მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ამერიკაში მცხოვრები ექიმი: სამწუხაროდ, საქართველოში ოჯახის ექიმის ინსტიტუტი ვერ შეიქმნა

ამერიკაში მცხოვრები ექიმი: სამწუხაროდ, საქართველოში ოჯახის ექიმის ინსტიტუტი ვერ შეიქმნა

საქართველოში ოჯახის ექიმის კულტურა და ინსტიტუტი ვერ შეიქმნა, რაც სამწუხარო ფაქტია.

ამის შესახებ აშშ-ში მცხოვრებმა ოჯახის ექიმმა თემურ ღურჭუმელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ განაცხადა.

მისივე თქმით, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის შექმნის მცდელობა ქვეყანაში იყო გასული საუკუნის 90-იან, ასევე 2000-იან წლებში, მოწვეულებიც იყვნენ უცხოელი სპეციალისტები, გარკვეული მომენტების გაუმჯობესება მოხდა კიდეც – დაიწყო ექიმების გადამზადება საოჯახო პრაქტიკის პროგრამებით, მაგრამ ფართო მასშტაბით ეს ვერ განხორციელდა.

„ალბათ ეკონომიკური მიზეზიც იყო. მაგრამ ამ კულტურის ჩამოყალიბება აუცილებელია. პანდემიამ ოჯახის ექიმის როლი განსაკუთრებით გამოკვეთა, რადგან ამერიკაში ადამიანები სხვადასხვა კითხვით სწორედ ოჯახის ექიმებს მიმართავდნენ. მათ იციან, რომ თვითმკურნალობა საშიშია, „ემერჯენსისადმი“ მიმართვა კი ძალიან ძვირია. ოჯახის ექიმს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის  არა მხოლოდ იმაში, რომ დაეხმაროს პაციენტს გარკვეული გართულებების პრევენციაში, არამედ მეთვალყურეობს მას მთელი ცხოვრების განმავლობაში. ოჯახის ექიმი პაციენტს თითქმის მთელი ცხოვრება მართავს. მყავს პაციენტები, რომელიც მივიღე 3 წლის ასაკში და დღეს 35 წლის არიან. ოჯახის ექიმებმა ვიცით არა მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ ის, თუ როგორია მისი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა, დამოკიდებულებები ოჯახში,“ – აღნიშნა ღურჭუმელიძემ.

მისივე თქმით, ოჯახის ექიმი პაციენტებს ეხმარება, მათი სამედიცინო მომსახურება იყო ხარჯთეფექტიანი. მაგალითად, იცის, ამა თუ იმ ჩივილის შემთხვევაში რომელ სპეციალისტთან გადაამისამართოს პაციენტი და არ მოხდეს ისე, რომ ამა თუ იმ ჩივილის შემთხვევაში ადამიანმა თავად იაროს ერთი სპეციალისტიდან მეორესთან.

„მაგალითად მომმართა ახალგაზრდა მამაკაცმა სახსრების ტკივილით. მეუბნება, რომ ორთოპედ-ტრავმატოლოგი სჭირდება. საქართველოს პირობებში ის მიმართავდა ორთოპედ-ტრავმატოლოგს, თუმცა გაირკვა, რომ ფსორიაზული ართრიტი სჭირდა. მას არ სჭირდება ორთოპედი. ასევეა დიაბეტის, გულის დაავადების შემთხვევებშიც. შესაძლოა, პაციენტი ამბობდეს, რომ პულმონოლოგი სჭირდება, არადა შორს წასული გულის დაავადება ჰქონდეს. მხოლოდ ოჯახის ექიმს შეუძლია ამოიცნოს ის დაავადება, რომლის მართვაცაა საჭირო,“ – განაცხადა მედიკოსმა.

ის კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას: მისი თქმით, ამერიკაში სადაზღვევო კომპანიები თვალს ადევნებენ ოჯახის ექიმის საქმიანობას – იმას, თუ როგორ ასრულებენ ექიმები გაიდლაინებს, და ანაზღაურებაც ამაზეა დამოკიდებული.

იხილეთ ასევე

ალერგიის სეზონი სრულდება – რატომ უგრძელდება ადამიანების ნაწილს ალერგიის სიმპტომები?

მაღალი ალერგენული თვისებების სარეველა მცენარეების ყვავილობა დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს. ამასთან, …