მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » არის თუ არა მედიკამენტების ფასები ხელოვნურად გაზრდილი – კონკურენციის სააგენტო კვლევას წლის ბოლოს დაასრულებს

არის თუ არა მედიკამენტების ფასები ხელოვნურად გაზრდილი – კონკურენციის სააგენტო კვლევას წლის ბოლოს დაასრულებს

კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის კვლევას მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაასრულებს. ამის შესახებ jandacva.ge -ს სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ ლევან კალანდაძემ განუცხადა.

მისი თქმით, შერჩეული მედიკამენტების ან მედიკამენტების ჯგუფის ანალიზის ფარგლებში, სააგენტოს ძირითადი დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს მედიკამენტების საცალო ან საბითუმო ფასები, ფასის ცვლილებაზე მოქმედი ძირითადი გარემოებების (მედიკამენტების თვითღირებულება, ლარის გაცვლითი კურსი) გავლენის შეფასება საცალო თუ საბითუმო ფასზე და შესაბამისად, ფასის ცვლილების ან დაკორექტირების გონივრულობაზე მსჯელობა. სააგენტო იკვლევს, რამდენად იყო კომპანიების მიერ საცალო ფასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები და ქმედებები გონივრული და დანახარჯებზე დაფუძნებული.

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის ანალიზი 2019 წელს დაიწყო. კვლევის შედეგები შესაბამის რეკომენდაციებთან ერთად გამოქვეყნდება. ამ ეტაპზე კი მონიტორინგი მიმდინარეობს.

მონიტორინგის პროცესში ხდება ბოლო 3-4 წლის ინფორმაციის დამუშავება, შერჩეულია მედიკამენტების 6 ძირითადი ჯგუფი, რომელიც არის ყველაზე მოთხოვნადი და რომელზეც სააგენტო იკვლევს როგორც ფასთწარმოქმნას, ისე კონკრეტული კომპანიების წილებს და ბაზრის სტრუქტურას.

პარასკევს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენის შემდეგ, მედიკამენტების ფასების ზრდასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა და დააფიქსირა პოზიცია, რომ საკითხის შესწავლა უნდა მოხდეს. შეკითხვა მას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა დაუსვა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  ეს საკითხი შესასწავლია და ამას სჭირდება ძალიან დროული რეაგირება. მისივე ინფორმაციით, მას ჰქონდა საუბარი ამის თაობაზე და მისთვის ცნობილია, რომ კონკურენციის სააგენტო აღნიშნული თემით უკვე დაინტერესებულია.

„გპირდებით, რომ დავაჩქარებთ ამ პროცესს. მზად ვარ პარლამენტარების ჩართულობა უზუნველვყოთ ამ პროცესში, რათა ისედაც გაჭირვებული მოსახლეობისთვის მედიკამენტების ფასები ხელმისაწვდომი იყოს,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფარმაცევტული პროდუქციის დისტრიბუტორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ილონა კოკიაშვილი აცხადებს, რომ ფარმაცევტული ბაზრის კვლევის მიზანი ბაზარზე კონკურენციის შესწავლაა, ფასებს კი, მისი თქმით, ნებისმიერი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ბაზარი და თავისუფალი კონკურენცია არეგულირებს. რაც შეეხება მოგების მარჟას, კოკიაშვილის თქმით, ამის დადგენაც არ წარმოადგენს სირთულეს,  რადგან ამის განსაზღვრა შესაძლებელია იმპორტირებული წამლის ღირებულების და სარეალიზაციო ობიექტში არსებული ფასის შესწავლის გზით.

ასევე შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მისმა უწყებამ მედიკამენტების ფასების რეგულაციებზე მუშაობა დაიწყო. თუმცა რა მოდელზეა საუბარი, მას შემდეგ სამინისტროს მხრიდან დეტალებზე არავის უსაუბრია. უწყებაში ამ თემაზე jandacva.ge-სთან კომენტარი არც დღეს გააკეთეს.

იხილეთ ასევე

ასოციაცია: ლარის რამდენიმედღიანი გამყარება, მედიკამენტების ფასზე ამ ეტაპზე ვერ აისახება

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, რომ ლარის რამდენიმე დღის სტაბილიზაცია …