მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » დავით სერგეენკო: ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საყოველთაო ჯანდაცვის მდგრადობის უზრუნველყოფა
საყოველთაო ჯანდაცვის მდგრადობის უზრუნველყოფა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. სახელმწიფოს წელსაც, გარკვეული თანხის დამატება მოუწევს.

დავით სერგეენკო: ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, საყოველთაო ჯანდაცვის მდგრადობის უზრუნველყოფა

არის ხოლმე ასეთი მცდელობები კლინიკების მხრიდან, რომ მათ გეგმური შემთხვევები გაიყვანონ გადაუდებლად, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჯანდაცვის სისტემის ირგვლივ არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ კონტროლის მექანიზმსა და მონიტორინგს საავადმყოფოებზე, ჯანდაცვის სამინისტრო 2013 წლიდან ახორციელებს.

„რაც შეეხება კონტროლს და მონიტორინგს, ეს ჯანდაცვის სამინისტრომ 2013 წლიდან დაიწყო, რადგან მან, ვინც რაიმე სერვისებისთვის იხდის თანხას, მკაცრად უნდა გააკონტროლოს ამ თანხის ხარჯვის მიზნობრიობა. აქ არის რამდენიმე რიგის პრობლემა, რომელიც მეტნაკლებად საერთოა ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის.

ჩვენ შემთხვევაში, რადგანაც ანაზღაურების სისტემა სხვადასხვაა გადაუდებელ და გეგმურ შემთხვევებში კერძოდ, გადაუდებელი 100%-ით ფინანსდება, ხოლო გეგმიური – 70%-ით ან 80%-ით. არის ხოლმე ასეთი მცდელობები კლინიკების მხრიდან, რომ მათ გეგმური შემთხვევები გაიყვანონ გადაუდებლად“, – განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, ამისათვის დაცვის სამმაგი ეშელონი არსებობს.

„ამისათვის ჩადებულია დაცვის სამმაგი ეშელონი, იდეალური სისტემა, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ ციფრებში შემიძლია გითხრათ, რომ ის ანგარიშები, რომელსაც წარმოადგენენ კლინიკები, მაგალითად შარშან, 10% შემთხვევაში უკან ვუბრუნებდით, იმიტომ რომ ეს იყო შეუსაბამო დოკუმენტაცია. წელს 5%-ის დაბრუნება გვიწევს ხოლმე უკან“, – განაცხადა სერგეენკომ.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა დეფიციტურია და სახელმწიფოს წელს, გარკვეული თანხის დამატება მოუწევს, სერგეენკომ განაცხადა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ამ პროგრამის მდგრადობის უზრუნველყოფა.

„რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის მდგრადობას, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ამ მიღწევის მდგრადობის უზრუნველყოფა. ბიუჯეტის დეფიციტურობას და საყოველთაო ჯანდაცვის გაჩერებას რაც ეხებოდა, შარშან, მთელი წლის განმავლობაში ვისმენდი ამას, მაგრამ ყველას ჰქონდა იმის შეფასების შესაძლებლობა, რომ არ შეექმნეს შეფერხება და იგივე იქნება წელსაც“,- განაცხადა სერგეენკომ.

kvira.ge

იხილეთ ასევე

მელანომის დიაგნოზის მქონე 110 პაციენტი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს

მძიმე დაავადების მქონე 110 პაციენტი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს.  მელანომის დიაგნოზის მქონე პაციენტებმა  პეტიცია შეიმუშავეს, რათა …