მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » „არც აცრა და არც კოვიდ 19 ონკოლოგიურ დაავადებას ან მის გამწვავებას არ იწვევს“ – ონკოლოგის განმარტება

„არც აცრა და არც კოვიდ 19 ონკოლოგიურ დაავადებას ან მის გამწვავებას არ იწვევს“ – ონკოლოგის განმარტება

არ არსებობს არანაირი საფუძველი იმის მტკიცებისთვის, რომ COVID 19 ან კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ონკოლოგიური პრობლემების წარმოქმნას ან გამწვავებას იწვევს. ამის შესახებ ონკოლოგმა ზაზა უჯმაჯურიძემ განაცხადა, რომელიც ახლა დანიაში მუშაობს.

„ის, რომ აცრის შემდეგ ონკოლოგიური დაავადება შეიძლება გაძლიერდეს ან უფრო მოედოს ორგანიზმს, ამის არანაირი საფუძველი არ გვაქვს,“ – განაცხადა ონკოლოგმა. მისი თქმით, მას მოუსმენია პაციენტებისგან, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ სიმსივნე აღმოაჩნდათ. თუმცა ზაზა უჯმაჯურიძე ამას დამთხვევით ხსნის, როცა კოვიდის გადატანის შემდეგ ადამიანი იძულებული გახდა კვლევები ჩაეტარებინა,  განსაკუთრებით ფილტვის არეში, რის შედეგადაც უკვე არსებული ონკოლოგიური დაავადება დროზე ადრე აღმოაჩნდა და დადასტურდა.

კოვიდი ნამდვილად არ იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს ისევე როგორც აცრა,“ – განაცხადა ზაზა უჯმაჯურიძემ.

მისი თქმით, ონკოლოგიური პაციენტები რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან. მათ შორის არიან ისეთები, რომლებსაც უკვე გადატანილი აქვთ დაავადება, არიან ნამკურნალევი, არ აქვთ აქტიური სიმსივნის ნიშნები. შეიძლება ითქვას ისინი უფრო უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე ისინი, ვისაც მაგალითად მეტასტაზური დაავადება აქვთ ან იტარებენ აქტიურ ონკოლოგიურ მკურნალობას – მაგალითად ქიმიოთერაპიას. მედიკოსის თქმით, ყველა ეს პაციენტი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, უნდა აიცრას.

„ძალიან მარტივი წესია: ონკოლოგიურ პაციენტს არ უნდა ეშინოდეს აცრის, არამედ უნდა ეშინოდეს კოვიდით ინფიცირების. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პაციენტს უარი ვუთხრათ აცრაზე იმის გამო, რომ მას დაავადება აქვს. პირიქით – ის რაც შეიძლება მალე,  აუცილებლად უნდა აიცრას. ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც თავს ვიკავებთ ონკოლოგიური პაციენტის ვაქცინაციისგან, ეს არიან ის იშვიათი პაციენტები, რომლებსაც ძვლის ტვინი აქვთ გადანერგილი. ესენი არიან ძალიან მძიმე პაციენტები, რომლებსაც მძიმე მკურნალობა აქვთ ჩატარებული. მაგრამ ონკოლოგიური პაციენტების 99% – იქნებიან ისინი დაკვირვების ფაზაში თუ აქტიური მკურნალობის პერიოდში – უნდა აიცრან და რაც შეიძლება მალე,“- განაცხადა ზაზა უჯმაჯურიძემ.

 

იხილეთ ასევე

„პირბადის ტარება ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის“ –  სწავლა გამკაცრებული რეგულაციებით დაიწყო

პირბადე ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის და, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების არარსებობის პირობებში, მისი ტარებით მოზარდს …