მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » „ახალ სიცოცხლეში“ კორონავირუსი აივ-ინფექციისა და სხვა დაავადებების მქონე ორსულებმა დაამარცხეს

„ახალ სიცოცხლეში“ კორონავირუსი აივ-ინფექციისა და სხვა დაავადებების მქონე ორსულებმა დაამარცხეს

კოვიდის მკურნალობის პროცესში კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ სამეანო გინეკოლოგიური დეპარტამენტი ჩაერთო, რომელშიც მობილიზებული და სრულად აღჭურვილია 37 საწოლი. ამის შესახებ  jandacva.ge-ს სამედიცინო დაწესებულებიდან აცნობეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ბოლო ერთი თვის სტატისტიკით, როცა სამეანო დეპარტამენტში ფუნქციონირებს, მათთან  ლაბორატორიულად კოვიდდადასტურებული 20-მდე ორსული მოთავსდა. მათგან რეანიმაცია მხოლოდ ერთს დასჭირდა, რომელიც უკვე ბინაზეა გაწერილი.

„განყოფილებაში ორსულთათვის სრული პირობებია შექმნილი. კლინიკაში ორსულობის და მშობიარობის დროს კოვიდ ინფექციის მართვა ხორციელდება კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო პროტოკოლით, რომელიც ემყარება აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრევენციის ცენტრის (CDC), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ისრაელისა და ჩინეთის ორსულობისა და მშობიარობის დროს კოვიდ-19 ინფექციის მართვის გაიდლაინებს.

სამეანო-გინეკოლოგიურ დეპარტამენტში მყოფი ორსული ქალებიდან გარკვეულ რაოდენობას დიაგნოსტირებული ჰქონდა ისეთი თანმხლები ქრონიკული პათოლოგიები, როგორიცაა: ფილტვის სარკოიდოზი, თანდაყოლილი თრომბოფილია, აივ ინფექცია; ანემია. აივ-ინფექციის მქონე პაციენტი უკვე ბინაზეა გაწერილი,“- განაცხადეს კლინიკაში.

სულ კი ამ დროისათვის, „ახალ სიცოცხლეში“ კორონავირუსიანი პაციენტებისთვის 94 საწოლია გამოყოფილი. აქედან 44 მულტიპროფილური, 13 რეანიმაციული და 37 სამეანო.

კლინიკაში ასევე ამბობენ იმასაც, რომ ბოლო დროს, დაფიქსირდა გართულების მაღალი მაჩვენებელი ახალგაზრდა, ჯანმრთელ პირებში. კოვიდის დიაგნოზით კლინიკაში შევიდა რამდენიმე სრულად ვაქცინირებული პირიც, თუმცა, ვირუსის მართვისა და პაციენტების მკურნალობის პროცესმა ექსცესების გარეშე ჩაიარა.

კლინიკა “ახალი სიცოცხლე” უკვე 10 თვეა, რაც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ იბრძვის. ამ ხნის განმავლობაში, კლინიკამ 910 ინფიცირებული მიიღო. მათგან 275 (30%) იყო კრიტიკულად მძიმე და მძიმე, 635 (70%) კი, საშუალო სიმძიმის. როგორც სამედიცინი დაწესებულებაში ამბობენ, კრიტიკულად მძიმე პაციენტებში მთავარი სირთულე, კოვიდინფექციასთან ერთად, მძიმე ქრონიკული პათოლოგიები და დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია იყო. სწორი მკურნალობისა და პროტოკოლების სრული დაცვის შედეგად, 732-მა ინფიცირებულმა კორონავირუსი დაამარცხა. სხვა ვირუსიანები კი, განაგრძობენ მკურნალობას.

„ქრონიკული პათოლოგიებიდან აღსანიშნავია ჰემატოლოგიური და შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები. მათი ქრონიკული დაავადების გამო, გართულების ალბათობა მაღალია, მკურნალობის პროცესი კი, საკმაოდ გახანგრძლივებული,“- განუცხადეს „ახალ სიცოცხლეში“ jandacva.ge-ს.

იხილეთ ასევე

ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრი – პროექტი, რომელიც სიმსივნის მკურნალობის მსოფლიო რუკას შეცვლის

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტში, რომელიც ამ უნივერსიტეტში იხსნება,  ამერიკელი მეცნიერები ერთვებიან. …