მთავარი » ჯანდაცვა » საშიში ჰაერი
დაბინძურებული ჰაერი ადამიანის ჯანმრთელობისათვის ერთ-ერთ უმთავრესი საფრთხეა. ეს ყოველწლიურად დაახლოებით ორ მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი ხდება.

საშიში ჰაერი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების  მიხედვით, ჰაერის დაბინძურება  ადამიანის ჯანმრთელობისათვის ერთ-ერთ უმთავრესი საფრთხეა. ეს პრობლემა მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით ორ მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი ხდება.

ჰაერის მნიშვნელოვანი დამაბინძურებლებია  მტვრის მყარი ნაწილაკები, ნახშირბადის  მონოქსიდი, ოზონი, აზოტის დიოქსიდი და გოგირდის  დიოქსიდი.

მხოლოდ მტვრის  ნაწილაკების მუდმივი ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებების, ასევე ფილტვის კიბოს განვითარების რისკს აძლიერებს.

სულფატები, ნიტრატები, ამიაკი, ნატრიუმქლორიდი, ნახშირბადი, მინერალური მტვერი და წყალი – მტვრის მყარი ნაწილაკების კომპონენტებია. ნებისმიერ სხვა დამაბინძურებელზე მეტად ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას  სწორედ მტვრის ნაწილაკები ახდენს.

ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასებისა და ნორმირებისათვის მტვრის მყარი ნაწილაკების დიფერენციაცია ფრაქციებად ხდება, მათი აეროდინამიკური დიამეტრის ზომის შესაბამისად. ყველაზე საშიშად PM10 და PM2.5 ნაწილაკები მიიჩნევა, რადგან მათ შესწევთ უნარი, შეაღწიონ ბრონქიოლების პერიფერიულ უბნებში და ხელი შეუშალონ ფილტვებს შიგნით ჰაერის მიმოცვლას.

კიბოს კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მყარი ნაწილაკები კვალიფიცირებულია როგორც კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი ნივთიერება, შესაბამისად, მისი რაოდენობის შემცირება  უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

ადამიანის ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს აზბესტი. შენობების დემონტაჟისას ჰაერში გაიფრქვევა აზბესტის ბოჭკო, რომელიც განსაკუთრებულად მაღალი ტოქსიკურობის კიბოს გამომწვევ ნივთიერებას წარმოადგენს. მისი შესუნთქვა შეუქცევად პროცესებს იწვევს, რის შედეგადაც ვითარდება მეზოთელიუმა, რაც ადამიანისთვის ლეტალურად მთავრდება.

აზბესტის გამოყოფა ავტოტრანსპორტის სამუხრუჭე ხუნდების ცვეთის დროსაც ხდება, მანქანაშიც და ატმოსფეროშიც.

„ჯანმოს“ მონაცემებით, ჰაერის დაბინძურების მაღალი დონის მქონე ქალაქებში სიკვდილიანობის ზოგადი მაჩვენებელი 15-20%-ით აჭარბებს შედარებით სუფთა ჰაერის მქონე ქალაქებში ფიქსირებულ ანალოგიურ მაჩვენებლებს.

დაბინძურებული ჰაერის ფონზე ისეთი დაავადებები, როგორებიცაა ზემო სასუნთქი გზების პრობლემები, ბრონქიტი, პნევმონიები, ალერგიული დაავადებები, უფრო მძიმედ მიმდინარეობს.  თუ თვალს გადავავლებთ სტატისტიკას, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული, შეგვიძლია გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ: 2000 წლიდან სასუნთქი გზის დაავადებების საერთო ტენდენცია მოზრდილებში  20%-ით, ხოლო ბავშვებში  – 27%-ითაა გაზრდილი.

ადამიანის ჯანმრთელობაზე დაბინძურებული ჰაერის გავლენა მრავალკომპონენტიანი პროცესია. ამ გავლენას  ერთდროულად რამდენიმე სახის ნივთიერება ახდენს, შესაბამისად,  ავადობას სხვადასხვაგვარად ვლინდება. ეს დამოკიდებულია ზემოქმედების ხანგრძლივობაზე, დამაბინძურებელი ნივთიერების სახეობაზე და, რა თქმა უნდა, თავად ადამიანის ინდივიდუალური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. იმის მიხედვით მოკლევადიანი იქნება ზემოქმედება თუ გრძელვადიანი, შესაბამისი იქნება ავადობის გამოვლინებაც.

მოკლევადიანი ზემოქმედების შემთხვევაში ვხდებით მწვავე პროცესებს – ადამიანს უძნელდება სუნთქვა, ახველებს, განიცდის ჰაერის უკმარისობას. იზრდება  პირველადი ჯანდაცვის ობიექტებისადმი მიმართვების რაოდენობა, იმატებს სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების გამოძახება. რაც შეეხება გრძელვადიან ზემოქმედებას, ამ შემთხვევაში პროცესი უფრო ქრონიკულ სახეს იღებს, დაავადებები ქრონიკულ სტადიაში გადადის, ადამიანებში აღინიშნება რესპირატორული და კარდიო-ვასკულური ავადობა და სიკვდილიანობის ზრდა.

ატმოსფერული  ჰაერის მდგომარეობაზე გავლენას  უამრავი ფაქტორი ახდენს. ერთი მხრივ, ისეთი ბუნებრივი პროცესები, როგორებიცაა – ვულკანები, ნიადაგის მტვერი, ტყის ხანძრები. მეორე მხრივ კი, ტექნოლოგიური პროგრესი – მრეწველობა, ტრანსპორტი, მეტალურგია ჰაერს იმ დონემდე აბინძურებს, რომ ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ხდება.

საქართველოში ატმოსფერულ ჰაერს ძირითადად ავტოტრანსპორტი, ენერგეტიკული სექტორი, სოფლის მეურნეობის დარგები და სამრეწველო ობიექტები აბინძურებს. მათგან დაბინძურების ყველაზე დიდი წილი ენერგეტიკასა და ავტოტრანსპორტზე მოდის.

ატმოსფერული ჰაერი სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვიდან ძირითადად ნახშირჟანგით, ნახშირწყალბადებით, აზოტის  ჟანგეულებით, გოგირდის  ორჟანგით, ჭვარტლით, ბენზ(ა)პირენით, ჰაერში შეწონილი წვრილდისპერსიული მყარი ნაწილაკებით (PM10, PM2,5) და ა.შ. ბინძურდება.

გარდა ამისა, როგორც საქართველოში, ისე სხვა მრავალ ქვეყანაში ბავშვების 80%-ზე მეტი თამბაქოს კვამლის მეორადი ზემოქმედების ქვეშ ცხოვრობს, როგორც საკუთარ სახლში, ასევე სახლს გარეთ.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს ყოველწლიური ანგარიშებიდან, რომლებიც სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, ბოლო 2010 წელს გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული მოქმედი საწარმოებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა საერთო რაოდენობა წელიწადში 30 134 ტონას შეადგენს, მათ შორის მყარი – 3 658 ტონას, ხოლო აირადი და თხევადი  – 26 476 ტონას.

აღნიშნული კვლევის მიხედვით, საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ძირითად დამაბინძურებელ რეგიონებს წარმოადგენს იმერეთის, ქვემო ქართლის, აჭარის და შიდა ქართლის რეგიონები, რომლებზეც საქართველოში მთლიანი გაფრქვევების 89%-ზე მეტი მოდის:

ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი ქალაქებია ზესტაფონი, ბათუმი, თბილისი, გარდაბანი, რუსთავი და კასპი, რომლებზეც მთლიანი გაფრქვევების დაახლოებით 69% მოდის:

ძირითად დამაბინძურებელ საწარმოებს წარმოადგენს “რუსთავცემენტი”, შპს “მტკვარი-ენერგეტიკა”, “ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა”, “კასპიცემენტი”, შპს “ბათუმის ოილ ტერმინალი” და შპს “საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი”, მათზე საქართველოში მთლიანი გაფრქვევების დაახლოებით 75% მოდის.

მხოლოდ 2010 წელს ავტოტრანსპორტის მიერ ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულია 342 701 ტონა მავნე ნივთიერება, რაც ავტოტრანსპორტიდან და დაბინძურების სტაციონარული საწარმოებიდან გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა საერთო რაოდენობის დაახლოებით 92%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგიური კვლევები, რომელიც დაადასტურებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასა და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებებს შორის უშუალო მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, ასევე შეაფასებს არსებულ რისკებს, საქართველოში ბოლო წლებში არ ჩატარებულა.

ნანა გაბრიაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის წარმომადგენელი ამის მიზეზს ასე ხსნის:

„2007 წელს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის მიღებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს სანიტარიული კოდექსი და, შესაბამისად, გაუქმდა ქვეყანაში სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სისტემა. გაუქმდა ლაბორატორიები, რომლებიც ახორციელებდნენ ჰაერის მონიტორინგს, ხარისხის შეფასება. ეს ყველაფერი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადაეცა. მას შემდეგ მოიშალა პრევენციული კონტროლისა და მონიტორინგის ყველა ღონისძიება“.

გაბრიაძე ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და ამბობს, რომ „მან მოგვცა საშუალება და მისი ერთ-ერთი დავალება გარემოსა და ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება გახლავთ“.

ამ გეგმის  მესამე ამოცანა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაა. პარმის დეკლარაციის ერთ-ერთი ვალდებულების მიხედვით, ბავშვები უნდა ცხოვრობდნენ ჯანსაღ გარემოში და ჰაერი უნდა იყოს სუფთა.

„ამჟამად მიმდინარეობს ამ სამოქმედო გეგმის შემუშავების ეტაპები, სადაც გაწერილია ის ქმედებები,  რომლებიც ატმოსფერული ჰაერის გაჯანსაღებისათვის ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. რამდენიმე წლის წინ ამაზე საუბარიც კი უტოპიად შეიძლებოდა ჩაგვეთვალა“. –  ამბობს გაბრიაძე.

მისი თქმით, –  „თუ გადმოვინაცვლებთ რეალურ სიტუაციაში“, აუცილებელია,  რომ თბილისის, ქუთაისის,  ზუგდიდის, ბათუმის, და სხვა ქალაქების მასშტაბით ჰაერის მუდმივი  მონიტორინგი წინასწარ შერჩეული ინდიკატორული პარამეტრების შესაბამისად მიმდინარეობდეს. შემდეგ მოხდება  გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობისა და  ჯანმრთელობის მდგომარეობის შედარება, გაჩნდება სტატისტიკური მონაცემები, და სპეციალისტებს შეეძლებათ იმის თქმა, კონკრეტულად რა გავლენა  აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე  დაბინძურებულ ჰაერს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლის თქმით, გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი სრულყოფილად არცერთ ქალაქში არ ხორციელდება. „თბილისში რამდენიმე სადგური არსებობს,  მაგრამ მთელი ქალაქის მასშტაბით რა მდგომარეობაა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს“.

ქეთევან კორძახია გარემოს დაცვის სამინისტროში ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსია. ის გვიყვება, რომ ევროკავშირის დახმარებით გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია საგზაო რუკა, რომელიც  ევროკავშირთან გარემოს დაცვის კუთხით ჰარმონიზაციის პროცესის სახელმძღვანელო დოკუმენტია. დოკუმენტში თანმიმდევრულადაა განსაზღვრული ვალდებულებები და გაწერილია ვადები.

„ჰაერის ნაწილში ხუთი ევროდირექტივა არსებობს, – ამბობს კორძახია, – პირველი ორი დირექტივა ეხება ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მართვის სისტემის განვითარებას. დირექტივა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი მავნე ნივთიერებების შესაფასებლად ადგენენ ზღვრულად დასაშვებ ნორმებს, შეფასების მეთოდების კრიტერიუმებს, გაზომვების შესაბამის მეთოდებს და ვალდებულებებს მოსახლეობაზე უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად“.

კორძახიას თქმით, სამინისტრო ამ მიმართულებით  მუშაობს:

„მონიტორინგის სისტემის განვითარების კუთხით ძალიან ბევრი სამუშაო ჩატარდა და ამჟამადაც მიმდინარეობს. ხდება სისტემის ავტომატიზაცია და თანდათანობით გაფართოება“.

დანარჩენი დირექტივები ეხება აქროლადი ორგანული ნაერთების გავრცელების შემცირებას.

რა უნდა გაკეთდეს, რათა შემცირდეს ჰაერის დაბინძურება? სპეციალისტების თქმით, პირველ რიგში აუცილებელია  ნორმების დადგენა, საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებაა და, რომელსაც  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ახორციელებს.

უმთავრესი ასაკის მიხედვით  ავტოტრანსპორტის ლიმიტირება, საწვავის ხარისხის გაუმჯობესება და მანქანების ტექნიკური გამართულობის კონტროლია. გარდა ამისა, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მოძრაობის სწორ რეგულირებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მწვანე საფარის მომატებას. აუცილებელია სარეკრეაციო ზონების, ბაღების, პარკების  მომრავლება, მიზანშეწონილია, რომ ქალაქებში დაირგას ფართოფოთლიანი და დიდი ხეები, როგორიცაა ცაცხვი, ნეკერჩხალი…

აღსანიშნავია, რომ ეკოლოგიის მდგომარეობის საკითხით უფრო და უფრო მეტი მოქალაქე ინტერესდება, ერთვება საპროტესტო აქციებში, ხელს აწერს მანიფესტებს, წევრიანდება მწვანე მოძრაობებში, აქტიურია მესამე სექტორი, მედიის ნაწილი უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ამ პრობლემას, წესით ეს აქტივობები და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები საკმარის საფუძველს უნდა ქმნიდეს საერთო სიტუაციის გაჯანსაღებისთვის, თუმცა, რაც ცხადად ჩანს, არის ის, რომ არათუ გაჯანსაღების, არამედ ხშირ შემთხვევაში ძლიერდება უკანსვლის პროცესები და ზოგჯერ შეუქცევად ხასიათსაც იღებს.

სტატია მომზადებულია პროექტის “მედია საქართველოს ევროპული დღის წესრიგისთვის” (M-GEA) ფარგლებში. M-GEA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. მასალის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება. 

liberali.ge

იხილეთ ასევე

„ფაიზერის“ ფირმის ვაქცინით იმუნიზაცია საქართველოს 7 კლინიკაში დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაციის …