მთავარი » ჯანდაცვა » სასწრაფო დახმარება სასწრაფო დახმარების მოლოდინში
ავარიული შენობის დიდ ნაწილს, სადაც ჩოხატაურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურია განთავსებული, სახურავი არ აქვს. ოთახები პერსონალისთვის ავარიულია.

სასწრაფო დახმარება სასწრაფო დახმარების მოლოდინში

ადამიანებს, რომლებზეც დღეს უნდა გიამბოთ, ყველა იცნობთ _ დარში და ავდარში, ქარში, წვიმაში თუ მზეში, 24 საათის განმავლობაში ჩოხატაურის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები მზად არიან, თითოეულ ჩვენგანს დაეხმარონ.

ჩოხატაურიდან რამდენიმე კილომეტრზე, ზოგჯერ, წნევის ან სიცხის გასაზომადაც კი ასულან, თუმცა, ამის გამო მათგან საყვედურებს ვერ მოისმენთ. ისინი ხმამაღლა არც მძიმე პირობების შესახებ ყვებიან, რაც მათი ყოველდღიურობაა. იმ პრობლემებს კი, რომლებიც წლების მანძილზე იყრიდა თავს, ერთი მარტივი სახელი აქვს _ უყურადღებობა. დიახ, ყურადღებიანი და პროფესიონალი ექიმები სახელმწიფოს მხრიდან, დიდი ხანია, უყურადღებოდ არიან მიტოვებულები.

ავარიული შენობის დიდ ნაწილს, სადაც ჩოხატაურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურია განთავსებული, სახურავი არ აქვს. ოთახები, სადაც მედპერსონალი იმყოფება და ღამეს ათევს, ავარიულია, ოთახებში ზოგჯერ წყალიც ჩადის. საპირფარეშო, ხელსაბანი, ფანჯრები, იატაკი _ ამ შენობაში თითქმის არაფერი ვარგა.

_ სულ არ გვაწვიმს, მაგრამ თუ სახურავზე წყალი გაიჭედა, მაშინ წვიმა პირველ სართულზეც კი ჩამოდის, _ გვიყვება სამსახურის უფროსი ზოია კუჭავა და მათ კედლებდაბზარულ ოთახებს გვათვალიერებინებს.

_ “პატარა რემონტი” გვინდა, _ გვეუბნება სამსახურის ხელმძღვანელი, რომელიც რემონტს დიდი ხანია, ითხოვს.

მისივე თქმით, მათი პრობლემების შესახებ ხელმძღვანელობა საქმის კურსშია და თანამშრომლებიც დაიმედებულნი არიან.

კითხვაზე _ რამდენი ხანია ამ იმედით მუშაობენ, ასე გვპასუხობს: _ ახლა განსაკუთრებულად, და საერთოდაც, იმედით ვცხოვრობთ.

სასწრაფო სამედიცინო სამსახური, სამშობიაროს ყოფილ შენობაში 2005 წლიდანაა განთავსებული. ზოია კუჭავას თქმით, თავიდან ფართი გარემონტებული იყო, თუმცა, დროთა განმავლობაში რემონტი გაფუჭდა. აღსანიშნავია, რომ ავარიულ შენობასთან ერთად, ავარიულია ინვენტარიც. ძველი, როგორც ჩვენში იტყვიან, “დენიკინის დროინდელი” საწოლები სახელდახელოდაა გამაგრებული. იგივე მდგომარეობაშია მაგიდები და სკამები.

_ ჩვენი ხელმძღვანელობა გვეხმარება. ინვენტარიც აქვთ შეძენილი, თუმცა, რემონტს ელოდებიან,_ ამბობს ზოია კუჭავა.

მისივე თქმით, შეთანხმების საკითხია, ვინ გაარემონტეს ოთახებს _ ჯანდაცვის სამინისტრო თუ ადგილობრივი თვითმმართველობა.

ზოია კუჭავას თქმით, შენობა ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზეა არ არის, რაც პრობლემებს კიდევ უფრო ართულებს.

_ უარეს პირობებშიც ვყოფილვართ, მაგრამ მაინც ვმუშაობთ. თუ შენობას გაგვირემონტებენ და უკეთეს პირობებს შეგვიქმნიან, ამას რა ჯობს?!. მთავარია, რომ სითბო გვაქვს და დანარჩენს თქვენც ხედავთ _ ყველაფერი ამორტიზირებული და ძველია. თუმცა, მაინც ერთი წუთით არ ვაგვიანებთ გასვლას, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ექიმმა პოლინა დგებუაძემ.

მისივე თქმით, სასწრაფო სამედიცინო სამსახურს ახალი მანქანები ჰყავს, რაც დიდი შენაძენია, თუმცა, პრობლემები ამ კუთხითაც არსებობს:

_ კარგი მანქანები გვყავს, თუმცა, სოფლებში გასვლა რთულია _ დაბალი გამავლობის მანქანებია და ყველგან ვერ დადის. განსაკუთრებით, თოვლში გვაქვს პრობლემები. როცა “უაზები” გვყავდა, ყველგან მივდიოდით, ამ მანქანებით ძალიან გვიჭირს, _ დასძინა დგებუაძემ.

როგორც “გურია ნიუსს” სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში უთხრეს, ამის გამო ყოფილა ბევრი შემთხვევა, როცა კილომეტრები ფეხით გაუვლიათ, მათ შორის, თოვლშიც.

ექიმების თქმით, მედიკამენტების პრობლემა არ აქვთ და მოსახლეობის დახმარებაში ამ მხრივ ხელი არ ეშლებათ.

აღსანიშნავია, რომ მათ ხშირად უბრალოდ, ნემსის გასაკეთებლადაც კი იძახებენ. განსაკუთრებით ქრონიკული ავადმყოფები, რომელთა პირადობის ნომრები ზეპირადაც კი იციან:

_ ვთქვათ, დღეში 8 გამოძახება გვაქვს, აქედან 3-4 აუცილებელია, მაგრამ ხშირად ძალიან უბრალო რამეზე გვეძახიან. მაგალითად, ღამის სამ საათზე იმისთვის გამოვუძახებივართ, რომ “გვერდებში მოგვესმინა” ან სიცხე გაგვეზომა. რამდენჯერმე დაურეკავთ და წამლის მიტანაც კი უთხოვიათ. ბევრია ასეთი გამოძახება, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ ყველა გამოძახებაზე გავიდეთ და გავდივართ კიდეც.

ვეკითხებით ცენტრალურ ოფისს, რეგისტრატორებს და ცვლის უფროსებს, რომ გვაქვს ასეთი გამოძახებები და რა ვქნათ, მაგრამ პასუხი ისაა, რომ უნდა მივიდეთ. ქრონიკულ ავადმყოფებს ყველას ვიცნობთ. მაგალითად არის პაციენტი, რომელსაც დღეში ერთი ანალგინი აქვს გასაკეთებელი და ყოველდღე სასწრაფოს იძახებს. ამ კატეგორიის ადამიანების პირადი ნომრებიც კი ზეპირად ვიცით, _ აღნიშნავენ ექიმები ჩვენთან საუბრისას.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც ჩოხატაურის სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლების აწუხებთ, მისამართებია:

_ 112 მაინც ორიენტირებულია ქალაქზე, სადაც მისამართს ადვილად შეიძლება მიაგნო. ჩვენთან კი მისამართზე არაფერი არ მოიაზრება. თითქმის არავინ იცის პაციენტის ზუსტი მისამართი. ეს პრობლემა დაბაშიცაა _ მისამართს რომ მოგცემენ, მიხვალ და არც ქუჩა აწერია და არც ნომერი. რა აზრის აქვს ასეთი მისამართის მოცემას?! ეს რამენაირად უნდა დარეგულირდეს. დიდ სოფელს რომ მიადგები შუაღამისას, როგორ უნდა მოძებნო მხოლოდ სახელით და გვარით პიროვნება?! _ამბობენ ექიმები.

მათივე თქმით, ამ მიზეზით გამოწვეული დაგვიანება ხშირად ხდება პაციენტის ოჯახის და ექიმების კონფლიქტის მიზეზი. ექიმები მოსახლეობას თხოვენ, რომ გამოძახების დროს უფრო კონკრეტული მისმართი მიაწოდონ 112-ს:

_ ან რაიმე ღირსშესანიშნავი ადგილის, ან რაიმე ისეთის მითითება, რომ შევძლოთ დროულად მიგნება, _ დასძენენ ექიმები.

gurianews.com

იხილეთ ასევე

„ფაიზერის“ ფირმის ვაქცინით იმუნიზაცია საქართველოს 7 კლინიკაში დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაციის …