მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლა ხელს შეუწყობს ჯანსაღ კონკურენციას
სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსები განმარტავენ, რომ ახალი კომპანიის შემოსვლა კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლა ხელს შეუწყობს ჯანსაღ კონკურენციას

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია ჰუმანითი-ჯორჯია შემოდის. სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, კომპანია მიმდინარე წლის მაისშია დარეგისტრირებული.

კომპანიის დირექტორის, ანდრეი კუზმას განცხადებით, ჰუმანითი-ჯორჯია უახლოეს მომავალში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა.

ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვენის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

„ჩვენი კომპანია ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენი უპირატესობაა, რომ კომპანიის მენეჯმენტი დაკომპლექტებულია მსოფლიო გამოცდილების მქონე საუკეთესო სპეციალისტებით. კომპანიის თანამშრომელთა დიდ ნაწილს აქვს ისეთ მსოფლიო ბრენდებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება, როგორიცაა SANOFI, PFIZER და სხვა. ჰუმანითი-ჯორჯია, ეს არის დინამიკურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია, დავმკვიდრდეთ ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია“, – აცხადებს ანდრეი კუზმა.

კუზმას ინფორმაციით, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერტიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერტიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი გიორგი გოზალიშვილი ქართულ ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსავლას გამოეხმაურა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაიზრდება კონკურენცია, ხოლო მაღალი კონკურენცია ფასების დარეგულირებას გამოიწვევს. რაც შეეხება მათ მიერ შემოტანილი ჯენერიკების ხარისხს, მას მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრება დაარეგულირებს. ზოგადად, ჯენერიკების შემოტანა და გამოყენება ცუდი არ არის, რასაკვირველია. პირიქით, ეს გააიაფებს ჯანდაცვის ხარჯებს. მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობის ფართო ფენებისათვის, რომელთაც სჭირდებათ აღნიშნული პრეპარატები“. 

თბილისის საოჯახო მედიცინის სასწავლო ცენტრის დირექტორმა მარინა შიხაშვილმა ჯენერიკების გამოყენების აუცილებლობის საკითხზე ისაუბრა და ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლას გამოეხმაურა:

„კარგი ხარისხის ჯენერიკები ძალიან მიღებული და აპრობირებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რასაკვირველია, ბრენდულ მედიკამენტსაც ვიყენებთ და ჯენერიკებსაც, მაგრამ საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარს სჭირდება დარეგულირება, რადგან ხშირ შემთხვევაში ბრენდულ მედიკამენტზე ძვირი სწორედ ჯენერიკები ღირს.

ჯენერიკულ მკურნალობას ნიშნავენ იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ხარჯთეფექტური მკურნალობა, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს ჩვენთან ჯენერიკი ბრენდზე ძვირია, რისი რეგულაციაც ჩვენთან ვერ ხერხდება, ამიტომ ძნელია იმის თქმა, რომ აუცილებლად ჯენერიკი უნდა დაინიშნოს ხარჯთეფექტური მკურნალობისათვის. მეორე, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მისი დანიშვნისას არის ის, რომ ექიმი დარწმუნებული უნდა იყოს მის ხარისხიანობაში.

კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით ჰუმანითი-ჯორჯიაზე, არა მაქვს ინფორმაცია და შესაბამისი კომპეტენცია, მაგრამ ერთს გეტყვით – ინდოეთში არის ევროპის განვითარებული ქვეყნების საწარმოები, რომლებიც იმეორებენ მათ სტანდარტებს. „ჰუმანითი ჯორჯიას“ პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერტიფიკატით. შესაბამისად, თუ მედიკამენტი ინდოეთშია წარმოებული, არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად უხარისხოა, ამას გააჩნია ევროპული სტანდარტი.

ზოგადად, წამლის ეფექტურობაში ეჭვის შეტანას სჭირდება არგუმენტირებული მტკიცებულება და კვლავ წამლის ხარისხის შემოწმებამდე მივდივართ. ამიტომაც აუცილებელია, ქვეყანაში გამკაცრდეს მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი. რაც შეეხება ახალი ფარმაცევტული კომპანიის გამოჩენას, ეს დროული დ აუცილებელია, რომ ბაზარზე მედიკამენტებზე ფასები დარეგულირდეს. ეს კი მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის პირობებშია შესაძლებელი“.

kvira.ge

იხილეთ ასევე

დღეს, 20:00 საათიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება

დღეიდან, 5 მაისიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რეგისტრაცია 20:00 …