მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » აკაკი ზოიძე: ციფრული ჯანდაცვა მოიტანს უკეთესს ხარისხს და დაზოგილ თანხებს

აკაკი ზოიძე: ციფრული ჯანდაცვა მოიტანს უკეთესს ხარისხს და დაზოგილ თანხებს

ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე პირველადი ჯანდაცვის ციფრულ დონეზე გადასვლის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ  სწორი ტენდენციაა ის, რომ პაციენტის მართვა დიჯიტალური  საშუალებებით სახლში მოხდეს.  ასეთ დროს, 90%-ით მეტი შანსია, რომ ადამიანი უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდეს.

„ეს ტენდენცია მთელს მსოფლიოში იყო, თუმცა პანდემიამ ძალიან  დააჩქარა. შესაბამისად, გადაწყვეტილება დროულიც არის და დაგვაინებულიც. ეს მიმართულება  ჯანდაცვაში წლების წინ ერთ-ერთ პრიორიტეტად იყო გამოცხადებული. დღეს პანდემიამ უფრო მეტად დაგვანახა იმის საჭიროებაც და მნიშვნელობაც, რომ როგორც კლინიკა, ისე ექიმი მზად იყოს ონლაინ კონსულტაციებისთვის, ვიდეო თუ სატელეფონო დიაგნოსტიკისთვის, მკურნალობისთვის და ა.შ. საზღვარგარეთ დიჯიტალური ჰოსპიტლებია უკვე, სადაც მხოლოდ ექიმები და ექთნები სხედან და მონიტორების მეშვეობით აწარმოებენ პაციენტებზე დაკვირვებას და მკურნალობას,“ – აცხადებს ზოიძე.

რაც შეეხება იმას, მზად არის თუ არა საქართველო  პირველადი ჯანდაცვის ციფრულ დონეზე გადასავლასთან დაკავშირებით, ზოიძე აცხადებს, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ უკვე არსებობს ქსელის მიმართ ხელმისაწვდომობა, გაიდლაინები. ამ მიმართულების განვითრება საქართველოში დიდი ხნის წინ არის დაწყებული. მისი თქმით, ტელემედიცინა საქართველოში წლებია ფეხს იკიდებს.

„ესტონეთმა ამ მიმართულებაში ყველას გადაასწრო და ამ გზით მოახერხა ევროპაში თავის დამკვიდრება. ჩვენთან მთავარია ეს ყველაფერი სწორად განხორციელდეს,“ – აცხადებს ზოიძე.

როგორც ჯანდაცვის სპეციალისტი აცხადებს, საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ციფრულ დონეზე გადასვლა მოიტანს  უკეთესს ხარისხს, ხელმისაწვდომობას და დაზოგილ თანხებს.

„ვნახოთ, რა იქნება. გეგმები და ამოცანები კარგია, ვნახოთ ეს ყველაფერი როგორ განხორციელდება. გაციფრულება დიდი ხნის წინ უნდა მომდარიყო. ელექტრონულ ბარათებზე გადასვლა, ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა დიდი ხნის მომწიფებული საკითხებია და მიკვირს მისი პრაქტიკაში დანერგვა აქამდე რატომ ვერ მოხერხდა. 15 წელია სისტემა მზადაა გასაშვებად, თუმცა ვერ მოხერხდა ხალხის გადამზადება,“ – აცხადებს ზოიძე.

კითხვაზე, რამდენად ხარჯიანი იქნება ციფრულ ჯანდაცვაზე გადასვლა, ზოიძე აცხადებს, რომ ეს ხარჯი არის ნული იმასთან შედარებით, რა დანაზოგიც შეიძლება მოიტანოს მისმა დანერგვამ.

შეგახსენებთ, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ივნისიდან ამოქმედდება. დეტალებზე ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში ისაუბრა.

„პირველადი ჯანდაცვის რეფორმა 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება. ის ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს. კონკრეტულად, პირველადი ჯანდაცვის სერვისების დაფინანსების გაუმჯობესებულ მექანიზმს. პირველადი ჯანდაცვის სერვისების მოცულობისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდას. ასევე, ოჯახის ექიმის როლის გაძლიერებას და უწყვეტ პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობას. ასევე ითვალისწინებს ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას. ინოვაციური მიდგომების დანერგვას, რომელიც გულისხმობს საქართველოს პირველადი ჯანდაცვის ახალ, ციფრულ დონეზე გადასვლას. უკვე შესყიდულია ტელემედიცინის სისტემები, რომლებიც ეტაპობრივად დაინერგება რეგიონების ამბულატორიებში. ტელემედიცინა სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ხელს შეუწყობს ადგილზე ჰქონდეთ გაუმჯობესებული წვდომა, როგორც პირველად ჯანდაცვაზე, ისე სპეციალიზებულ სამედიცინო მომსახურებაზე“,- აღნიშნა ტიკარაძემ.

იხილეთ ასევე

ეპიდემიოლოგების დამატება და ციფრული ტექნოლოგიების გაძლიერება – საქართველო COVID-19-ის შემდგომი ტალღებისთვის ემზადება

2021 წლის ივნისიდან საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების გაძლიერება დაიწყება – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით …