მთავარი » ჯანდაცვა » მომავალი კვირიდან სილამაზის სალონებს დარღვევების გამო, ჯარიმები დაუწესდებათ
დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ობიექტებს პირველ ეტაპზე გამოსასწორებლად გონივრული ვადა მიეცემათ, შემდეგ კი 50-დან 100-ლარამდე დაჯარიმდებიან.

მომავალი კვირიდან სილამაზის სალონებს დარღვევების გამო, ჯარიმები დაუწესდებათ

დარღვევების გამო სილამაზის სალონები მომავალი კვირიდან დაჯარიმდებიან. თბილისის მერიის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის ცენტრი დედაქალაქში სალონების ოფიციალურ შემოწმებას იწყებს.

ცენტრის დირექტორი ციცო დილებაშვილი “საქმის კურსთან” აცხადებს, რომ უპირველეს ყოვლის, შემოწმდება – დარეგისტრირებულია თუ არა სალონი და თუ ამ დრომდე კომპანიას არ აქვს საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტის სტატუსი, მას 500 – ლარიანი სანქცია დაეკისრება. ამ შემთხვევაში სალონის ინფექციურ დაავადებებზე შემოწმება აღარ გაგრძელდება, თუმცა, თუ იგივე ობიექტი ხელმეორე შემოწმების დროსაც არ იქნება დარეგისტრირებული, ჯარიმა გაორმაგდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე ცენტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს სალონებს, დროულად დარეგისტრირდნენ საჯარო რეესტრში, წინააღმდეგ შემთხვევაში უწყება გაფრთილებით აღარ შემოიფარგლება და პირდაპირ დააჯარიმებს ობიექტებს.

თბილისის მერიის სამსახურის თანამშრომლები მეორე ეტაპზე სილამაზისა და ტატუ სალონებს ინფექციურ დაავადებებზე შეამოწმებენ. ამ მიმართულებით დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ობიექტებს პირველ ეტაპზე გამოსასწორებლად გონივრული ვადა მიეცემათ, შემდეგ კი 50-დან 100-ლარამდე დაჯარიმდებიან.

“თუ სალონი დარეგისტრირებულია, ვიწყებთ შემოწმებას ინფექციის კონტროლის მიმართულებით შედგენილი პროტოკოლების შესაბამისად. სალონებმა უნდა შეძლონ და საკუთარი დაბინძურებული ინსტრუმენტები დაასტერილურონ ისე, რომ ისინი იყოს სრულიად უსაფრთხო მეორე მომხმარებლისთვის – ნახმარი ინსტრუმენტები უნდა გაირეცხოს, შემდეგ მოხდეს დეზინფექცია, შემდეგ კი სტერილიზაცია. ასევე მნიშვნელოვანია, სტერილური ინსტრუმენტების შენახვა შესაბამისად. თუ დარღვევები იქნება აღმოჩენილი, პირველ შემთხვევაში სალონს მიეცემა გონივრული ვადა სიტუაციის გამოსწორებისთვის, მეორე შემთხვევაში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან 50-დან 100-ლარამდე”,- აცხადებს ციცო დილებაშვილი.

მისივე ინფორმაციით, თბილისში სულ 2 ათასამდე რეგისტრირებული სალონია, მერიის შესაბამის სამსახურში კი 43 ადამიანი იმუშავებს სალონების შემოწმების მიმართულებით. ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ოფიციალური შემოწმებების დაწყებამდე, სატესტო რეჟიმში თვეში დაახლოებით 50 სალონი მოწმდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავალდებულო 1 ოქტომბრიდან გახდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1-ლი ოქტომბრიდან, ყველა ის დაწესებულება, რომელიც რეგისტრაციის გარეშე განაგრძობს საქმიანობას, დაჯარიმდება. უწყების ცნობით, სილამაზის სალონების შემოწმება ეტაპობრივად მოხდება.

bm.ge

იხილეთ ასევე

დოკუმენტი წამლის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლას, სისტემაში არსებული გამოცდილების გაზიარებასა და საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს.

წამლის ხარისხის კონტროლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

წამლის ხარისხის კონტროლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ უკრაინის მედიცინისა და ნარკოტიკების კონტროლის სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს …