მთავარი » მსოფლიო » ბავშვების გარდაცვალება და შეზღუდვები არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის – მსოფლიო დელტა-ვარიანტს ებრძვის

ბავშვების გარდაცვალება და შეზღუდვები არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის – მსოფლიო დელტა-ვარიანტს ებრძვის

Covid-ინფექცია მთელ მსოფლიოში აქტიურ გავრცელებას განაგრძობს. ბოლო ორ თვეში მისი გავრცელების ტემპები დელტა-ვარიანტის გააქტიურებისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უმეტეს ქვეყნებში  ვაქცინაციის დაბალი ტემპების ფონზე გაიზარდა.

ბლუმბერგისა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო კვირის განმავლობაში მსოფლიოში 3,73 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება აშშ-ში, ბრაზილიაში, ინდონეზიაში, დიდ ბრინატეთში, ინდოეთსა და ესპანეთში.

აშშ-ში დაინფიცირების სტატისტიკამ წინა კვირასთან შედარებით 62%-ით მოიმატა, თუმცა სიკვდილიანობა იქ, ისევე როგორც დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში, ვაქცინაციის მაღალი ტემპების გამო, ისევ დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება.

ამ ფონზე კი კოვიდით გარდაცვალების მონაცემები მზარდია ინდოეთში, ბრაზილიასა და ინდონეზიაში.

ინდოეთში ორშაბათს ინფიცირების 39 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 416 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში 435 მილიონი დოზა ვაქცინა შეიტანეს, თუმცა მოსახლეობის მხოლოდ 7%-ია სრულად აცრილი.  ონლაინ-პლატფორმის LocalCircles-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, აგვისტო-სექტემბერში ინდოელების 28% მოგზაურობას აპირებს, რაც ინფექციის ახალი ტალღის საშიშროებას ქმნის.

ტესტირებისა და ვაქცინაციის გააქტიურების შედეგად, ინდონეზიის დედაქალაქში კოვიდინფექციისგან გარდაცვალების დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

ჯაკარტაში ჩატარებული კვლევის თანახმად, 1,9 მილიონი სრულად ვაქცინირებული მოსახლიდან მხოლოდ 4 გარდაიცვალა.

თუმცა ინდონეზიის მასშტაბით Covid-ით გარდაცვალების შემთხვევები იზრდება და ბოლო ერთ კვირაში იქ ასობით ბავშვი გარდაიცვალა, მათ შორის ბევრი 5 წლამდე ასაკისაა.

New York Times-ი, ექიმებზე დაყრდნობით წერს, რომ ბავშვების გარდაცვალების ფაქტები ეჭვქვეშ აყენებს წარმოდგენას იმის შესახებ, რომ მოზარდები, ზრდასრულებთან შედარებით, უფრო ნაკლები რისკის ქვეშ იმყოფებიან.

გამოცემის ინფორმაციით, ბავშვთა სიკვდილიანობა შეესაბამება დელტა-ვარიანტის გავრცელების მასშტაბებს და ეს აფეთქება ინდონეზიას პანდემიის ახალ ეპიცენტრად აქცევს.

შექმნილი ვითარების გამო, ინდონეზია აპირებს, უკვე მოქმედი უმკაცრესი ზომები კიდევ ერთი კვირით, 2 აგვისტომდე გაახანგრძლივოს, რადგან თითქმის ერთთვიანი შეზღუდვების შემდეგ ინფიცირების სტატისტიკა ისევ მაღალია.

აშშ Covid-19-ის ახალ ტალღასთან ბრძოლაში არასწორი მიმართულებით მოძრაობს  და შესაძლოა, განმეორებითი ვაქცინაცია გახდეს საჭირო, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლადი ადამიანებისთვის. ამის შესახებ ინფექციური დაავადებების საკითხებში ქვეყნის წამყვანმა სპეციალისტმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემაა ის, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი ჯერ კიდევ არაა სრულად ვაქცინირებული. მოდელირებული მონაცემებით, აშშ ყოველდღიური სიკვდილიანობის ცუდი სცენარის წინაშე აღმოჩნდება, რაც დღეში 4 ათას დაღუპულს გულისხმობს.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ესაა ყველაზე ცუდი სცენარი, თუმცა ეს არ იქნება კარგი,“ – განაცხადა ფაუჩიმ CNN-ზე გამოსვლისას და დაამატა, რომ „ჩვენ არასწორი მიმართულებით მივდივართ.“

დელტა-ვარიანტის გავრცელების ფონზე, გერმანიის მაღალი რანგის პოლიტიკოსების ნაწილი გამოდის ინიციატივით, ქვეყანაში დაწესდეს მკაცრი შეზღუდვები არავაქცინირებული ადამიანებისთვის. ნაწილი სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებასაც კი ითხოვს.

არსებული ინიციატივით, არავაქცინირებულ მოქალაქეებს უნდა აეკრძალოთ რესტორნებში, კინოთეატრებსა და სტადიონებზე სიარული. ამის შესახებ ანგელა მერკელის კანცელარიის აპარატის ხელმძღვანელმა ხელგე ბრაუნმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს რეგულაციები შესაძლოა, ტესტებისგან დამოუკიდებლად შემოიღონ.

 

იხილეთ ასევე

„რევოლუცია კიბოს მკურნალობაში“ – ასტრაზენეკას COVID-ვაქცინის ანალოგით, კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნა

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ლუდვიგის კიბოს კვლევის ინსტიტუტის მკვლევარებმა შექმნეს კიბოს საწინააღმდეგო ორდოზიანი ვაქცინა, რომელშიც იგივე …