მთავარი » მსოფლიო » ახალი პანდემიების თავიდან აცილების მიზნით, ბერლინში მსოფლიო საინფორმაციო ჰაბი იქმნება

ახალი პანდემიების თავიდან აცილების მიზნით, ბერლინში მსოფლიო საინფორმაციო ჰაბი იქმნება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და გერმანია ახალ გლობალურ ცენტრს ქმიან, სადაც შეგროვდება ინფორმაცია პანდემიებისა და ეპიდემიების შესახებ, ასევე ანალიტიკური მასალები.

ბერლინში განთავსებულ ცენტრს ეყოლება პარტნიორები მთელ მსოფლიოში და უხელმძღვანელებს ინოვაციებს პანდემიისა და ეპიდემიის რისკების თავიდან აცილების, მათი გამოვლენის და მათზე რეაგირების მიზნით. გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, Covid-19-ის პანდემიამ გვასწავლა, რომ ეპიდემიებთან და პანდემიებთან ბრძოლა მხოლოდ ერთიანობითაა შესაძლებელი.

ჯანმოს ახალი ცენტრი  გახდება გლობალური პლატფორმა პანდემიის თავიდან ასაცილებლად და გააერთიანებს სამთავრობო, აკადემიურ და კერძო სექტორებს. „მე მოხარული ვარ, რომ ჯანმომ თავისი ცენტრის ადგილმდებარეობად ბერილი აირჩია. ვიწვევ პარტნიორებს მთელი მსოფლიოდან, შეიტანონ წვლილი ჯანმოს ცენტრის მუშაობაში,“ – განაცხადა მერკელმა.

ჯანმოს ცენტრი უნდა გახდეს თანამშრომლობის ახალი ფორმატი ქვეყნებისა და პარტნიორებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ცენტრის მთავარი მიზანია, სტიმული მისცეს ინოვაციების განვითარებას სხვადასხვა მონაცემზე წვდომისა და მათი დაკავშირების  მიზნით.    ასევე მისი მიზანია შექმნას ინსტრუმენტები და პროგნოზირების მოდელები რისკების ანალიზისა და დაავადებებთან ბრძოლის მონიტორინგისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ ჯანმოს ცენტრი მხარდაჭერას გაუწევს ექსპერტებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუშაობაში. ასევე, ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელ პირებს მიაწვდის ინფორმაციას,  რათა მათ შეძლონ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება საგანგებო მდგომარეობებზე ოპერატიული რეაგირებისა და თავიდან აცილების მიზნით.

„ჩვენთვის აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად გამოვავლინოთ პანდემიებისა და ეპიდემიების რისკები მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. ამ მიზნით აუცილებელია ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნა მონაცემების შეგროვების გაუმჯობესების გზით,“ – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს სპანმა. მისი თამით ჯანმოს ახალი ცენტრის შექმნა არის ინიციატივა, რომელიც მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ტედროს გებრეიესუსის განცხადებით, COVID-19-ის ერთერთი გაკვეთილი ისაა, რომ მსოფლიოსთვის აუცილებელია მონაცემთა ანალიზის გაუმჯობესება, რათა ლიდერებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმაროს. ეს კი, მისივე განმარტებით, მოწინავე ტექნოლოგიების პოტენციალის გამოყენებას მოითხოვს. ამ პოტენციალს შორისაა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მონაცემთა სხვადასხვა წყაროს გააერთიანებს.

„უფრო ზუსტი მონაცემები და უფრო ზუსტი ანალიტიკა უფრო სწორი გადაწყვეტილებების მიღებამდე მიგვიყვანს,“ – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

 

იხილეთ ასევე

Covid-19-ის აფეთქება იმუნიზაციის მაღალი მაჩვენებლის ფონზე – რა ხდება სეიშელის კუნძულებზე

სეიშელის კუნძულებმა, სადაც, სხვა ქვეყნებთან შედარებით, კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილია …