მთავარი » ახალი ამბები » ალექსანდრე ესაძე, “ფაიზერის” წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი: საქართველოს შეუძლია, მედიკამენტებისა და ვაქცინების შემუშავება დაიწყოს

ალექსანდრე ესაძე, “ფაიზერის” წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი: საქართველოს შეუძლია, მედიკამენტებისა და ვაქცინების შემუშავება დაიწყოს

ინტერვიუ ალექსანდრე ესაძესთან – „ფაიზერის“ ნიუ-იორკის ოფისის წამყვან მეცნერ-თანამშრომელთან აცრების შემუშავების დარგში.

– რამდენი ხანია, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობთ და რა შედის თქვენი საქმიანობის სფეროში კომპანია „ფაიზერში“? მუშაობდით თუ არა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე?

– ტეხასის სამედიცინო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით 2008 წელს ჩამოვედი. 2010 წელს პროფესორ ივაჰარას ლაბორატორიას შევუერთდი, სადაც დნმ-ის ცილების მიერ სკანირების მოლეკულური, სუბ-მოლეკულური და ატომური მექანიზმები შევისწავლე. შევიმუშავე პროექტი შიდსის ვირუსის განეიტრალებაზე ადამიანის იმუნურ უჯრედებში, დნმ-ის სკანირების და შეკეთების მექანიზმის დახმარებით. როგორც წამყვანი მეცნიერ-მკვლევარი, 2018 წლიდან ვმუშაობ Pfizer Inc-ში, სადაც ჩემი ამოცანა ახალი აცრების შემუშავება და დახასიათებაა. კონკრეტულად,  ჩვენ ვსწავლობთ იმ ანტისხეულებს, რომლებიც აცრის შემდეგ ადამიანის სხეულში გამომუშავდება. ასევე ვსწავლობთ ანტიგენების თვისებებს და მათგან გამომუშავებული ანტისხეულების ურთიერთქმედებას, მათ სტრუქტურულ და ბიოქიმიურ მახასიათებლებს. დიახ, ჩვენმა ჯგუფმა დიდი წვლილი შეტანა კოვიდ-ვაქცინის შემუშავებაში.

– რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ ვაქცინის ეფექტიანობას და ეშინიათ მისი გაკეთების?

– ციფრებს შევხედოთ: კორონავირუსით მსოფლიოში 126 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა, რაც პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 3%-ია. დაინფიცირებულთა ნაწილი კი დაიღუპა. ეს შეადარეთ ვაქცინის გვერდითი ეფექტების სიმძიმის ალბათობას, რაც, მხოლოდ ჩემი პირადი გამოცდილებით, საერთოდ არ ვლინდება ან ვლინდება ერთ-ორდღიანი სურდოს მაგვარი სიმპტომების დონეზე. მე პირადად „ფაიზერის“ ორივე აცრა გაკეთებული მაქვს და ერთადერთი გვერდითი მოვლენა იყო შემცივნება მეორე აცრიდან 24 საათის შემდეგ. როდესაც არსებობს გარკვეული შიში ვაქცინაციის მიმართ, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არ უნდა ვენდოთ სოციალურ მედიაში გავრცელებულ და სხვადასხვა პოპულისტურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რადგან იქ ყველაფერი სენსაციურობაზეა დაფუძნებული. ცუდი, საშიში გაცილებით უკეთ იყიდება, ვიდრე ის, რაც კარგია. სამწუხაროდ, კარგი არავის აინტერესებს. ამიტომ თუ ვინმეს აქვს „ფაიზერის“, „მოდერნას“, „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ან სხვა ვაქცინების მიღების შიში, უნდა გაეცნოს ძირთთად სამეცნიერო ლიტერატურას. მესმის, რომ ეს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის რთულად გასაგებია, მაგრამ მიმოხილვით ნამუშევრებში – განსაკუთრებით დიდ ჟურნალებში, როგორიცაა  მაგალითად „ლანცეტი“, არის ცხრილები, სადაც აცრილი ადამიანების შემოწმების შედეგებია წარმოდგენილი – რამდენ მათგანს რა გვერდითი ეფექტები ჰქონდა და როგორია ამ ეფექტების პროცენტული მაჩვენებელი. ეს პროცენტი კი ძალიან დაბალია.

– თქვენ რამდენიმე ვაქცინა ჩამოთვალეთ. საქართველომ დაიწყო ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ პრეპარატით. ველოდებით „ფაიზერის“ მცირე დოზებსაც. საუბარია ასევე ჩინურ ვაქცინებზე, რომელთა საქართველოში შემოტანაც განიხილება. რას გვეტყვით ამ პრეპარატეების ეფექტიანობის ხარისხზე, რამდენად დიდია მათ შორის განსხვავება ეფექტიანობის კუთხით?

– თავდაპირველად ვიტყვი, რომ მე ვსაუბრობ როგორც კერძო პირი და ჩემი მოსაზრებები არ უკავშირდება „ფაიზერის“ პოზიციას. ჩვენ ისევ და ისევ კვლევების შედეგებს უნდა შევხედოთ. მაგალითად, დღეს ყველაზე გამოყენებადი ვაქცინა არის „ფაიზერი“ და მისი ისრაელში გამოყენების შედეგად უკვე გვაქვს მასალა, რათა ვთქვათ, რა გვერდითი ეფექტები აქვს ამ ვაქცინას და რამდენად იცავს ადამიანს ახალი კორონავირუსისგან, რის შესახებაც ზემოთ ვისაუბრე. რაც შეეხება ჩინურ და ინდურ ვაქცინებს,  რამდენადაც მე ვიცი, ისინი ნაკლებად ეფექტიანია. ამის თქმის ერთერთ საფუძველს მაძლევს ბრაზილიის შემთხვევა, სადაც, მოსახლეობის მცირე პოპულაციაზე ჩატარებული კვლევის შედეგად, ჩინური აცრის ეფექტიანობა 75% იყო, რაც მისაღებად ითვლება. კვლევის შემდეგ ეტაპზე კი აღმოჩნდა, რომ ეფექტიანობის მაჩვენებელი 50% და ნაკლები იყო, რაც საკმარის დაცვად აღარ ითვლება, რადგან იმუნიზაციის პროცესში აუცილებელია დაცული იყოს წონასწორობა მედიკამენტისგან მისაღებ ბენეფიტებსა და შესაძლო უარყოფით შედეგებს შორის.

– ვაქცინაციის მოცვის რა მაჩვენებლის შემდეგ ჩაითვლება მიღწეულად საზოგადოებრივი იმუნიტეტი?

– პირველი ფაქტორია, რა დრო სჭირდება, რომ აცრა დამცველი გახდეს – ანუ როდს მივიღებთ დაცულობის 95%-ს ადამიანის ორგანიზმში. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიხედვით, სამკვირიანი ინტერვალის შემდეგ გაკეთებული აცრიდან ორ კვირაში ითვლება, რომ თქვენ აღწევთ დაცვის მაქსიმალურ პროცენტულ მაჩვენებელს. მეორე მომენტია, პოპულაციის რა ნაწილისთვის შეძლებთ ვაქცინის გაკეთებას. აქ მხოლოდ ვაქცინების მიწოდებას არ ვგულისხობ. ადამიანებს, უბრალოდ, შეუძლიათ თქვან „არა“ – არ მოწონდეთ ვაქცინის გაკეთება, ჰქონდეთ რელიგიური მიზეზები და ა.შ. ეს ხდება ისრაელში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. მე ვიტყოდი, რომ განსაკუთრებული პრობლემა ამ მხრივ შტატებშია. აქ არიან ანტივაქსერები, რომლებიც ფიქრობენ, რომ თუ ებოლა ან კორონა დაემართებათ, ბალახების და ნივრის ნახარშით შეძლებენ მკურნალობას. ცხადია, ეს ასე არ არის, მაგრამ თქვენ არ გაქვთ უფლება ეს ხალხი აიძულოთ, აიცრან. რაც უფრო დიდია  ასეთი ადამიანების რაოდენობა, მით ნაკლებია შანსი, შევაჩეროთ პანდემია და, შესაბამისად, მისგან გამოწვეული  ეკონომიკური ზარალი და ადამიანური მსხვერპლი.

– საქართველოს შემთხვევაში ამას ემატება ვაქცინების შემოტანის დაგვიანება, კონკრეტულად, ფაიზერის პარტიები ჯერ კიდევ თებერვალში უნდა მიგვეღო. ამიტომ იმუნიზაციის პროცესი ერთი თვის დაგვიანებით იწყება. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, რატომ დაიგვიანა თქვენი კომპანიის წარმოების ვაქცინის შემოტანა?

– მე არ მაქვს შეხება „ფაიზერის“ გაყიდვების დეპარტამენტთან. ჩვენ ვმუშაობთ პროდუქტის შემუშავებაზე და დახასიათებაზე და შემდგომ ჩვენი ნაშრომის და შედეგების CDC -სთვის მიწოდებაზე. შემდეგ კი CDC წყვეტს მისაღებია თუ არა ჩვენ მიერ ნაწარმოები პროდუქტი. შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ დაახლოებით 3-4 თვის წინ, როდესაც ჩვენი ვაქცინის გამოყენების ნებართვა გაიცა, დაიდო მთელი რიგი ხელშეკურლებები სხვადასხვა ქვეყანასთან. მაშინ კომპანიამ თქვა, რომ 2020 წლის ბოლომდე 50 მილიონ ერთეულ ვაქცინას გამოიმუშავებდა, 2021 წლის ბოლოსთვის კი 1,3 მილიარდს. იმის გამო, რომ საქარველომ ალბათ შედარებით გვიან დადო ეს ხელშეკრულება, მოუწია ლოდინი და როდესაც მისი რიგი მოვა, ის მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინას. ჩვენი ვაქცინების მისაღებად რიგში პირველი ისრაელი ჩადგა და ამიტომაც მან პრეპარატი პირველმა მიიღო. მაგალითად ამერიკაში კი, აცრილია მოსახლეობის 9%  – აქ საუბარია არა მხოლოდ ფაიზერის, არამედ სხვა ვაქცინებზე. ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია.

– თქვენ ფარმაცევტულ გიგანტში მუშაობთ. საქართველოში ფარმაცევტული წარმოება ვითარდება და გარკვეული მიღწევებიცაა. თქვენი გამოცდილებით, რა პოტენციალს ხედავთ საქართველოში ფარმაცევტული წარმოების განვითარების კუთხით, რომელსაც ის ვერ იყენებს?

–  საქართველოს შეუძლია, მედიკამენტებისა და ვაქცინების შემუშავება დაიწყოს, ეს მას უდიდეს შემოსავლებს მოუტანს. მედიკამენტების წარმოების განვითარება ქვეყნისთვის ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც თქვენ მწარმოებელი ხართ, მოგების მხოლოდ მცირე ნაწილს იღებთ, რადგან პროდუქციის ნამდვილი ფასი მის ინტელექტუალურ მფლობელობაშია. მაგალითად ინდოეთი მედკამენტების, მათ შორის ვაქცინების ერთერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი, მაგრამ არა შემქმნელია. ამას თავისი ბონუსები აქვს, მაგრამ როდესაც თქვენ თქვენს საკუთარ მედიკამენტს შექმნით, სულ სხვა ფულზეა საუბარი, ვიდრე როდესაც აწარმოებთ იმას, რაც სხვამ შექმნა. ავიღოთ ვაქცინა – მისი შემუშავება 10 თვეში მოხდა და 2 მლიარდი დოლარი დაჯდა. კომპანიის შემოსავალი კი ამ კონკრეტული ვაქცინისგან 10-15-ჯერ მეტი იქნება. 20-30 მილიარდი დოლარი საქართველოს ორი-სამი წლის ბიუჯეტია! ესაა იმის მაგალითი, რომ დიახ, ძალიან დიდი ფულის ჩადებაა საჭირო ამ დარგში, თუმცა შედეგიც ძალიან დიდია.

– საქართველოს მსგავსი პატარა და ღარიბი ქვეყნისთვის ასეთი პერსპექტივა რეალისტურია? ამას ხომ დიდძალი ინვესტიცია, ძვირადღირებული დანადგარები და ინტელექტუალური რესურსი სჭირდება?

– რა თქმა უნდა, ეს ერთ დღეში ვერ მოხდება, ამას სახელმწიფოს დახმარება სჭირდება, რადგან როდესაც მეცნიერი იწყებს მუშაობას, მთავარი პრობლემა დაფინანსების მოპოვებაა. საქართველოს მთავრობამ უნდა გაზარდოს დაფინანსება ამ მიმართულებით. ათასიანი და ორიათასიანი გრანტებით დიდ შედეგს ვერ მივიღებთ. ეს აყვანილი უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე და განხორციელდეს გრძელვადიანი ინვესტიცია. მე მესმის და ვიცი საქართველოს რეალობა. თუმცა ამაზე ფიქრი უკვე უნდა დაიწყოს. მაგალითად კოვიდის გავრცელების გამო მიღებული საერთაშორისო დახმარების ნაწილი რომ სამეცნიერო სფეროს გაძლიერებას მოხმარდეს, ცუდი არ იქნება. უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩადებული ინვესტიციის შედეგი იქნება რამდენიმე წლის შემდეგ – ჯერ უნდა აეწყოს ინფრასტრუქტურა, შეძენილ იქნას ხელსაწყოები, უნდა ჩამოვიდეს ის ხალხი, რომელსაც არ ჰქონდა საშუალება, ემუშავა საქართველოში და საქართველოსთვის.

– თქვენც ჩამოხვიდოდით?

– რატომაც არა.

– როგორ შეაფასებდით საქართველოში მოქმედ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას და კლინიკების მართვის მოდელს, სადაც უდიდესი წილი კერძო სექტორს უკავია. როგორ უყურებთ მედიცინას როგორც ბიზნესს?

– მედიცინა გარკვეული თვალსაზრისით ბიზნესია. ჩემი, როგორც მეცნიერის დამოკიდებულება ასეთია: ჩემთვის მნიშვნელოვანია მქონდეს სახლი, სადაც სამუშაოს შემდეგ მივალ, მექნება საკვები, არ დამჭირდება ხვალინდელ დღეზე ფიქრი. ეს მომცემს საშუალებას, ჩემს საქმეზე გავაკეთო ფოკუსირება. თუმცა სამედიცინო ბიზნესი გონივრულ ფარგლებში გაკონტროლებული უნდა იყოს. საქართველოს შეუძლია მაგალითი აიღოს ევროპიდან და არა ამერიკიდან. ევროპაში მედიკამენტების ფასები რეგულირდება, კონტროლდება ზედა ზღვარი. ამერიკაში კი ეს ზღვარი არ არსებობს ან ძალიან მაღალია, რისი შედეგიც არის ის, რომ წამლები ძალიან ძვირი ღირს.

– მედიკამენტების ფასების რეგულირებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომაც დააანონსა. არ ხედავთ საფრთხეს, რომ ეს ბიზნესს დააზარალებს?

– ბიზნესი, ცხადია, დაზარალდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას მოგება და გავითარების საშუალება აღარ ექნება. უნდა არსებობდეს წონასწორობა. მრავალპროცენტიანი მოგების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ამ მოგების დიდი ნაწილი მიდის ბონუსებსა და პრემიებში ბიზნესის მფლობელებთან. ბიზნესს უნდა დავუტოვოთ მოგების და განვითარების სტიმული, მაგრამ ეს მოგება არ უნდა იყოს უკონტროლო, რისი შედეგიცაა მედიკამენტების მაღალი ფასები.

– რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევას. საქართველოში კერძო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 15% სარგებლობს. თქვენი აზრით, ეს წილი არ უნდა გაიზარდოს და მოქალაქეების იმ ნაწილმა, რომელსაც ამის ფინანსური შესაძლებლობა აქვს, საკუთარ დაზღვევაზე თავად არ უნდა იზრუნოს?

– მე ევროპულ მოდელს ავირჩევდი. ესაა უნივერსალული დაზღვევა, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფო და არა კერძო დაზღვევაზე. კერძო დაზღვევაა აქ, ამერიკაში. კერძო დაზღვევა მეტ საშუალებას გაძლევთ, აირჩიოთ ის რაც გინდათ და არა ის, რასაც მთავრობა გთავაზობთ. ევროპაში, თუკი ადამიანი ავად გახდება, ის შეძლებს მომსახურების მიღებას და წამლების შეძენას. ამერიკაში კი, თქვენს სადაზღვევო პაკეტში კონკრეტულად უნდა იყოს გაწერილი, რა სახის მომსახურება დაიფარება, და რამდენადაც მეტია ამ მომსახურებათა, სია მით მეტია თქვენი დაზღვევის “პრემიუმ ფასი”. საქართველოში კარგი ვითარებაა იმ მხრივ, რომ  სამედიცინო მომსახურების ფასები ძალიან მისაღებია.

– ხარისხზე რას იტყოდით? ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც ამის საშუალება აქვს, მკურნალობას უცხოეთში, ძირითადად თურქეთში ამჯობინებს.

– მაგალითს მოგიყვანთ: მე 7 წელი ვმუშაობდი ტეხასის მოწინავე საუნივერსიტეტო ჰოსპიტრალში და 4 წელი ჰოპკინსის სამედიცინო კამპუსში. თუმცა სამედიცინო სერვისების მისაღებად საქართველოში ჩავდივარ. მე ამას არ ვაკეთებ ამერიკაში. ძალიან კმაყოფილი ვარ ქართველი ექიმების. მათთანაც მქონია უარყოფითი გამოცდილება, თუმცა ამერიკელ ექიმებთან ეს გამოცდილება 100%-ით ნეგატიურია. საქართველოში მკურნალობისა და კონსულტაციისას თავს ძალიან კონფორტულად ვგრძნობ. შეერთებული შტატების მედიცინაში ბევრი კარგი რამაა, რისი გაზიარებაც საქართველოს შეუძლია, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა არ არის ის, რომლის მოდელის გადაღებაც ღირს საქართველოსთვის.

– კოვიდის მართვის პროცესშიც იგივეს იტყოდით?

– რა თქმა უნდა. ის მომენტიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო პატარა და ცენტრალიზებული ქვეყანაა, ამერიკა კი დეცენტრალიზებულია და თითოეულ შტატს საკუთარი კანონი აქვს. იყო მაგალითი, როდესაც ფლორიდასა და სხვა შტატებშიც ხალხი დადიოდა პირბადეების და სოციალური დისტანციის დაცვის გარეშე. ამერიკაში ყველაფერს, მათ შორის პირბადის გაკეთებას, ადამიანები საკუთარი უფლებების შელახვად აღიქვამენ. ვიცი, რომ საქართველოში პირბადის არტარებაზე ჯარიმაა, რასაც სრულად ვეთანხმები, რადგან სიტუაცია მძიმეა და მნიშვნელოვანია თავდაცვის საშუალებების გამოყენება. ამერიკაში ეს ასე არაა. მხოლოდ კერძო ბიზნესს შეუძლია თქვას, რომ არ მოემსახურება მომხმარებელს, თუ პირბადის გარეშე შევა. თუმცა აქ სხვა პრობლემა იწყება – თუ ამ წესს ბევრი ადამიანი ბოიკოტს გამოუცხადებს, ბიზნესი ზარალდება,  ამიტომ კომპანიები საბოლოო ჯამში ამ მოთხოვნაზე უარს ამბობენ ან არბილებენ მას. კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ ვითარება სერიოზულია და აუცილებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა.

იხილეთ ასევე

“ვაპირებთ, დავიცვათ ვაქცინირებული დასაქმებულები არავაქცინირებულებისგან” – მილიონობით ამერიკელისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებებს, რომლის თანახმადაც მილიონობით დასაქმებულისთვის, მათ შორის ფედერალური მთავრობის …