მთავარი » ჯანდაცვა » აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა 2018 წლის პროგრამების პროექტები წარადგინა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა 2018 წლის პროგრამების პროექტები წარადგინა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა 2018 წლის პროგრამების პროექტები წარადგინა

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა – ზაალ მიქელაძემ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის 21 ნოემბრის სხდომაზე, სამინისტროს 2018 წლის პროგრამების პროექტები წარმოადგინა.

სხდომას, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ვიცე-სპიკერი მერაბ კარანაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, სამინისტროს საქვეუწყებო და რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

მინისტრის განცხადებით, სამინისტროს მომავალი წლის პროგრამული ბიუჯეტი 13 085 745 ლარი იქნება, უწყება 33 პროგრამას განახორციელებს, აქედან 7 ახალი პროგრამა იქნება. მინისტრმა ასევე ისაუბრა სიახლეებზე და უპასუხა სხდომის მონაწილეთა შეკითხვებს.

მომავალ წელს სამინისტრო გეგმავს, რეგიონის მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსებას. ქვეპროგრამით განიხილება იმ პაციენტების საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება, რომლებიც ნაწილობრივ დაფინანსებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამით “მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პრიორიტეტულ სფეროებში”.

ქვეპროგრამით პირველი რიგის პრიორიტეტი ენიჭებათ 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, შშმ პირებს და სხვადასხვა ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს. ბენეფიციარებს ქვეპროგრამის ფარგლებში დაუფინანსდებათ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფერალური პროგრამით დაფინანსებული თანაგადახდა (წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურდან დარჩენილი თანხა) 70 %-ით, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ლარისა (ეროვნულ ვალუტაში დახმარების დღისათვის არსებული გაცვლითი კურსის მიხედვით).

ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება – ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის პროგრამაში. თუ აქამდე პროგრამის ბენეფიციარებს 200 000 მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები წარმოადგენდნენ, 2018 წლიდან ჩამონათვალს შშ სტატუსის მქონე პირები; ომის ვეტერანები; ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები და დაღუპულთა ოჯახის წევრები; მრავალშვილიანი ოჯახის წევრები; უსახლკაროთა თავშესაფარის კონტინგენტი; უსახლკაროები; მარტოხელა მშობელი და მისი არასრულწლოვანი შვილები შეემატებათ.

გარდა ამისა ქვეპროგრამით მოხდება ძვირადღირებული ახალი კვლევების დაფინანსება:

  1. მსხვილი ნაწლავის კომპიუტერული ტომოგრაფია.
  2.  საშარდე გზების კომპიუტერული ტომოგრაფია.
  3.  კომპიუტერული ტომოგრაფიული კორონაროგრაფია.
  4.  პოზიტრონ – ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია.

2018 წლიდან, რეგიონის მოსახლეობას, გულის ქირურგია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაუფინანსდება. სამინისტრო კი განახორციელებს თანადაფინანსებას განსაზღვრული ტარიფის ლიმიტის ფარგლებში, გეგმიური და ურგენტული სამედიცინო მომსახურების დროსაც. პროგრამისათვის განკუთვნილი ფინანსური რესურსი გამოყენებული იქნება მიზნობრივი ჯგუფებისათვის და დაგეგმილი ახალი პროგრამების დასაფინანსებლად.

ცვლილება იგეგმება – მოსახლეობისათვის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების, სახსრების ენდოპროტეზირებისა და „ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამების დაფინანსების წესში.

სამინისტრო გეგმავს აამოქმედოს ახალი პროგრამა – აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, რომელიც ითვალისწინებს 2 წლიდან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსებას.

შშ სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, სავარძელ-ეტლებთან და სმენის აპარატებთან ერთად დაგეგმილია, სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა, კერძოდ: ფუნქციური საწოლით, ჟანგბადის კონცენტრატორით, ნახველის ამოსაღები აპარატით, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბით, ხმის წარმომქმნელი (ლარინგექტომიის შ/მდგომარეობა) აპარატით, ძვალში ჩასანერგი სამაგრი რკალიანი სმენის აპარატით (ბავშვებისათვის), კოხლეარული იმპლანტის პროცესორით, შშმ პირთათვის ადაპტირებული სავარძელ-ეტლითა და ელექტრო-ეტლით უზრუნველყოფა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს აცხადებენ, აღნიშნული სიახლეები ხელს შეუწყობს არა მარტო ბენეფიციართა ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ ნევროლოგიური და ონკოლოგიური დაავადებების შედეგად ხანგრძლივად მწოლიარე შშმ პირთა ოჯახების დახმარებასაც.

epn.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინაციის საკითხები და ეპიდვითარება ილია მეორესთან შეხვედრაზე განიხილა

ჯანდაცვის მინისტრი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საპატრიარქოსგან დაფიქსირდა, რომ არ …