მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » „აუცილებელია სისტემური მიდგომა და არა პოპულისტური განცხადებები“ –  ვახტანგ კალოიანი ჰოსპიტალურ ინფექციებზე

„აუცილებელია სისტემური მიდგომა და არა პოპულისტური განცხადებები“ –  ვახტანგ კალოიანი ჰოსპიტალურ ინფექციებზე

ჰოსპიტალური ინფექციების პრობლემასთან საბრძოლველად აუცილებელია სისტემური მიდგომა და ეროვნული პოლიტიკის შექმნა, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებს აქვთ, და არა პოპულისტური განცხადებები, როგორც საქართველოში ხდება. ასეთი შინაარსის განცხადებას „ნიუ-ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანი აკეთებს.

მისი თქმით, ჰოსპიტალური ინფექციების პრობლემა მრავალმხრივია, ის იწყება პირველად ჯანდაცვაში ანტიბიოტიკების ჭარბი დანიშვნით, ასევე სოფლის მეურნეობაში ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენებით, თვითმკურნალობით, კლინიკების ცუდი დაკომპლექტებით და მომარაგებით.

„ბევრი სისტემური პრობლემაა და ამას სჭირდება სისტემური ანალიზი და არა მისი კონკრეტული ნაწილების პოპულისტური შემოწმებები და პოპულისტური განცხადებები. საჭიროა ეროვნული გეგმა, როგორც ეს ბევრ განვითარებულ ქვეყანას აქვს, რათა შემცირდეს მულტირეზისტენტული ბაქტერიების პრობლემა სამედიცინო სექტორში,“ – აღნიშნა კალოიანმა.

მისი განმარტებით, ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სწორედ ანტიბიოტიკების არაადეკვატური გამოყენებაა, რომელიც ჰოსპიტლამდე იწყება, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა ატნიბიოტიკის ჯგუფის მიმართ მდგრადი ბაქტერიების გამომუშავებას, რაც ჩვეულებრივი ანტიბიოტიკებით აღარ ინკურნება და დგება ლეტალური გამოსავალი.

კალოიანის თქმით, ესაა პრობლემა მთელ მსოფლიოში და საჭიროა აქტიური მუშაობა როგორც ორგანიზაციული სახის, სახელმწიფო დონეზე, ისე კლინკურ დონეზე. მაგალითად, რომ მოხდეს ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენება, რეანიმაციული განყოფილებების დაკომპლექტება ექთნებით.

ამასთან, ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ პრობლემის ერთერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ კრიტიკული მედიცინისა და რეანიმაციული განყოფილებისთვის სახელმწიფომ მიიღო „დრაკონული 520-ე დადგენილება“, რამაც, მისივე თქმით, კატასტროფულად შეამცირა რეანიმაციული განყოფილებების უზრუნველყოფა. თუმცა, მედიკოსი მიიჩნევს, რომ ერთ კონკრეტულ საკითხზე კონცენტრაცია არ იქნება ეფექტიანი და პრობლემის მოგვარებას სჭირდება ნაციონალური პოლიტიკის შემუშვავება, როგორც აქვთ, მაგალითად, აშშ-სა  და ბრიტანეთს, რომლებიც მუდმივ მონიტორინგს უწევენ ამ საკითხს. ჩვენ კი, როგორც ვახტანგ კალოიანი აცხადებს,  ტექნიკური საშუალებაც არ გვაქვს, რომ ეს ბაქტერიები გამოვიკვლიოთ და მათი ტიპების განსაზღვრა  მოვახდინოთ.

„ყველა ქვეყანა, რომელიც ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე, ამას სახავს ერთერთ მნიშვნელოვან ნაციონალურ მიზნად,“ – ასე ასაბუთებს ვახტანგ კალოიანი ჰოსპიტალური ინფექციების კუთხით ერთიანი ეროვნული სტრატეგიის არსებობის აუცილებლობას.

ქვეყანაში ჰოსპიტალური ინფექციების კუთხით არსებულ ვითარებაზე ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით. რამდენიმე კლინიკაში ინფექციების კონტროლის კუთხით სამწუხარო და სავალალო მდგომარეობაა. მისი განცხადებით, აუდიტის სამსახურის და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მხრიდან რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ხორციელდება შემოწმება ინფექციების კონტროლის, ასევე პროტოკოლებისა და გაიდლაინების სწორად მკურნალობის შესწავლის და ფინანსური კუთხითაც.

„არის ძალიან სამწუხარო და სავალალო მდგომარეობა ინფექციის კონტროლის კუთხით, ზოგიერთში საერთოდ მოშლილია და სახეზეა სისტემური პრობლემები, რაც სამწუხაროდ კოვიდმა კიდევ უფრო გამოავლინა. ამიტომ იმ დატვირთულობის ფონზე, რაც კლინიკებს ჰქონდათ 2 წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, ამ რეალობამდე ვართ დღეს მისული. მინდა დავაზუსტო ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ინფექციების კონტროლის კუთხით იქნება, მკურნალობის სწორად მართვის თუ ფინანსური კუთხით, ეს არ იქნება ერთჯერადი ხასიათის, ამას ექნება სისტემური სახე და ჩვენი თანამშრომლები მიცემული რეკომენდაციების საფუძველზე იმ კონკრეტულ ვადებში ხელმეორედ მივლენ და შეამოწმებენ ამა თუ იმ კლინიკას, სანამ არ მოწესრიგდება მდგომარეობა და არ ვიქნებით თვდაჯერებულები, რომ მოქალაქეები მკურნალობენ უსაფრთხო გარემოში და სახელმწიფოსგან და ბიუჯეტიდან სწორად ხდება ანაზღაურება იმის მიხედვით, რა პროცედურა და მკურნალობა ჩაუტარდა პაციენტს,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

იხილეთ ასევე

“პრინციპულად მიუღებელია, სახელმწიფო მოქალაქეების და ბიუჯეტის ხარჯზე კლინიკებს ამდიდრებდეს”

ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების მიერ ბოლო პერიოდში გამოთქმულ პრეტენზიებს პასუხობს და მათ ახალ საპასუხო ბრალდებებს უყენებს. …