მთავარი » რეფორმები » საყოველთაო ჯანდაცვა » რა ცვლილებები იგეგმება ჯანდაცვის სფეროში?
რა ბედი ელის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და აეკრძალებათ თუ არა ექიმებს ერთდროულად რამდენიმე კლინიკაში მუშაობა? ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ გადაცემის "პირისპირ" წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ესაუბრა.

რა ცვლილებები იგეგმება ჯანდაცვის სფეროში?

რა ბედი ელის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და აეკრძალებათ თუ არა ექიმებს ერთდროულად რამდენიმე კლინიკაში მუშაობა? ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ გადაცემის “პირისპირ” წამყვანი ირაკლი ჩიხლაძე ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ესაუბრა.

–პირველ რიგში ალბათ მნიშვნელოვანია ის ტერმინი, რომელიც გაჩნდა – სელექტიური კონტრაქტირება. რას ნიშნავს ის? 

ვეცდები განვმარტო. ჩვეულებრივ, სამედიცინო დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ სანებართვო პირობებს იმისათვის, რომ საქმიანობის ლიცენზია ჰქონდეთ და ფორმალურად, თუკი მათ ეს ლიცენზია აქვთ, შეუძლიათ ჩაერთონ ნებისმიერ პროგრამაში. ხშირად სახელმწიფოები აწესებენ უფრო მაღალ სტანდარტს, ვიდრე სანებართვო პირობებია და აწესებენ დამატებით კრიტერიუმებს იმისათვის, რომ ესა თუ ის სამედიცინო დაწესებულება სახელმწიფო პროგრამებში იყოს ჩართული. ეს კრიტერიუმები შეიძლება იყოს მრავალფეროვანი, მაგრამ ხაზგასმულად ყველა მათგანი უნდა იყოს წინასწარ ცნობილი ამ დაწესებულებებისთვის, უნდა იყოს გამჭირვალე, ობიექტური და თვლადი. შინაარსი არის ასეთი. სელექტიური კრიტერიუმების, სელექტიური კონტრაქტირების მიზანი არის უფრო ხარისხიანი და უფრო ხარჯეფექტური სერვისის მიღება.

–გამოდის, რომ ამ რეფორმის ფარგლებში უფრო მაღალხარისხიანი კლინიკები იქნებიან ჩართული და არა ისინი, რომლებიც საშუალო დონეს აკმაყოფილებს? 

შემიძლია რამდენიმე მაგალითი მოგიყვანოთ. კონტრაქტირების ეს მეთოდი რეალურად უკვე დაიწყო წლის დასაწყისიდან და გავრცელდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაწესებულებებზე. მნიშვნელობა რამოდენიმე ფაქტორს აქვს, მაგალითად, წინა წლების განმავლობაში რამდენჯერმე შევამოწმეთ ის თუ რამდენად ჰქონდათ დაცული ინფექციების კონტროლის მწყობრი სისტემა დაწესებულებებს და ერთ-ერთი კრიტერიუმი ეს გახდება; მეორე კრიტერიუმი იქნება – როგორია პაციენტების კმაყოფილება ამ სერვისებით, როგორია საშუალო დაყოვნება. თუ პაციენტის მკურნალობას ჩვეულზე დიდ ხანს აყოვნებენ, ეს ჩვენთვის უკვე კითხვის ნიშანს აჩენს და საბოლოო ჯამში დგება კომპლექსი, რომელსაც ბევრი ქვეყანა იყენებს, მაგალითად, გერმანია, შვეიცარია, აშშ, სადაც არის უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე სანებართვო პირობებია. ერთგვარად ჩნდება ახალი თამასაც ყველა სხვა დაწესებულების მომავალში ჩართვისათვის.

–როდესაც მაღალკვალიფიციური კლინიკები იქნება დომინანტი, გამოდის, რომ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევებისას თუ ჩვენივე სურვილით პირველად კლინიკაში შევდიოდით, ეს ასე აღარ მოხდება? 

დამერწმუნეთ, რომ ეს და არა მარტო ეს ლოგიკა, გათვალისწინებულია. გათვალისწინებულია სხვადასხვა მიდგომები გეგმიური სერვისების მისაღებადაც და ძირითადად ეს შეეხება გეგმიურ სერვისებს. გათვალისწინებულია მიდგომა უახლოესი გადაუდებელი დახმარების მიღება და გათვალისწინებულია რაიონების თავისებურება, სადაც მხოლოდ ერთი სამედიცინო მომწოდებელია. დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ამაზე ბევრი გვაქვს ნამუშევარი და შემთხვევითი გადაწყვეტილება ნამდვილად არ მიგვიღია.

–საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ ერთი და იგივე ოპერაცია სხვადასხვა კლინიკაში სხვადასხვა ფასი ღირს, ზოგან – უფრო მაღალია, ზოგან – შედარებით ნაკლები. ამის რეგულაცია იგეგმება თუ არა და ზღვრული ფასის დაწესება დგას თუ არა დღის წესრიგში?

სახელმწიფოს უკვე დიდი ხანია, კერძოდ 2013 წლის 28 თებერვლიდან აქვს დაწესებული ერთიანი ანაზღაურების სისტემა მიუხედავად იმისა, რა ფასს აწესებს კლინიკის მეპატრონე ან მენეჯმენტი. რა თქმა უნდა, სახელმწიფო განსაზღვრავს ერთიანი განფასების სისტემას. ჩვენ ვიყენებთ რამდენიმე კონკრეტულ მოდელს და სურვილი გვაქვს, რომ ეს მოდელები კიდევ უფრო დაიხვეწოს და კიდევ უფრო მიემართოს სამი ძირითადი ფუნდამენტისკენ, რაზეც ჯანდაცვა დგას, ეს არის ხელმისაწვდომობა, ხარისხი და ღირებულება.

–მესამე საკითხი შეეხება ექიმს, რომელიც რამდენიმე კლინიკაში ერთდროულად მუშაობს. ამ მიმართულებით კონკრეტულ რეგულაციებზე დაიწყო მუშაობა და მათ აღარ ექნებათ შესაძლებლობა დღის პირველ ნახევარში ერთ კლინიკაში მიიღონ პაციენტი და დღის მეორე ნახევარში – მეორე კლინიკაში? 

ასეთ რეგულაციებზე მუშაობა არ დაგვიწყია და არც მომავალში ვგეგმავთ. რა თქმა უნდა სჯობს, რომ ადამიანს, ზოგადად ექიმი იქნება თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელი, ისეთი სამუშაო რეჟიმი ჰქონდეს, რომელიც მის პროდუქტიულ მუშაობასაც უზრუნველყოფს და დასვენებასაც, მაგრამ ექიმებისთვის ეს ხშირად მისაწვდომი არ არის და ეს მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა არ არის, უბრალოდ ამას რაღაც ლოგიკური ზღვარი უნდა ჰქონდეს. თუმცა გიდასტურებთ იმას, რომ რაიმე სახის აკრძალვაზე ან რეგულაციაზე ჩვენ ამ მომენტში არ ვმუშაობთ.

–რამდენად ხშირია ბოლო წლებში პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს  ექიმების მხრიდან გადაცდომები და როგორია შესაბამისი უწყების რეაგირება? 

ჯანდაცვის სისტემას ხარისხის კონტროლისათვის რამდენიმე ინსტრუმენტი აქვს. ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ისტორიულად ყველაზე უფრო ძველია, არის პროფესიული განვითარების საბჭო, როდესაც თვეში ერთხელ იკრიბებიან დარგის აღიარებული სპეციალისტები, წინასწარ შესწავლილი შემთხვევების შესახებ მსჯელობენ და გამოაქვთ თავისი დასკვნები. შემიძლია გითხრათ, რომ ამ განხილული შემთხვევების რაოდენობა და შესაბამისად, გამოტანილი გადაწყვეტილებების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით თანაბარია. ალბათ წელიწადში 200-მდე შემთხვევის განხილვა ხდება და აქედან საშუალოდ 70 შემთხვევაში ექიმები ან იღებენ გაფრთხილებას ან გარკვეული პერიოდით, 1 თვიდან – 6 თვემდე უჩერდებათ საქმიანობის უფლება.

–ასევე მნიშვნელოვანია რეცეპტების საკითხი. მას ძალიან ბევრი სკეპტიკოსი ჰყავდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ის არ გაამართლებდა. დღეს ვიგებთ, რომ ელექტრონული რეცეპტების სისტემის შემოღება იგეგმება. რატომ დადგა ეს დღის წესრიგში, არ გაამართლა იმ მოდელმა, რომელიც გვქონდა? 

ნება მომეცით, რამდენიმე ფაქტს გავუსვა ხაზი. საუბარი იმაზე, რომ რეცეპტების სისტემამ არ გაამართლა, ალბათ მთლად სწორი დეფინიცია არ იქნება, იმიტომ რომ, ეს არის საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკა და აქ რაიმე სპეციფიკური, ქართული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი მოდელი არც კი უნდა იყოს განხილული. ეს უბრალოდ საჭიროა. ეს არის მოცემულობა. რაც შეეხება ელექტრონულ რეცეპტებს, თუ საზოგადოების ნაწილი გაიხსენებს, ჩვენ 2014 წლის სექტემბერში, როდესაც ქაღალდმატარებელი რეცეპტი შემოვიდა, მაშინვე ვთქვით, რომ ეტაპობრივად ვაპირებდით ელექტრონულზე გადასვლას, რადგანაც ამას ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს, როგორც პაციენტისთვის, ასევე ხარისხის კონტროლისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

არსებული რეცეპტების პარალელურად ამოქმედდება ელექტრონული რეცეპტების სისტემა? 

დიახ. გარკვეულ ჯგუფზე უკვე 2014 წლიდან მოქმედებს. კერძოდ ყველაზე მაღალ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებებზე რეცეპტები უკვე ელექტრონულადაა. შარშან სექტემბრიდან რამდენიმე კლინიკაში და რამდენიმე აფთიაქში მიდის პირველი ფაზა და სანამ ბოლომდე არ გადავალთ ამაზე, რაიმეს მკვეთრად შეფერხებას არ ვგეგმავთ. ეს მოხდება პარალელურად, სანამ მთლიანად არ ჩანაცვლდება ქაღალდმატარებელი.

-საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის პირველ ნახევარში მედიკამენტების ფასი 7,2%-ით გაიზარდა. შეუძლია თუ არა სახელმწიფოს მედიკამენტების ფასწარმოების სისტემაში გარკვეული როლის შესრულება, ჩართვა და რაღაც პრევენცია? 

ჩვენთვის მსგავს რეალობაში, როდესაც ფარმაცევტულ ინდუსტრიაში სახელმწიფოს საპირწონე არ არის და სექტორი მთლიანად კერძოა, რაიმე შეზღუდვების შემოტანა მოგებაზე, მოგების ზღვარის დაწესება, კონტრპროდუქტიულია და ეს სამწუხარო გამოცდილება ბოლო წლებში არაერთმა აღმოსავლეთ თანამეგობრობის ქვეყანამ საკუთარ თავზე იწვნია, როდესაც მოგების ზედა ზღვარი დააწესეს და დამერწმუნეთ, თუ კატასტროფული არა, ის შედეგი მიიღეს, რომ მედიკამენტების ძალიან მკვეთრად გამოხატული და ხელოვნურად შექმნილი დეფიციტი გაჩნდა. ამ ფასების რეგულირებას თავისი მიდგომები აქვს, ეს არის კონკურენციის გაზრდა, ეს არის იმ სტანდარტების დაწესება, რომელიც მაქსიმალურად გამჭირვალეს გახდის ამ ინდუსტრიაში ახალი მოთამაშეების შემოსვლას და მაქსიმალური რეაგირება ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობაზე.

-როგორ ხდება კონტროლი და რეგულაცია, რომ ქვეყანაში მედიკამენტი ხარისხიანი იყოს და ფალსიფიცირება არ მოხდეს? ხშირად გავრცელებულა ინფორმაცია მედიკამენტების უხარისხობაზე.

მედიკამენტების ხარისხის კონტროლი რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის თანამიმდევრული აქტორების მწკრივი, რომელიც იწყება მედიკამენტების დასამზადებელი ნედლეულის შესაბამისობის შემოწმებიდან, გრძელდება – საკუთრივ საწარმოო პროცესის შემოწმებით, კერძოდ როგორ ხდება ამ მედიკამენტების განაწილება, შენახვა და მთელი მწკრივის შემოწმება ნედლეულიდან სანამ პაციენტი არ მიიღებს.

ეს არის საკმაოდ კომპლექსური სისტემა.ხშირად მსმენია, რომ სპეციალური ლაბორატორია არ არის და ამიტომაა, რომ ჩვენ არ ვიცით რა მედიკამენტებია. ზუსტი ანალოგი თუ არა, ძალიან კარგი ანალოგია პაციენტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში ლაბორატორიის როლი და მედიკამენტის ხარისხში ლაბორატორიის როლი. ორივეგან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი რამ. კიდევ ერთი მაგალითი – ჩვენ ლაბორატორიულ შემოწმებას ვაკეთებთ როგორც აქ საქართველოში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ასევე 2 წელიწადზე მეტია გერმანიის ლაბორატორიაში ვაგზავნით. თუ საქართველოში არის 5 000-მდე აქტიური ნივთიერება, რომლისგანაც შედგება 15 000-მდე კომერციული მედიკამენტი, ჩვენ შარშან ლაბორატორიულად 2,6% შევამოწმეთ.

მაგალითისთვის, ესტონეთმა შეამოწმა, 2,76%. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ანალოგიური ხარისხის კონტროლის სისტემა გვაქვს, ჩვენ ალბათ მომავალი წლის პირველი ნახევრიდან შევალთ ჯი-ემ-პის სტანდარტებში, რომელზეც მოსამზადებელი პერიოდი ახლა, წლის ბოლოს დამთავრდება და უკვე ეტაპობრივად დაიწყება დანერგვა. ეს არის მთლიანად იმ მწკრივის კონტროლი, იგივე ლოგიკით, როგორც ადამიანის დიაგნოსტიკა და მკურნალობა არ არის მხოლოდ ლაბორატორია, დაახლოებით იგივე ლოგიკა უნდა წარმოიდგინოთ აქაც.

-როდესაც დაანონსდა, რომ ჩემი სტუმარი იქნებოდით, ერთ-ერთი მაყურებლის შეკითხვა მოვიდა. არსებობს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამა, რომლითაც სოციალურად დაუცველები სარგებლობენ და სახელმწიფო ამაზე საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს. რაიმე ცვლილებები ხომ არ იგეგმება ან უკეთესობისკენ, ან პირიქით – ხომ არ გეგმავთ, რომ ხარჯები შემცირდეს? 

ეს პროექტი, რომელიც წელს 1 ივლისს დაიწყო, ბევრი რამით იყო მნიშვნელოვანი. პირველი არის ის, რომ ვეცადეთ რეაგირება გაგვეკეთებინა იმაზე, რაც არის ჩვენი ჯანდაცვის ყველაზე უფრო გამოკვეთილი სუსტი წერტილი. მოკლედ, მედიკამენტი მკურნალობის განუყოფელი ნაწილია და სტაციონარული მკურნალობის ან გადაუდებელი ამბულატორიის შემთხვევაში სახელმწიფო აფინანსებს ამას. აქ ლაპარაკია მედიკამენტზე, რომელიც პაციენტმა სამკურნალო დაწესებულების გარეთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნდა მიიღოს. ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე უფრო გავრცელებული ქრონიკული დაავადებები, რომელიც საჭიროებების თითქის 70%-ს ფარავს და შევარჩიეთ გარკვეული ჩართულობის კრიტერიუმები. დღეის მდგომარეობით 11 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ამ პროგრამით, თუმცა ჩვენი მოლოდინები კიდევ უფრო მაღალია.

გადაწყვეტილების მისაღებად ჩვენ შეიძლება გვქონდეს სამი თეორიული ვარიანტი: პირველი – ვტოვებთ, როგორც არის; მეორე – ვაფართოებთ მოსარგებლეების ჩართულობის კრიტერიუმებს და მესამე – ვაფართოებთ მედიკამენტების ჩამონათვალს. იმისათვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ, პროექტის დაწყებიდან მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს გასული. წლის ბოლოს ჩვენ გვექნება საშუალება სწორად შევაფასოთ და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება შემდგომ გაგრძელებაზე.

–თამბაქოს კონტროლის გეგმის შემუშავებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და თუ შეგიძლიათ გვითხრათ რა სახის ცვლილებები განიხილება? 

ზოგადად, თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა და სტრატეგია არის ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის დამახასიათებელი ერთ-ერთი საკვანძო რამ. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია პირველ რიგში ნახულობს, არის თუ არა ქვეყანაში ქმედითი, ხაზს ვუსვამ – ქმედითი, თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა. ის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა სულ რამოდენიმე თვის წინ მიიღო, მომავალი წლიდან ეტაპობრივად ამუშავდება და თავის თავში მოიცავს ცალსახა ინტერვენციებს, როგორიცაა სრული აკრძალვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, შესაბამისი ჯარიმებით; როგორიცაა თამბაქოს კოლოფის შეფუთვების გაერთგვაროვნება, როდესაც ზედ ბრენდი არ გამოჩნდება და შესაბამისი პიქტროგრამები და სურათები იქნება. დადასტურებულია, რომ ეს მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოს მოწევის დაწყების მსურველთა რაოდენობას და ზრდის მასზე თავის დანებების რაოდენობას. ანუ, ზიანის შემცირების ფაქტორი ძალიან დიდია.

–ანუ, ცდილობთ საქართველოს მოქალაქეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ უბიძგოთ? 

დამერწმუნეთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ცარიელი სიტყვები არ არის.

imedinews.ge

იხილეთ ასევე

დღეიდან ძალაში შევიდა რეფორმების რიგით მე-3 მნიშვნელოვანი ეტაპი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა იყოს სწორად ინფორმირებული.

დიფერენცირებული პაკეტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შევიდა რეფორმების რიგით მე-3 მნიშვნელოვანი ეტაპი …