მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ამირან გამყრელიძე: პანდემიის მართვისას ჩვენ საბედისწერო შეცდომა არ დაგვიშვია

ამირან გამყრელიძე: პანდემიის მართვისას ჩვენ საბედისწერო შეცდომა არ დაგვიშვია

პანდემიის მართვისას ჩვენ საბედისწერო შეცდომა არ დაგვიშვია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

პანდემიის მართვის შეფასებისას მან რამდენიმე გზავნილი გააჟღერა.  პირველი ის, რომ აუცილებელია ქვეყანამ გააანალიზოს პანდემიის ეს სამი წელი, ამას აკეთებს ყველა ქვეყანა.

მისი მეორე გზავნილი კი ისაა, რომ ქვეყანამ პანდემია მართა ისე, როგორც საქართველოს განვითარებას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ მდგომარეობას და აქ არსებულ ინტელექტუალურ რესურს შეესაბამებოდა.

„პანდემიის მართვისას ჩვენ საბედისწერო შეცდომა არ დაგვიშვია. როდესაც მეკითხებიან – შეიძლება, პანდემია უკეთესად ყოფილიყო მართული? – ჩემი პასუხია, დიახ, შეიძლებოდა. შეიძლებოდა, უკეთესად მართულიყო პანდემია, თუ მეტი სოლიდარობა იქნებოდა, არ მოხდებოდა ამ თემის პოლიტიზება. ჩვენ მოვუწოდებდით საზოგადოებას, რომ პოლიტიკა გადავდოთ გვერდზე და ამ საკითხში მაინც ვიყოთ ერთიანები. ქართველებს გვჩვევია, რომ ერთ ტაიმს ვთამაშობთ კარგად და ორ ტაიმს ვეღარ ვთამაშობთ. 2020 წლის ზაფხულში დავიჯერეთ, რომ ძალიან მაგრები ვართ და მოვიგეთ, კოვიდი დავამარცხეთ. ჩვენ სამიზნე 60 პროცენტი რომ აგვეცრა 2021 წლის ბოლოსთვის, დარწმუნებული ვარ, 1500-2000 ადამიანის სიცოცხლეს დავზოგავდით. ხშირად ვამბობდი, რომ 500 ადამიანის აცრა 1 გადარჩენილი სიცოცხლეა,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება ვაქცინაციას, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილი დირექტორის თქმით, სახელმწიფომ 2021 წელს ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 5 მლნ დოზა შეეძინა. დღეისთვის დახარჯულია 3 მილიონი.

„კიდევ უფრო მეტი საკომუნიკაციო კამპანია უნდა ყოფილიყო, მეტი უნდა გვემუშავა, მეტად უნდა დაგვერწმუნებინა ხალხი, მაგრამ ამას მარტო ცენტრი ვერ გააკეთებდა და ამას ხშირად ვამბობდი. ცოტა ნაწყენი ვიყავი კოლეგებზე, რომ 83%-ზე მეტი არ აიცრა, ექთნების 68%-ზე მეტი არ აიცრა, სწორედ ამიტომ ვიყავი მომხრე სამედიცინო პერსონალში და მასწავლებლებში ე.წ. სავალდებულო ვაქცინაცია შემოღებულიყო, რასაც საკოორდინაციო საბჭო არ დაეთანხმა. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო იმუნიზაციის კამპანია უკეთ ყოფილიყო ორგანიზებული. ეს კრიტიკა თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მიიღოს. დავიწყებ ჩემი თავით, თითოეულმა ჩემმა კოლეგამ, ექიმმა და ექთანმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ, უწყებებმა, უნდა მიიღოს – ყველას, ვისაც ვაქცინასთან ჰქონდა შეხება, მაგრამ ასევე პასუხისმგებლობა უნდა გაინაწილოს საზოგადოებამ. ჩვენ უფრო მაგალითი უნდა ვყოფილიყავით სხვებისთვის, 83% კი არა 99% უნდა აცრილიყო, ამით უნდა გვეჩვენებინა მაგალითი. ასევე, მაგალითი უნდა ყოფილიყო სხვა ცნობადი სახეებიც. ჩვენ ბევრჯერ გამოვაქვეყნეთ, თუ როგორ იცავს აცრა ინტენსიური თერაპიისგან და გარდაცვალებისგან. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ამოცანაა, რომ ლეტალური გამოსავალი არ დადგეს. სამწუხაროდ, მინიმუმამდეა დასული ყოველდღიური აცრების რაოდენობა, ეს არ არის კარგი. მესამე და მეოთხე დოზა „ომიკრონის“ წინააღმდეგ სერიოზულად მუშაობს.“- აღნიშნა გამყრელიძემ.

იხილეთ ასევე

სკოლაში კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, კონტაქტები იზოლაციაში აღარ გადავლენ

სკოლებში, სწავლის პროცესში კოვიდ 19-ით ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, ინფიცირებულის კონტაქტები იზოლაციაში აღარ გადავლენ, მათ მხოლოდ …