მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » “აბსურდია, რომ COVID-ვაქცინა შვილოსნობის უნარზე მოქმედებს“ – ქართველი ექიმები მორიგი მითის წინააღმდეგ

“აბსურდია, რომ COVID-ვაქცინა შვილოსნობის უნარზე მოქმედებს“ – ქართველი ექიმები მორიგი მითის წინააღმდეგ

უნდა შეიკავონ თუ არა თავი კოვიდსაწინააღმდეგო აცრისგან იმ ადამიანებმა, რომლებსაც ახლო მომავალში შვილის გაჩენა აქვთ დაგეგმილი? მეორეს მხრივ, შესაძლოა თუ არა უახლოეს პერიოდში ორსულთა და ბავშვების აცრები დაიწყოს, რომლებიც ამ ეტაპზე ვაქცინაციას დაქვემდებარებულ კატეგორიაში არ შედიან.

Jandacva.ge-სთან ამ საკითხზე სპეციალისტები საუბრობენ. მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა სინაურიძე მოსაზრებას, რომ წყვილებმა, რომლებსაც შვილის გაჩენა აქვთ დაგეგმილი, ვაქცინაციისგან თავი უნდა შეიკავონ, არასერიოზულს უწოდებს გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი მეცნიერული დასკვნები ამ კუთხით  ამ ეტაპზე არ არსებობს.

სინაურიძე ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან და კოვიდ 19-ით დაინფიცირების მომატებული რისკის გათვალისწინებით, ქალებს, რომლებსაც უახლოეს პერიოდში დაორსულება აქვთ დაგეგმილი, ის ვაქცინის გაკეთებას ურჩევს, რადგან კოვიდის რისკი შეუდარებლად მაღალია. მისივე თქმით, უკვე არსებობს მონაცემები, რომ შესაძლოა კოვიდინფექციამ ორსულებში ნაადრევი მშობიარობა და სხვა გართულებები გამოიწვიოს.

„ყველა ვაქცინას უწერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქალი აცრის შემდეგ დაორსულდება, მისთვის გაკეთებული აცრა უსაფრთხოა. ასე რომ, ჩემი რეკომენდაცია ასეთ შემთხვევაში აცრის გაკეთებაა,“ – აცხადებს სინაურიძე.

მსგავსი მსჯელობა არასერიოზული და აბსურდულია იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძისთვისაც. მედიკოსი ამბობს, რომ არცერთ მწარმოებელს საკუთარი ვაქცინის დახასიათებაში, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას არცერთ თავის რეკომენდაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ აცრის შემდეგ დაორსულება რაიმე საფრთხესთანაა დაკავშირებული ან შვილოსნობის უნარს საფრთხე ექმნება. ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ მართალია ამ ეტაპზე ორსულებში ვაქცინის გაკეთება არაა რეკომენდებული, თუმცა ეს მხოლოდ იმითაა განპირობებული, რომ შესაბამისი კვლევები ჯერ არ არსებობს და უახლოეს მომავალში ორსულები და ბავშვები შევლენ ვაქცინაციას დაქვემდებარებულ ჯგუფში ისევე, როგორც გრიპის შემთხვევაშია. მედიკოსის თქმით, ეს მხოლოდ დროის საკითხია, რადგან კორონავირუსი ორსულებისთვის შეუდარებლად მაღალ საფრთხეს წარმოადგენს.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კოლეგების მოსაზრებას უერთდება და ამბობს –  ვაქცინის კვლევების პროცესში აღნიშნული კუთხით რაიმე უკუჩვენება რომ გამოვლენილიყო, ეს აუცილებლად იქნებოდა ასახული ვაქცინების მიმოხილვაში. მსგავსი კი არაფერი არსებობს, ამიტომ, ალექსანდრე გოგინავას თქმით, მისი რეკომენდაცია წყვილების მიმართ, რომლებიც შვილის ყოლას გეგმავენ, აცრაა.

„არის მედიკამენტები, მაგალითად ცე ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატები, რომლებსაც მითითებული აქვთ, რომ მათი მიღების შემდეგ 6 თვის განმავლობაში ადამიანმა თავი უნდა დაიცვას, რათა ორსულობა არ დადგეს. კოვიდის ვაქცინის შემთხვევაში კი მსგავსი არაფერია მითითებული და რაიმე საფრთხე რომ არსებობდეს,  აუცილებლად იქნებოდა ასახული მის დახასიათებაში. მეორეს მხრივ, უკვე საკმარისადაა მონაცემები იმის შესახებ, რომ კოვიდინფექცია უდიდეს საფრთხეს ქმნის ორსულობის პერიოდში. ასევე, მისი თქმით, კოვიდის გადატანის შემდეგ შესაძლოა,  რეპროდუქციულ სისტემას პრობლემები შეექმნას, როგორც ეს სხვა ისეთი ვირუსების  შემთხვევაში ხდება, რომლებიც ადამიანის სხვადასხვა ორგანოს აზიანებს. ასე რომ, ჩემი ცალსახა რეკომენდაციაა, ასეთი წყვილები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი აიცრას, რადგან პანდემია უახლოესი 2 წლის განმავლობაში არ დასრულდება, კოვიდინფიცირება კი, როგორც აღვნიშნე, ორსულებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს ქმნის,“ – აცხადებს გოგინავა.

იხილეთ ასევე

საქართველოს ბანკი მომხმარებელს ევექსი კლინიკების ქსელში 0%-იან განვადებას სთავაზობს

დღეიდან, ევექსის კლინიკებში საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით სარგებლობა მომხმარებელს დამატებითი საკომისიოს გარეშე შეუძლია.  პროდუქტით სარგებლობისას …