდან 2015 წლამდე: ამ პერიოდში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ჯანდაცვითი ხარჯი უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე მათი შემოსავლები, ქალაქად კი პირიქით, რაც იმაზე მიგვანიშნებს რომ ქალაქის მოსახლეობამ საყოველთაო ჯანდაცვით ალბათ უფრო მეტად ისარგებლა ვიდრე სოფლის მოსახლეობამ.

შინამეურნეობების კვლევით ჯანდაცვაზე დანახარჯის ფორმირებაში მოსახლეობის უღარიბესი ჯგუფის კონტრიბუცია (ჯანდაცვაზე დანახარჯების სახით) 2010 წლიდან 2015 წლამდე 30%- ით არის გაზრდილი, ხოლო უმდიდრესი ჯგუფისთვის – 15%-ით არის შემცირებული.

ბოლო 2 წლის მანძილზე ჯანდაცვით პროგრამებზე სულ დაიხარჯა 254 მლნ ლარით (+17%) მეტი წლის დასაწყისში დაგეგმილთან შედარებით. აქედან საყოველთაო ჯანდაცვაზე სულ დახარჯულია დაგეგმილზე 215 მლნ ლარით (21%-ით) მეტი“, – ვკითხულობთ კვლევაში.

bm.ge

იხილეთ ასევე

დიაგნოზის შესაბამისობა მედიკამენტების დანიშნულებასთან და ორი ქრონიკული დაავადების ქონის შემთხვევაში სწორი სამედიცინო დანიშვნის გამოწერა.

გააკონტროლეთ დიაგნოზის შესაბამისობა მედიკამენტების დანიშნულებასთან

დღეს, 13 ივლისს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის რეგიონის სამედიცინო …