მთავარი » ჯანდაცვა » პარლამენტი » საპენსიო სისტემა რევოლუციურ შედეგებსა და ეკონომიკისათვის არნახულ წინსვლას მოიტანს
რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის მეოთხე მიმართულების ფარგლებში, მომავალი წლის მესამე კვარტლიდან, საპენსიო სისტემისა და კაპიტალის ყოვლისმომცველი რეფორმაც იგეგმება.

საპენსიო სისტემა რევოლუციურ შედეგებსა და ეკონომიკისათვის არნახულ წინსვლას მოიტანს

“ფერერო” საქართველოსათვის საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის არა ერთ-ერთი, არამედ, ალბათ ყველაზე ეფექტური მაგალითია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფერეროს სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა, სიტყვით გამოსვლისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაზე:

“ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ მოთხოვნაზე ორიენტირებული უმაღლესი განათლების სისტემა. ამასთან, მიზნად ვისახავთ, პროფესიული განათლების სასარგებლოდ შევცვალოთ ძალიან არაჯანსაღი განსხვავება უმაღლესი განათლებისა და პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობას შორის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რეფორმების მეორე მიმართულება, რომელიც ქვეყნის სივრცით განვითარებას გულისხმობს, პრემიერის თქმით, ოთხ წელიწადში აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი ტრასებისა და ყველაზე აქტუალურ ტურისტულ წერტილებამდე მიმავალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გზების აშენებას ითვალისწინებს.

მესამე მიმართულება მმართველობითი სისტემის რეფორმას, კერძოდ, დაინტერესებულ პირთა ტიპების მიხედვით ინკლუზიური პლატფორმების შექმნას გულისხმობს.

მეოთხე მიმართულება, სადაც, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგები, საგადასახადო სისტემის რეფორმაა. კერძოდ, დაინერგა მოგების გადასახადის ესტონური მოდელი.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის მეოთხე მიმართულების ფარგლებში, მომავალი წლის მესამე კვარტლიდან, საპენსიო სისტემისა და კაპიტალის ყოვლისმომცველი რეფორმაც იგეგმება.

“შედეგად, 3-4 წელიწადში მივიღებთ მოქმედ საპენსიო სისტემას, რომელსაც შეეძლება ადგილობრივი საინვესტიციო კაპიტალის სახით რამდენიმე ასეული მილიონის წარმოება და ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი ამ თანხის ათვისებას სრულად შეძლებს. ეს ბაზარი დაუკავშირდება მოწინავე ევროპულ პლატფორმას.

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი იქნება სრულიად ხელშესახები და გამოყენებადი გლობალურ ქსელში. ეს არის უმნიშვნელოვანესი სისტემური რეფორმა, რომელიც არსებული ტექნოლოგიური და პროგრამული სისტემების კომბინაციას ისახავს მიზნად. ის რევოლუციურ შედეგებსა და საქართველოს ეკონომიკისათვის არნახულ წინსვლას მოიტანს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

bm.ge

იხილეთ ასევე

სამედიცინო დაწესებულებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდება ყველა შემთხვევაში მოუწევთ, თუ საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას

კლინიკებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდება ყველა შემთხვევაში მოუწევთ

კანონპროექტის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდება ყველა შემთხვევაში მოუწევთ, თუ საქმე ეხება ადამიანის …