მთავარი » მსოფლიო » „მაიმუნის ყვავილი“ ახალ თვისებებს ავლენს – ადამიანებისგან ძაღლი დაინფიცირდა

„მაიმუნის ყვავილი“ ახალ თვისებებს ავლენს – ადამიანებისგან ძაღლი დაინფიცირდა

მსოფლიოში დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, როდესაც მაიმუნის ყვავილი ადამიანიდან ძაღლს გადაედო. კვლევას ჟურნალი The Lancet-ი აქვეყნებს.

შესაბამისად, კვლევამ დაადასტურა, რომ ვირუსი შეიძლება გადაედოს არა მხოლოდ ადამიანიდან ადამიანს, არამედ – შინაურ ცხოველსაც.

შემთხვევა იტალიაში დაფიქსირდა. ძაღლს პირველი სიმპტომები 13 დღის შემდეგ გაუჩნდა მას შემდეგ, რაც მაიმუნის ვირუსი მის პატრონებს დაუფიქსირდათ. ცხოველის სხეულზე წყლულოვანი დაზიანებები გაჩნდა.

სექვენირებამ აჩვენა, რომ ძაღლს მაიმუნის ვირუსის ზუსტად ის შტამი ჰქონდა, რომელიც მსოფლიოში 2022 წლის მაისიდან აქტიურად ვრცელდება და რომელიც მის პატრონებს დაუფიქსირდათ. შესაბამისად, გადადების სხვა წყარო გამოირიცხა.

იტალიური მწევრის პატრონების თქმით, ძაღლს მათთან ხშირად სძინავს, თუმცა მას შემდეგ, რაც ვირუსი დაუდასტურდათ, ცხოველთან კონტაქტი შეზღუდეს.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მართალია, ჯერჯერობით არ დადასტურებულა შინაური ცხოველების მიერ ადამიანების დაინფიცირების შემთხვევები, თუმცა ისინი შესაძლოა იყვნენ ვირუსის გამავრცელებლები. მაგალითად, მანამდე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ვირუსი ადამიანს მდელოს ძაღლისგან (ე.წ. ძაღლთაგვა) გადაედო.  ენდემურ ქვეყნებში კი გარეული ცხოველები ხშირად არიან ვირუსის გადამტანები.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ვირუსის სწრაფი გავრცელების პირობებში, აუცილებელია ახალი ზომების მიღება, მათ შორის შინაური ცხოველების იზოლაცია ინფიცირებული ადამიანებისგან.

ამ ეტაპზე მაიმუნის ყვავილი მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი. ინფიცირებულია 35 ათასზე მეტი ადამიანი, მათგან 12 გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე

ზაზა წერეთელი: “XBB.1.5 -ით გამოწვეული ტალღა შეიძლება დაემსგავსოს წინა და სახიფათო მწვერვალებს”

ომიკრონის ახალი ქვევარიანტით XBB.1.5 -ით გამოწვეული ტალღა შეიძლება დაემსგავსოს წინა და სახიფათო მწვერვალებს, როგორიც იყო …