მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ამირან გამყრელიძე: ოთხი თვის განმავლობაში ქვეყანაში 3 მლნ 600 000 დოზა, ოთხი დასახელების ვაქცინა შემოვა

ამირან გამყრელიძე: ოთხი თვის განმავლობაში ქვეყანაში 3 მლნ 600 000 დოზა, ოთხი დასახელების ვაქცინა შემოვა

ივლისიდან საქართველოში დღეში 20-25 ათასი აცრა უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკვე არსებიბს ვაქცინების გარანტირებული შემოსვლის გრაფიკი და გარანტირებული კონტრაქტები, რომ ოთხი თვის განმავლობაში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი)  ქვეყანაში 3 მლნ 600 000 დოზა ოთხი დასახელების ვაქცინა შემოვა.

გამყრელიძის თქმით, პანდემიის დასრულების გზა გადის აცრაზე და სამიზნე მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით არის 1 მლნ 700 000 ადამიანის აცრა. მათ შორის აჭარაში მომავალი ექვსი თვის განმავლობაში სამიზნე მაჩვენებელია დაახლოებით 350 000 აცრის, ანუ დღეში 2000-3000 ვაქცინაციის ჩატარება. გამყრელიძე ამბობს, აჭარის სამედიცინო ქსელს ამის საშუალება აქვს და დარწმუნებულია, რომ მიზანი შესრულდება.

ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით კი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახლა „დაღმავალ ფერდზე“ ვიმყოფებით, ანუ მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ და ეპიდსიტუაცია მშვიდდება როგოც აჭარაში, ისე მთელ ქვეყანაში.

„ყველა პარამეტრი და ინდიკატორი როგორიც გახლავთ ინციდენტობის მაჩვენებელი ასი ათას მოსახლეზე, დადებითობის პროცენტი აჭარაში გვაქვს 2%-ის ფარგლებში ივნისის განმავლობაში. ახალი შემთხვევების რაოდენობა აჭარაში რამდენიმე ათეულია და 40-70-ის ფარგლებში მერყეობს, ანუ ასს არც ასცდენია და ეს კარგია, მაგრამ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, აჭარაში 19 000 აცრაა ჩატარებული.

იხილეთ ასევე

ამცრელ დაწესებულებებს მობილური ბრიგადების შექმნის ვალდებულება დაეკისრათ

COVID-19-ის ვაქცინის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს ახალი ვალდებულება ეკისრებათ. შესაბამისი დადგენილება, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე 9 ივნისს …