მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ახალი ჰეპატიტის საფრთხე ბავშვებში – რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება

ახალი ჰეპატიტის საფრთხე ბავშვებში – რა სიმპტომებს უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება

საზოგადოებაში სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევს ახალ ჰეპატიტთან დაკავშირებული საკითხები. ეს დაავადება, რომლის გამომწვევი მიზეზი არცერთი აქამდე ცნობილი ვირუსი არაა, გამოვლინდა 25 ქვეყანაში. სულ 500-მდე შემთხვევა, მათგან 11 ბავშვი გარდაიცვალა, რაც 2,5%-მდეა და ლეტალობის საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად ითვლება. მეცნიერთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ დაავადება კოვიდის გადატანის შედეგია. დაავადება 16 წლამდე მოზარდებში, უხშირესად კი 5 წლამდე ბავშვებში ვითარდება.

იაშვილის კლინიკის დირექტორი ივანე ჩხაიძე განმარტავს იმ სიმპტომებს, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში შესაძლოა ეჭვი მივიტანოთ ამ დაავადებაზე.

მისი თქმით, დაავადება მიმდინარეობს იგივე სიმპტომებით, რაც კლასიკურ ჰეპატიტს ახასიათებს: პირველ რიგში, ესაა სიყვითლე, განავლისა და შარდის ფერის შეცვლა, ღვიძლის ფერმენტების მატება. მედიკოსის განმარტებით, დაავადება ხშირ შემთხვევაში მსუბუქია და სტანდარტული პროტოკოლით გაწერილი ჩარევის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება. თუმცა ახალი ჰეპატიტით დაავადებული ბავშვების ნაწილში ღვიძლის გადანერგვის აუცილებლობა დადგა.

ივანე ჩხაიძის თქმით, საქართველოში ჰეპატიტის ეს ფორმა არ დაფიქსირებულა, და თუ იქნება ისეთი შემთხვევა, როდესაც ჰეპატიტი დადასტურდება და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ დაადგენს გამომწვევ მიზეზს, შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ ახალი ჰეპატიტი საქართველოშიც დაფიქსირდა. თუმცა, მსოფლიოში არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით, მედიკოსი ამბობს, რომ ამ ვირუსის ფართოდ გავრცელებისა და საქართველოში შემოსვლის რისკები დაბალია.

რაც შეეხება იმას, მზადაა თუ არა საქართველო, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვებში ღვიძლის გადანერგვისთვის, მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის სერიოზული პრაქტიკა დაინერგა, მათ შორის ბავშვებში.  ეს ხორციელდება ბათუმში და ამ გუნდს კარგი პრაქტიკა აქვს კახა ქაშიბაძის ხელმძღვანელობით. ხოლო თუ აუცილებლობა იქნება, ჩხაიძის თქმით, მცირე ასაკის პაციენტების შემთხვევაში შესაძლოა უცხოელების დახმარება დაგვჭირდეს, რისი პრაქტიკაც საქართველოში უკვე არსებობს.

იხილეთ ასევე

ძუძუს კიბოს მქონე პაციენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავენ

#ნუგანგვასხვავებთ – თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პაციენტს თბილისსა თუ რეგიონში 28 ივნისს, 13:00 საათზე, ძუძუს კიბოს …