მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემია ბავშვების აცრის გარეშე ვერ დამარცხდება

ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემია ბავშვების აცრის გარეშე ვერ დამარცხდება

ვუახლოვდებით დღიურად აცრის 4 ათასიან მაჩვენებელს, არის მომატებული აქტივობა, მაგრამ პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებაა საჭირო – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ მედია-ვებინარზე განაცხადა.

მისი თქმით,  მაისის ბოლოს სასურველია აცრების დღიური მაჩვენებელი 5-6 ათასზე ავიდეს. ივლისიდან  კი მასობრივი იმუნიზაცია უნდა გაიშალოს, რა დროსაც აცრების რაოდენობა დღეში უკვე 10-15 ათასი უნდა გახდეს. ამისთვის კი ამცრელი ბრიგადების რაოდენობა ახლანდელი 150-დან მთელი ქვეყნის მასშტაბით 300-მდე გაიზრდება. გარდა ამისა, გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს ჯანდაცვის სამინისტროში განხილვაზე გაიტანენ 4 დიდ ქალაქში აცრის დიდი ცენტრების შექმნის საკითხს, სადაც ყოველდღიურად 2 ათასამდე აცრა ჩატარდება.

გამყრელიძის თქმით, სწორედ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, ქვეყანა იმუნიზაციის სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეს და დეკემბერში ზრდასრული მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი იქნეს აცრილი. ასეთ შემთხვევაში, როგორც გამყრელიძე ამბობს, აღარ გვექნება მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ტალღები, ასევე გარდაცვალების 18-20 შემთხვევა ყოველდღიურად.

ამირან გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ბავშვების იმუნიზაციის გარეშე პანდემიის დამარცხება შეუძლებელი იქნება, რადგან, მართალია მოზარდებში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ბავშვები ინფექციის აქტიური გადამტანები არიან. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, 12-დან 18 წლამდე ასაკის პირების იმუნიზაცია უკვე დაუშვა კანადამ, “ფაიზერი” და “ასტრაზენეკაც” აწარმოებენ შესაბამის კვლევებს. თუმცა საქართველოში ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია.

იხილეთ ასევე

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს 16 ადამიანი ემსხვერპლა და …