მთავარი » ჯანდაცვა » საქართველოში B ტიპის ვირუსის გავრცელებას ელოდებიან
საქართველოში B ტიპის ვირუსის გავრცელებას ელოდებიან

საქართველოში B ტიპის ვირუსის გავრცელებას ელოდებიან

ექიმების პროგნოზით, საქართველოში, სავარაუდოდ, გრიპის ახალი ვირუსი გავრცელდება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ჯერჯერობით B ტიპის ვირუსის ლაბორატორიული და დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მედიკოსების აზრით, ევროპაში გავრცელებული ვირუსული ინფექცია შესაძლოა ჩვენთანაც მალე გავრცელდეს. თემაზე „მაესტროს” კითხვებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა უპასუხა.

პირველ რიგში, საინტერესოა რა სიმპტომები აქვს, როგორია კლინიკა B ტიპის ვირუსის და როგორი გამოუვლინდებათ ის პაციენტებს, თუ ვირუსი შეხვდათ? 

უპირველეს ყოვლისა, ალბათ, მოქალაქეები უნდა დავამშვიდოთ, რომ B გრიპის ვირუსი სულაც არ არის რაიმე  ახალი. ეს არის ჩვეულებრივი სეზონური გრიპის ვირუსი, რომელიც ამჟამად ცირკულირებს უპირატესად ევროპის რეგიონში. უპირატესი ცირკულაცია გამოვლინდა დასავლეთ ევროპის, სამხრეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყანებში და რა თქმა უნდა, ეს სეზონური თავისებურებაა, რომ თავისებურად ოდესმე გაჩნდება საქართველოშიც, გრიპით ავადობა მიაღწევს მაქსიმალურ ნიშნულებს და შემდგომ ისევ შემცირდება. ამჯერად, გრიპის არანაირი ცირკულაცია საქართველოში ჯერჯერობით დადგენილი არ გვაქვს. რაც შეეხება სიმპტომატიკას, ეს არის ჩვეულებრივი გრიპი, რომელიც მიმდინარეობს ძალიან ჩვეულებრივად და როგორც ჩვეულებრივ, მთავრდება სრული გაჯანსაღებით იმ ადამიანებში, რომლებიც ავად ხდებიან. უბრალოდ, განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები მართებთ იმ ადამიანებს, რომლებიც მიეკუთვნებიან გართულებების მაღალი რისკის კატეგორიას. ესენი არიან: უპირველეს ყოვლისა, მცირე ასაკის ბავშვები, ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, ორსულები. უბრალოდ ისინი დროულად და ადრეულ ეტაპზე თუ მიმართავენ ექიმს და ჩაიტარებენ სპეციალიზებულ მკურნალობას, რასაც ექიმი დანიშნავს, ამ შემთხვევაშიც ძირითად უმრავლესობაში შემთხვევები დასრულდება სრული განკურნებით ყოველგვარი გართულების გარეშე.

როდისთვისაა მოსალოდნელი ამ ვირუსის გავრცელება საქართველოში? რამდენად ცნობილია და დადასტურებულია თუ არა, რომ ბოლო დღეებში მონაცემები არ შეცვლილა და საქართველოში ამ ვირუსით დაინფიცირების არც ერთი ფაქტი არ არის აღრიცხული? 

ჯერერობით არ არის აღრიცხული ვირუსის ცირკულაცია საქართველოში. ზედამხედველობა მიმდინარეობს მუდმივ რეჟიმში, რაც ნიშნავს იმას, რომ მუდმივად ხდება გარკვეული შემთხვევების ლაბორატორიული კვლევა და ზუსტი ინფორმაცია გვექნება მუდმივად, გამოჩნდება თუ არა ვირუსი ქვეყნის ტერიტორიაზე. გამოჩენის შემთხვევაში ინფორმირებული იქნება საზოგადოებაც ზოგადად და ასევე სამედიცინო პერსონალი, რომელსაც ეცოდინება ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს.

რა განსხვავებაა იმ არსებულ ვირუსს, რომელიც გავრცელებულია ზამთრის სეზონზე საქართველოში და B ტიპის ვირუსს შორის? 

როგორც გითხარით, B ტიპი უბრალოდ ჰქვია გრიპის ერთ-ერთ ვირუსს. ამჯერად გრიპის არანაირი ვირუსი არ ცირკულირებს საქართველოში. ამჟამად, რაც ჩვენთვის ცნობილია, ცირკულირებაშია ოთხი, ხუთი ტიპის სხვადასხვა ვირუსი, რომელიც იწვევს რესპირაციული სიმპტომებით მიმდინარე დაავადებას. რეალურად, ადამიანისათვის, რომელიც ავად ხდება, პრაქტიკული განსხვავება არ აქვს რომელი ვირუსი აზიანებს მას. ის ამ შემთხვევაში ავად არის და დაავადების შემთხვევაში უნდა ჩაატაროს ჩვეულებრივი სტანდარტული ღონისძიებები იმისთვის, რომ არ გაავრცელოს დაავადება და არ გადასდოს მის გარშემო ჯანმრთელ მოსახლეობას და ასევე იგივე, მიმართოს დროულად ექიმს, რომ თავიდან რაიმე შესაძლო გართულება აირიდოს.

მკურნალობის კურსთან დაკავშირებით რეკომენდირებულია იგივე,  მაგალითად სითხეების მიღება, რა თქმა უნდა ექიმის მეთვალყურეობით? რაიმე განსაკუთრებული სახის პრეპარატების მიღება ხომ არ არის საჭირო ამ ტიპის ვირუსის დროს? 

გრიპის ვირუსის გავრცელების შემთხვევაში, როგორც უკვე გითხარით, შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობა დასრულდება სრული გაჯანსაღებით ერთ კვირაში ყოველგვარი სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების გარეშე. ასეთი შემთხვევები იმართება ჩვეულებრივ იგივე ჭარბი სითხეების მიღებით, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი პრეპარატებით, თუ ამის საჭიროება არსებობს. იშვიათ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს თანმხლებ ქრონიკულ დაავადებას, ან ადამიანი მიეკუთვნება გრიპის გართულების მაღალი რისკის კატეგორიას, რომელიც განსაზღვრულია ექიმის მიერ, ამ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სპეციალური ანტივირუსული პრეპარატების დანიშვნა და ამ დანიშვნას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

ხომ არ გაქვთ სტატისტიკა და მონაცემები ვირუსულ დაავადებებთან დაკავშირებით სეზონზე? რამდენად ნორმის ფარგლებში ჯდება ვირუსული დაავადებების აღრიცხული ფაქტები? 

ასეთ სტატისტიკას ცენტრი ზედამხედველობის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ყოველკვირეულად აწარმოებს და შემიძლია გითხრათ, რომ გრიპის მაგვარი დაავადებებით ამბულატორიული ან პოლიკლინიკური მიმართვიანობა არის ჩვეული ნორმის ფარგლებში, რაც შეესაბამება წლის ამ პერიოდს, რომელიც ასეთი ტემპერატურებით გამოირჩევა. მისი მატება, როგორც წესი, დაკავშირებულია ხოლმე შემდგომ გრიპის ვირუსის გაჩენასთან და ვინაიდან ახლა გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, შესაბამისად ეს ავადობაც არ არის მომატებული.

imedinews.ge

იხილეთ ასევე

თბილისში 1000 ლარამდე სამედიცინო მომსახურებას გამგეობები, ხოლო 1000 ლარზე მეტს თბილისის მერია დააფინანსებს.

1000 ლარამდე სამედიცინო მომსახურებას გამგეობები, ხოლო უფრო მეტს მერია დააფინანსებს

თბილისში 1000 ლარამდე სამედიცინო მომსახურებას გამგეობები, ხოლო 1000 ლარზე მეტს თბილისის მერია დააფინანსებს. საუბარია სხვადასხვა …