მთავარი » სოციალური » სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, საბავშვო ფესტივალი “პატარა ხელებით“ გაიმართა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ორგანიზებული, ბავშვთა შემოქმედების ფესტივალის “პატარა ხელებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, საბავშვო ფესტივალი “პატარა ხელებით“ გაიმართა

განახლებული აღმაშენებლის გამზირზე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ორგანიზებული, ბავშვთა შემოქმედების ფესტივალის “პატარა ხელებით“ დასკვნითი ღონისძიება  გაიმართა.

გამოფენა-გაყიდვაზე ბაღების აღსაზრდელთა მიერ შექმნილი ნამუშევრები იყო გამოფენილი, რომლებიც უამრავმა დამთვალიერებელმა შეიძინა და ამ გზით თითოეული მათგანი საქველმოქმედო აქციის მონაწილე გახდა. ექსპონატების გაყიდვიდან შემოსული თანხა საქართველოს სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება და ის სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობასა და დიაგნოსტიკას მოხმარდება.

გამოფენა-გაყიდვას თბილისის მერი დავით ნარმანია შვილებთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული აქცია ძალიან მნიშვნელოვანია და მას ანალოგი არ აქვს, რადგან პატარები, თავიანთი პატარა ხელებით შექმნილი ნამუშევრებით ეხმარებიან თანატოლებს.

“აქ წარმოდგენილი ექსპონატების გაყიდვიდან შემოსული თანხა სიმსივნით დაავადებული ბავშვების განკურნებას მოხმარდება. ჩვენი, როგორც დიდების ვალია, რაც შეიძლება მეტი ნამუშევრები შევიძინოთ, რათა მეტი რესურსი იქნას მობილიზებული და უფრო მეტ პატარას დავეხმაროთ“, -განაცხადა დავით ნარმანიამ.

გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, ახალ ტფილისში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შოუ-კონცერტიც გაიმართა. ღონისძიებაზე მოსული სტუმრების გამხიარულებაზე კი პანტომიმის თეატრის მსახიობებმა და ანიმატორებმა იზრუნეს. ფესტივალის ფარგლებში, დამთვალიერებლებსა და წიგნის მოყვარულებს თავისი პროდუქცია, უპრეცედენტო ფასდაკლებით, ღონისძიების ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, გამომცემლობა “პალიტრა ელ“-მა შესთავაზა.

საფეხმავლო ქუჩაზე, თბილისის ათი რაიონის მიხედვით, ათი სტენდი გამოიფინა, სადაც რაიონებში მოქმედმა საჯარო ბაღებმა საკონკურსო ტურების შედეგად შერჩეული ნამუშევრები გამოფინეს. “პალიტრა ელის“ წარმომადგენლებმა თითოეული რაიონის საგამოფენო კუთხიდან ფავორიტი ნამუშევარი შეარჩიეს და მათი ავტორები წიგნების სასაჩუქრე ნაკრებით დააჯილდოვეს.

კიდევ ერთი მხიარული სანახაობა საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა აღმაშენებლის N21-თან გამართეს, სადაც პატარა მზარეულების კუთხე იყო მოწყობილი. ბავშვებმა ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს მათ მიერ დამზადებული ტკბილეული შესთავაზეს.

pia.ge

იხილეთ ასევე

24 წლის თეონა ნუცუბიძის დასახმარებლად ახლობლები და ოჯახის წევრები გაერთიანდნენ. თეონა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას საჭიროებს.

24 წლის გოგო ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო საზოგადოების მხარდაჭერას საჭიროებს

24 წლის თეონა ნუცუბიძის დასახმარებლად ახლობლები და ოჯახის წევრები გაერთიანდნენ. თეონა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას საჭიროებს. …