მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » არის შემთხვევები, როცა ექთნებს დაბალ პოზიციაზე ნიშნავენ, რომ მინიმალური ხელფასი არ გადაუხადონ – მინისტრის განცხადება

არის შემთხვევები, როცა ექთნებს დაბალ პოზიციაზე ნიშნავენ, რომ მინიმალური ხელფასი არ გადაუხადონ – მინისტრის განცხადება

არის სამწუხარო შემთხვევები, როდესაც კლინიკების ხელმძღვანელობას ექთნები იძულებით გადაჰყავს უფრო დაბალ პოზიციაზე, რათა მათ მინიმალური საათობრივი ანაზღაურება არ გადაუხადონ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ: მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა. რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული 40 ათასი მედპერსონალიდან 16 ათასი ექიმი და ექთანი ამ მინიმალურ ანაზღაურებაზე ნაკლებს იღებდა. როგორც მინისტრი განმარტავს, საუბარია ექთნის შემთხვევაში 500, ხოლო ექიმის შემთხვევაში 1000 ლარის მინიმალურ ანაზღაურებაზე.

მისივე თქმით, ამ რეგულაციის აღსრულების მონიტორინგი შრომის ინსპექციას დაეკისრა. მართალია, ჯერ თვე არ დამთავრებულა და, შესაბამისად, არც ჩარიცხვებია და იანვრიდან ამოქმედებული წესის შესრულების შესახებ მონაცემები არ არსებობს, თუმცა მედპერსონალის მხრიდან შრომის ინსპექციაში საჩივრები უკვე შედის.

„ძალიან სამწუხარო ფაქტებია, ჯერ პირველი იანვრიდან დავიწყეთ ეს რეფორმა – სულ 2-3 კვირაა გასული და უკვე შედის შრომის ინსპექციაში საჩივრები. შრომის ინსპექციას მივეცით მანდატი, რომ აკონტროლოს ეს სიტუაცია და აგრეთვე, შემოსავლების სამსახურთან ერთად შრომის ინსპექცია აწყობს ელექტრონულ სისტემას, სადაც საჩივრების დაფიქსირების შესაძლებლობა ონლაინ რეჟიმში იქნება – თუ ვინმეს ხელფასი შეუმცირეს, გაათავისუფლეს ან ნებისმიერი სხვა სიგნალი, რომელიც შესაძლოა დისკრიმინაციაზე და შრომითი უფლებების დარღვევაზე მიუთითებდეს, ეს ბერკეტიც გაჩნდა. ჯერ ისედაც რა დაბალია 500 ლარი ექთნისთვის, მაგრამ უკვე არის სამწუხარო შემთხვევები, და უკვე შედის საჩივრები შრომის ინსპექციაში, რომ ხდება იძულებით უფრო დაბალ პოზიციაზე გადანიშვნა. ექთანს რომ რაღაც სხვა პოზიციაზე გადავნიშნავთ იმისთვის, რომ 500 ლარი არ მივცეთ ხელფასი, საერთოდ რა ეთიკურობაზე და ადამიანობაზე შეიძლება ვისაუბროთ? 150 ლარის დაზოგვის გამო… ამას შრომის ინსპექცია დეტალურად მიყვება. ჩარიცხვები ჯერ არ ყოფილა, რადგან თვე ჯერ არ დასრულებულა და როცა გვექნება  პირველი შედეგები, შრომის ინსპექციას კონკრეტული რეაგირებები ექნება საკუთარი მანდატის ფარგლებში,“ – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

იხილეთ ასევე

საქართველოში ჯანდაცვაზე „ჯიბიდან“ გაწეული ხარჯები 43%-ს აღემატება

საქართველოში სამედიცინო სერვისებში ჯიბიდან გადახდების წილი აღემატება ჯანმოს მიერ დადგენილ 30%-იან დონეს, რაც ავადმყოფობასთან დაკავშირებული …