მთავარი » დაზღვევა » კონკურენციის სააგენტომ სადაზღვევო კომპანია უნისონის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო
უნისონის მიერ კონკურენციის სააგენტოში წარმოდგენილი იქნა განცხადება, რომელიც კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტს ეხებოდა.

კონკურენციის სააგენტომ სადაზღვევო კომპანია უნისონის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

2016 წლის 5 ივლისს სადაზღვევო კომპანია „უნისონი“-ს მიერ კონკურენციის სააგენტოში წარმოდგენილი იქნა განცხადება, რომელიც ,,საქართველოს ფოსტის“, ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის“ და ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ჯანმრთელობის დაზღვევის ტენდერებში „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტს ეხებოდა.

განმცხადებლის მითითებით, სადაზღვევო კომპანიებისთვის წაყენებული მაღალკვალიფიციური მოთხოვნები კომპანიების გამოცდილებას და მოზიდული/გამომუშავებული პრემიის მოცულობასთან დაკავშირებით, შემსყიდვლების მხრიდან წარმოადგენდა დისკრიმინაციულ მიდგომას. მოკვლევის პროცესში, სააგენტომ დამატებით განიხილა სატენდერო მოთხოვნები პროვაიდერი კლინიკების რაოდენობასთან დაკავშირებითაც.

“კონკურენციის სააგენტოს მიერ მოპოვებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე აშკარაა, რომ მოზიდული/გამომუშავებული პრემიის მოთხოვნის დაწესებამ ბაზარზე შემზღუდველი ეფექტი მოახდინა. აღნიშნული პირობის ტენდერებში არსებობის შედეგად, სადავო ტენდერებიდან ორში პოტენციურ კონკურენტთა რიცხვი 50%-ით შემცირდა (ბაზრის 10 მოთამაშიდან მხოლოდ 5-ს ქონდა ტენდერში მონაწილეობის მიღების თეორიული შესაძლებლობა), ხოლო მესამეში – კომისიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში – ბაზრის მოთამაშეთა 20%-ს (10 სადაზღვევო კომპანიიდან 2-ს) გაუთანაბრდა.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ „საქართველოს ფოსტა“, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია“ და „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ არ წარმოადგენენ კონკურენციის კანონის მე-10 მუხლით დარეგულირებულ სუბიექტებს.

სახელმწიფო ტენდერებში კონკურენციის საწინააღმდეგო პირობების დადგენა კონკურენციის სააგენტოს მიერ განიხილება, როგორც მე-10 მუხლის დარღვევა. განხილულ ტენდერებში კონკურენციის საწინააღმდეგო პირობების (განსაკუთრებით კი მოზიდული/გამომუშავებული პრემიის მაღალი ზღვრისა და გამოცდილების მოთხოვნის) დაწესება წარმოადგენს დაკვალიფიცირებად ქმედებას, რადგან სახეზეა ბაზარზე მოქმედი რიგი სუბიექტებისათვის სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიეცეთ განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების პროცესში ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით.

ასევე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეთხოვა, შემსყიდველ ორგანიზაციებს დაუგზავნოს კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციები – ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კონკურენტული გარემოს დაცვის მიზნით”,- განმარტავენ სააგენტოში.

გადაწყდა, რომ შემუშავდეს და საქართველოს მთავრობას გადაეგზავნოს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლითაც გათვალისწინებული იქნება არსებული ხარვეზების აღმოფხვრა სახელმწიფო შესყიდვების რეგულირებასთან მიმართებით.

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

სადაზღვევო ინდუსტრია საქართველოს მთავრობის 9 თებრვალს მიღებული #73 დადგენილების შეჩერებას ითხოვს.

სადაღვევო ინდუსტრია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებების შეჩერებას ითხოვს

სადაზღვევო ინდუსტრია საქართველოს მთავრობის 9 თებრვალს მიღებული #73 დადგენილების შეჩერებას ითხოვს. დადგენილება ნებისმიერი ტიპის ჯანმრთელობის …