მთავარი » შრომა » უწყებებს შორის საერთო პოზიციის არქონის გამო, შრომის ინსპექცია არ არის ეფექტიანი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შრომის ინსპექციის განვითარების პროცესები შეისწავლა და გამოავლინა, რომ აღნიშნულ მექანიზმთან დაკავშირებით პასუხისმგებელ უწყებებს საერთო პოზიცია არ აქვთ.

უწყებებს შორის საერთო პოზიციის არქონის გამო, შრომის ინსპექცია არ არის ეფექტიანი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შრომის ინსპექციის განვითარების პროცესები შეისწავლა და გამოავლინა, რომ აღნიშნულ მექანიზმთან დაკავშირებით პასუხისმგებელ უწყებებს საერთო პოზიცია არ აქვთ.

აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ კოორდინირებული პოზიციის არარსებობის გამო, შრომის ინსპექციას არ აქვს ადეკვატური უფლებამოსილებები.

“შრომითი უფლებების დაცვის ძირითადი მექანიზმის ამ ფორმატში არსებობა ნეგატიურად აისახება ქვეყანაში დასაქმებულთა შრომითი უფლებების რეალიზების ხარისხზე. ეს კი აფერხებს სამინისტროს მიერ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დროულად და სათანადოდ შესრულებას. დავის მოგვარების ძირითადი საშუალებაა სასამართლო, რომელიც ხანგრძლივ პროცესებთან და დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. აღნიშნული კიდევ უფრო ზრდის შრომის ინსპექციის ნაკლოვანებების ნეგატიურ ეფექტებს”, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.

2017 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტების პაკეტი, რომლის თავდაპირველი ვერსია უფლებას მისცემდა შრომის ინსპექციას, დამსაქმებელი გაეკონტროლებინა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღნიშნა, რომ მოცემულ ეტაპზე მიზანშეწონილი არ იყო აღნიშნული ცვლილების განხორციელება, რადგან მსგავსი ხასიათის კონტროლი უარყოფითად აისახებოდა ბიზნეს-გარემოზე და დამატებით ბარიერებს შეუქმნიდა მეწარმეებს.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა ისიც, რომ შრომით უფლებაზე მოსახლეობის ინფორმირების მხრივ, სამინისტროს არ აქვს განსაზღვრული კომუნიკაციის სტრატეგია და კონკრეტული აქტივობები.

“აღნიშნული პრაქტიკა ხელს არ უწყობს დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებას საკუთარ შრომით უფლებებთან და მათი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს შრომით ურთიერთობებში საჭირო ბალანსის მისაღწევად”.

აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ არსებულ ინსპექციას არ აქვს ისეთი მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები, როგორებიცაა: შრომის უფლებების სრული სპექტრის შემოწმება, სამუშაო ადგილზე დამსაქმებლის წინასწარი ნებართვისა და გაფრთხილების გარეშე ვიზიტი და შესაბამისი სანქციების დაწესება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ინსპექციის შეზღუდული უფლებამოსილებები შეუძლებელს ხდის შრომით ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი კანონშეუსაბამობების გამოვლენასა და აღკვეთას.

Human Rights Watch-ის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ყოველ წელს ათეულობით მუშა იღუპება და ასობით შავდება საწარმოო ინციდენტების შედეგად.

on.ge

იხილეთ ასევე

„შრომის უფლებები საქართველოში - ცვლილებების დღის წესრიგი“ - ამ სახელწოდების კონფერენციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო.

კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით “შრომის უფლებები საქართველოში – ცვლილებების დღის წესრიგი“

„შრომის უფლებები საქართველოში – ცვლილებების დღის წესრიგი“ – ამ სახელწოდების კონფერენციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური …