მთავარი » დაზღვევა » ამოქმედდეს ჯანმრთელობის უნივერსალური დაზღვევა ყველა მოქალაქისთვის – არასამთავრობო სექტორის მიმართვა ხელისუფლებას

ამოქმედდეს ჯანმრთელობის უნივერსალური დაზღვევა ყველა მოქალაქისთვის – არასამთავრობო სექტორის მიმართვა ხელისუფლებას

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს განვითარების პლატფორმა“ (GeoDP) დაასრულა მუშაობა სარეკომენდაციო პროექტზე „საქართველოს ჯანმრთელობის უნივერსალური დაზღვევის დანერგვის სტრატეგია“. დოკუმენტი ჯანდაცვის პოლიტიკის, ეკონომისტებისა და დაზღვევის სპეციალისტების ფართო ჩართულობით იქნა მომზადებული, რომელშიც ჯანმრთელობის დაზღვევას ცენტრალური ადგილი უკავია.

პროექტი უკვე წარედგინა საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, რათა მასში მოცემული ხედვები, პრინციპები და მექანიზმები გახდეს სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში.

სტრატეგიის შესაბამისად, სრულად იცვლება ჯანდაცვის დღეს არსებული მიდგომა. შემოთავაზებული ვერსია გულისხმობს, რომ სახელმწიფო საკანონმდებლო წესით დაადგენს და შესაბამისად, ექნება განსაზღვრული უნივერსალური სადაზღვევო პაკეტი მოსახლეობის ყველა კატეგორიისთვის, მიუხედავად ასაკისა, სოციალური კატეგორიისა, შემოსავლებისა და ა.შ.

„დღემდე ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პოლიტიკაში ფართოდ არის გამოყენებული შემდეგი სოციალური ინსტრუმენტი: სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, გარკვეულ ასაკობრივ თუ პროფესიულ ჯგუფებს სახელმწიფო უზრუნველყოფს სერვისების კუთხით უფრო ფართო პაკეტებით, ხოლო სხვა ჯგუფებს – უფრო მოკრძალებულით. სტრატეგიის მიდგომის შესაბამისად, ჯანმრთელობის დაზღვევის უნივერსალური პაკეტის შემოღება არის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის გარანტიებისა და შესაბამისად, სოციალური/საჯარო პასუხისმგებლობების აღების თვალსაზრისით, სახელმწიფოს არადიფერენცირებული დამოკიდებულების გამოხატულება საზოგადოების თითოეული წევრის მიმართ, განურჩევლად მისი რომელიმე ჯგუფის/კატეგორიისადმი კუთვნილებისა“ – აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე, თენგიზ შერგელაშვილი

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ეს მიდგომა ამოცანების გადასაჭრელ ინსტრუმენტად გამოიყენებს არა პაკეტების დიფერენცირებულობას, არამედ ყველა ინდივიდის უნივერსალური პაკეტის სერვისებით უზრუნველყოფის მიღწევის მიზნით, სადაზღვევო პრემიის გადახდაში მხარდაჭერის დიფერენცირებულ მიდგომებს. მათ შორის, თანაგადახდის და ფისკალური შეღავათების განსხვავებულ მექანიზმებს მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისთვის.

ცნობისთვის, „საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის უნივერსალური დაზღვევის სტრატეგია“ შემუშავდა პროექტის „საქართველოს ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პოლიტიკის შემუშავება“ ფარგლებში, ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) ფინანსური მხარდაჭერით.

 

jandacva.ge

 

იხილეთ ასევე

ქვეყანაში ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება იგეგმება

საქართველოში სამედიცინო შეცდომასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაზღვევის ამოქმედება იგეგმება. ამ საკითხზე  მსოფლიო ბანკი მუშაობს საბოლოო ანგარიშზე, …