მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ამირან გამყრელიძე: ძალიან დამწყდა გული, როდესაც 2022 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი შეამცირეს

ამირან გამყრელიძე: ძალიან დამწყდა გული, როდესაც 2022 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი შეამცირეს

პანდემიაზე დანახარჯი საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით გაცილებით ნაკლებია ბევრ ქვეყანასთან მიმართებაში. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ჯანდაცვის ამჟამინდელი მინისტრის ზურაბ აზარაშვილის იმ განცხადების კომენტარისას აღნიშნა, რომელიც კოვიდ-კლინიკებისთვის სახელმწიფოს მიერ გადახდილ სოლიდურ თანხებს ეხებოდა. ამასთან, გამყრელიძის თქმით, აზარაშვილს აღნიშნული განცხადებების გაკეთებამდე  მედიკოსებისთვის მადლობა უნდა გადაეხადა.

„მე მაინც მადლობით დავიწყებდი… კოვიდი იგივეა, რაც ომი. რა თქმა უნდა, გამოყოფილი თანხა უნდა გაკონტროლდეს, მისი ხარჯვა უნდა იყოს ხარჯთეფექტური. ის ხარჯები, რაც გამოიყოფა, მიზნობრივად უნდა იხარჯებოდეს. აქ ბევრი პრობლემა არსებობს, მინისტრმა ხომ თავად უარყო, რომ ეს მილიარდი არ გაფლანგულა. რა თქმა უნდა, პატივს ვცემ მას როგორ მინისტრს, მის კრიტიკას არ დავიწყებ, მაგრამ პანდემიაზე დანახარჯი საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით გაცილებით ნაკლებია ბევრ ქვეყანასთან მიმართებაში. ციფრებს მინისტრი უფრო ფლობს, პანდემიის დროს ხარვეზები დარწმუნებული ვარ, იყო და იქნებოდა, მაგრამ არ ვფიქრობ ამხელა თანხის გაფლანგვასთან და უყაირათოდ ხარჯვასთან გვქონოდა საქმე,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„ინტერპრესნიუსი“ ასევე დაინტერესდა გამყრელიძის შეფასებით მინისტრის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, კოვიდის დროს იმაზე მეტი კლინიკა და საწოლფონდი გვქონდა, ვიდრე ეს საჭირო იყო. აზარაშვილის თქმითვე, მილიარდ ლარზე მეტი ცარიელ საწოლებში იყო გადახდილი.

ამ საკითხზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა: „ეს რას ნიშნავს, თუ ხანძარი არ არის, ე.წ. მეხანძრეს ფული არ უნდა გადაუხადო?! მთელი მსოფლიო საუბრობს დღეს მზადყოფნაზე. ნახეთ, თეთრი სახლის მზადყოფნის გეგმა როგორია, ჯანმოს გეგმა, ბილ გეითსის ბოლო წიგნი და წინადადებები, დიდი შვიდეულისა და ოცეულის რეკომენდაციები. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში ასეთი დიდი აფეთქებები იქნება. გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება ხელს უწყობს ბაქტერიებისა და განსაკუთრებით ვირუსების მუტაციას. მზადყოფნა მუდმივად უნდა იყოს. ძალიან დამწყდა გული, როდესაც 2022 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი 2021 წელთან შედარებით შეამცირეს. როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც ჯანდაცვის ბიუჯეტი გააორმაგა. ჯანდაცვა იქცა პოლიტიკურ პრიორიტეტად, საყოველთაო ჯანდაცვით შვება იგრძნო ხალხმა, რაც ბიუჯეტის გაზრდით მოხერხდა. გასულ წელს ბიუჯეტიდან თითქმის 4%-მდე დაიხარჯა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ჯანდაცვაზე. ზოგადად ჩვენნაირი ქვეყნისთვის 5-6% მაინც უნდა იყოს საზოგადოებრივი დანახარჯი ჯანდაცვაზე მშპ-თან მიმართებაში, რაც ბიუჯეტის 12-15% არის ხოლმე, ამისკენ მივდიოდით. 2021 პირველი წელი იყო ისტორიაში, როცა საზოგადოებრივმა დანახარჯმა ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში გადააჭარბა ჯიბიდან ამოღებულს (კერძო დანახარჯს). გასაგებია, ეს კოვიდის ხარჯზე იყოს, მაგრამ ამის შემცირება არ შეიძლებოდა, ისევე როგორც არ უნდა მოხსნოდა დანამატი სამედიცინო პერსონალს. გასაგებია, 2022 წელს კოვიდის მიმდინარეობა უმჯებესდებოდა, მაგრამ ეს ფული ჯანდაცვის სხვა საკითხებზე უნდა დახარჯულიყო. ეს გავაჟღერე საკოორდინაციო საბჭოზე, რომ ნუ შევამცირებთ ჯანდაცვის ბიუჯეტს, სწორი გზით მივდივართ, მაგრამ სამწუხაროდ, მაინც შემცირდა. დღეს ჯანდაცვას სჭირდება დაფინანსების მატება. სერიოზული კამათი მქონდა ამასთან დაკავშირებით ფინანსისტებთან. თუ გვინდა, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა იყოს გამართული, ყველას მიუწვდებოდეს ხელი ჯანდაცვის სერვისებზე, დაფინანსება უნდა გაიზარდოს და ის უკიდურესი მიზნობრიობით დაიხარჯოს (სელექტიური კონტრაქტირება). კორონავირუსის გარდა, ყოველივე ამასთან დაკავშირებით, მე ახალ მინისტრს დაახლოებით 15 პუნქტი ჩემი ხედვისა წარვუდგინე,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ასევე

კერძო სამედიცინო სექტორი კლინიკების აკრედიტაციის საკითხზე მეტ სიცხადეს ითხოვს

კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაცია სავალდებულო არ იქნება და ამ პროცესს ნებაყოფლობითი ხასიათი ექნება, თუმცა ეს იქნება …