მთავარი » ჯანდაცვა » თბილისის მერიამ ჰერცეპტინით მკურნალობა ერთ თვეში 28 მოქალაქეს დაუფინანსა
2006 წლიდან რეკომენდაციას აძლევენ ჰერცეპტინით მკურნალობას, რომელიც 40-45%-ით ამცირებს რეციდივის რისკს, ზრდის მკურნალობის ეფექტურობას.

თბილისის მერიამ ჰერცეპტინით მკურნალობა ერთ თვეში 28 მოქალაქეს დაუფინანსა

თბილისის მერიამ ერთი თვეა ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მკურნალობის დაფინანსების პროგრამის განხორციელება დაიწყო და პრეპარატ „ჰერცეპტინის“ დაფინანსების თხოვნით, ამ პერიოდში შემოსული 35 განაცხადიდან 28 დააკმაყოფილა.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მკურნალობის დაფინანსების ახალი პროგრამის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარია და მისი მიზანია (HER2 დადებითი) ძუძუს კიბოს ადრეულ (I-III) სტადიაზე მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა.

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000-ს არ აღემატება, მედიკამენტს სრულად უფინანსებს, ხოლო ყველა სხვა პირს – 80%-ით. პროგრამის ფარგლებში, მკურნალობის ერთწლიანი კურსი (13 ფლაკონი ჰერცეპტინი) სოციალურად დაუცველ პირთა შემთხვევაში 35 100 ლარით ფინანსდება, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში – 28 080 ლარით.

პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ, 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს.

„ჰერცეპტინი“ (საერთაშორისო დასახელება – ტრასტუზუმაბი) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ესენციური (აუცილებელი) მედიკამენტების ნუსხაში 2013 წელს შეიტანა. აშშ-ს და ევროპის ონკოლოგთა ასოციაციები, HER2 დადებითი ძუძუს კიბოს შემთხვევაში, 2006 წლიდან რეკომენდაციას აძლევენ „ჰერცეპტინით“ მკურნალობას, რომელიც 40-45%-ით ამცირებს რეციდივის რისკს, ზრდის მკურნალობის ეფექტურობას და ადრეულ სტადიაში განკურნებასაც განაპირობებს.

tbilisi.gov.ge

იხილეთ ასევე

„ფაიზერის“ ფირმის ვაქცინით იმუნიზაცია საქართველოს 7 კლინიკაში დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაციის …