მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ანტიბიოტიკების არამიზნობრივმა მოხმარებამ ცუდი შედეგები მოგვცა
ანტიბიოტიკების არამიზნობრივმა მოხმარებამ შესაძლოა, ადამიანის ორგანიზმში შეუქცევადი გართულებები გამოიწვიოს.რეცეპტული წამლები, ბევრგან მაინც ხელმისაწვდომია.

ანტიბიოტიკების არამიზნობრივმა მოხმარებამ ცუდი შედეგები მოგვცა

საქართველო, სამწუხაროდ, მოწინავე აღმოჩნდა იმ ქვეყნების სიაში, სადაც ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენება ხდება.
ანტიტიობიკების არამიზნობრივმა მოხმარებამ შესაძლოა, ადამიანის ორგანიზმში შეუქცევადი გართულებები გამოიწვიოს. ამ საკითხთან დაკავშირებით სასაუბროდ ბავშვთა ინფექციონისტს – მაიკო ჯანაშიას მივმართეთ. 

მისი განცხადებით, ანტიბიოტიკების არამიზნობრივმა მოხმარებამ უკვე გამოიწვია ცუდი შედეგები. „იმ ანტიბიოტიკების უმრავლესობას, რომელსაც სტაციონარში ვიყენებთ, ის მგრძნობელობა აღარ აქვს, რაც თუნდაც ორი წლის წინ ჰქონდა. ვარაუდით ხშირად გვიწევს ხოლმე მისი ჩანაცვლება, რადგან ფართო სპექტრი აღარ მუშაობს კონკრეტულ ინფექციებზე.

სარეცეპტო სისტემამ მცირედით შეამცირა ანტიბიოტიკოთერაპიის თვითნებურად დანიშვნები, რადგან ექიმის დანიშნულებისა და რეცეპტის გარეშე მოსახლეობა ვეღარ ყიდულობს აფთიაქში აღნიშნულ მედიკამენტებს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ექიმების მხრიდანაც ხდება ანტიბიოტიკის არამიზნობრივი დანიშვნა. ამიტომ, აუცილებელია, მოხდეს ექიმების გადამზადება, დატრენინგება და ა.შ. რათა მათ მეტი ინფორმაცია მიიღონ ამა თუ იმ პრეპარატის შესახებ. ვთვლი, რომ უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს კონტროლი სარეცეპტო მედიკამენტებზეც“, – აღნიშნავს ჯანაშია.

მისი აზრით, მოსახლეობა საკმაოდ კარგადაა ინფორმირებული ანტიბიოტიკების არამიზნობრივი გამოყენებისას მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, თუმცა ხალხი მიჩვეულია ამ დამღუპველ პრაქტიკას და გადაჩვევა ცოტა რთული საკითხია და დიდი ძალისხმევა სჭირდება.

„ამიტომ, პირველ რიგში, აფთიაქებზე უნდა გამკაცრდეს ზედამხედველობა, რომ პაციენტებმა თვითმკურნალობის მიზნით ვეღარ მოახერხონ რეცეპტის გარეშე მედიკამენტების შეძენა. რადგან ხდება ისეც, რომ ურეცეპტოდაც ყიდულობენ ანტიბიოტიკებს, ანუ რეცეპტული წამლები, სამწუხაროდ, ბევრგან მაინც ხელმისაწვდომია“, – განაცხადა მაიკო ჯანაშიამ.

presa.ge

იხილეთ ასევე

რეგულირების სააგენტომ ბაზრიდან Marion Biotech-ის წარმოების მედიკამენტი “ნოლგრიპ ჯუნიორი” გამოითხოვა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომკომპანია Marion Biotech-ის მიერ წარმოებული პრეპარატი, ნოლგრიპჯუნიორი – NOLGRIPP Junior, …