მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ალცჰაიმერის შემთხვევები მატულობს – ერთერთ მიზეზად სპეციალისტები ურბანიზაციას ასახელებენ

ალცჰაიმერის შემთხვევები მატულობს – ერთერთ მიზეზად სპეციალისტები ურბანიზაციას ასახელებენ

ბოლო წლებში მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ალცჰაიმერის შემთხვევები გაორმაგდა და პროგნოზის თანახმად, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ამის შესახებ ნევროლოგმა ნონა მინდიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დაავადების გამოვლენა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის  – ოჯახის მზაობაზე, დაძლიოს სტიგმა და არ დამალოს დაავადების არსებობა.

ნევროლოგი განმარტავს, რომ ალცჰაიმერისგან არცერთი ადამიანი არაა დაცული მატერიალური, გონებრივი და სხვა ფაქტორების მიუხედავად.

„ადამიანებმა მეტნაკლებად დაძლიეს სტიგმა და გვაკითხავენ. რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ვერ დამალავ,“- აღნიშნა ნონა მინდიაშვილმა.

რაც შეეხება დაავადების მიზეზებს, ნევროლოგის განმარტებით, ბევრი რამ დღემდე უცნობია, თუმცა არის რისკფაქტორები, რომელთა ნეგატიური გავლენაც ეჭვქვეშ არ დგას. პირველ რიგში ესაა ჯანსაღი ცხოვრების წესის დარღვევა – მათ შორისაა  ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს მოხმარება, ხანგრძლივი უძილობა.

„ძალიან საინტერესოა ასევე, რომ როცა ადამიანი წყდება ცოცხალ ბუნებას – მცენარეებს, ცხოველებს, და არის მაქსიმალურად ურბანიზებული, ბეტონის კედლებში გამოკეტილი – ესეც ძალიან დიდი რისკია,“- განმარტავს ნონა მინდიაშვილი.

მისი თქმით, მდგომარეობის გამოსწორებისთვის ძალიან ეფექტიანია, პაციენტმა მიწასთან ურთიერთობა დაიწყოს, დაუბრუნდეს სოფელს, გაზარდოს მცენარეები. ასევე შესაძლებელია ოთახის მცენარეების მოვლა ბინის პირობებში, დეკორატიული ყვავილების ჩითილების გამოყვანა და ა.შ. მაქსიმალური ჩართულობა, სიახლის მოლოდინი და შრომათერაპია – ესაა ნევროლოგის მთავარი რჩევა.

მისივე თქმით, დემენციის განვითარების ერთერთი რისკფაქტორი სმენის დაქვეითებაცაა.

დღეს, 21 სექტემბერს ალცჰაიმერის დაავადების ცნობადობის ამაღლების დღეა. სპეციალისტების თქმით, ინფორმაციის ქონა და სტიგმის დაძლევა არის მთავარი გზა, რომელიც დაავადების დროულ დიაგნოსტირებას და ეფექტიან მკურნალობას განაპირობებს.

იხილეთ ასევე

ალერგიის სეზონი სრულდება – რატომ უგრძელდება ადამიანების ნაწილს ალერგიის სიმპტომები?

მაღალი ალერგენული თვისებების სარეველა მცენარეების ყვავილობა დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს. ამასთან, …