მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » „ბევრ პაციენტს დანაშაულის გრძნობა აქვს“ – როდის იჯერებენ ადამიანები, რომ თამბაქო ფილტვის კიბოს იწვევს

„ბევრ პაციენტს დანაშაულის გრძნობა აქვს“ – როდის იჯერებენ ადამიანები, რომ თამბაქო ფილტვის კიბოს იწვევს

მითია, რომ ელექტრონული სიგარეტი უსაფრთხოა და ორგანიზმს ნაკლებ ზიანს აყენებს ტრადიციულ თამბაქოსთან შედარებით – ამის შესახებ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ონკოლოგმა ნინო ფიფიამ განაცხადა, რომელიც საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე თამბაქოს მოხმარების მავნე შედეგების შესახებ საუბრობს.

„მითია, რომ ელექტრონულ სიგარეტს არ აქვს მავნე ზემოქმედება ჩვენს ჯანმრთელობაზე. ჯანმო და ამერიკის წამლის მართვის სააგენტო აღნიშნავენ, რომ ელექტრონული სიგარეტი ისევე მავნეა, როგორც ჩვეულებრივი თამბაქო. ელექტრონული სიგარეტის მოხმარებით რისკები არ მცირდება,“ – განაცხადა ფიფიამ.

მისი თქმით,  თამბაქოს მოხმარება არის 17 სახის ავთვისებიანი სიმსივნის მიზეზი, რომელთა შორისაც პირველ ადგილზე ფილტვის კიბოა, მეორეზე კი შარდის ბუშტის სიმსივნე, რამდენადაც გასაკვირიც არ უნდა იყოს. მწეველობა ზოგ შემთხვევაში ლეიკემიის გამომწვევი ერთერთი მიზეზიცაა.

ონკოლოგი აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ ასევე საფრთხის შემცველია პასიური მწეველობა – როცა ადამიანს უწევს ცხოვრება ოჯახის ისეთ წევრთან, რომელიც აქტიური მწეველია, არამწეველის  რისკებიც იზრდება ჯანმრთელ პოპულაციასთან მიმართებით.

თამბაქოს გარდა, რომელიც ფილტვის კიბოთი დაავადებულთა შორის 85%-ში დაავადების გამომწვევი მიზეზია, რისკფაქტორებში შედის ავტომობილების გამონაბოლქვი, რომელსაც აზოტის დიოქსიდი შეიცავს. გარდა ამისა, რისკი ბევრად იზრდება იმ შემთხვევაში, თუ სიმსივნე პირველი რიგის ნათესავებშია დაფიქსირებული – ესენია, პირველ რიგში მშობლები და დედმამიშვილები.

ნანა ფიფია, რომელიც უშუალოდაა ჩართული პაციენტების მკურნალობაში, ამბობს, რომ ბევრ დაავადებულს აქვს დანაშაულის განცდა იმის გამო, რომ მისი ავადმყოფობა მისივე მავნე ჩვევის შედეგია. ეს კი თავის მხრივ დეპრესიას იწვევს, რაზეც უკვე ფსიქოლოგებს უწევთ მუშაობა.

„პაციენტებს ხშირად აქვთ დანაშაულის გრძნობა, რომ მავნე ჩვევის გამო გაუჩნდათ ეს დაავადება, რაც დეპრესიის გაჩენის რისკფაქტორია. აშშ-სა და ევროპაში მიმდინარეობს შესწავლა, როგორ შეიძლება დავეხმაროთ დაავადებულს, მობილიზებულები არიან ონკოფსიქოლოგები, რომ  პაციენტი გათავისუფლდეს დანაშაულის შეგრძნებიდან და იმედიანად შეხედონ მომავალს, რადგან ფილტვის კიბო არ არის განაჩენი შორს წასულ შემთხვევაშიც კი და შესაძლოა მეოთხე სტადიის პაციენტმაც კი წლები იცოცხლოს,“- განაცხადა ონკოლოგმა.

რაც შეეხება სიმპტომებს, ნანა ფიფიას თქმით, რადგან ფილტვის კიბოს სიმპტომატიკა არ არის სპეციფიკური, მისი დადგენა რთულია და ამის გამო ხშირია გვიან სტადიაზე დიაგნოსტირების შემთხვევები.

სიმპტომებს შორისაა მშრალი ხველა, სუნთქვის გაძნელება, სისხლიანი ნახველი. ამასთან, პაციენტების უმეტესობას ადრეულ სტადიაზე შესაძლოა არანაირი ჩივილი არ ქონდეს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, ადამიანმა იცოდეს, რამდენად შედის ის რისჯგუფში, რათა უფრო ხშირად იკეთოს სკრინინგი.

„არსებობს რისკჯგუფები, რომლებიც ყურადღებით უნდა იყვნენ და ხშირად მიმართონ ექიმს, რადგან თუ ეს დაავადება გამოსავლენია, დროულად გამოვლინდეს. ადრეულ სტადიაზე ფილტვის კიბო არაა განაჩენი და გამოჯანმრთელება შესაძლებელია. უფასო სკრინინგი ზოგიერთ კლინიკაში მიმდინარეობდა, მაგრამ შეჩერებულია დაბალი მიმართვიანობის გამო. არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას, რომ არ გამოგვეპაროს ეს დაავადება: ესენი არიან 50 წელზე მეტი ასაკის, თამბაქოს მომხმარებლები, რომლებიც დღეში 20 ღერზე მეტს ეწევიან და ბოლო 15 წლის მანძილზე მოწევისთვის თავი არ დაუნებებიათ,“  – განაცხადა ნანა ფიფიამ.

იხილეთ ასევე

უდაბნოს მტვერი საქართველოში, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდეს – რეკომენდაციები რისკ-ჯგუფებისთვის

როგორ უნდა დავიცვათ თავი უდაბნოს მტვრის გავრცელების პირობებში? ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს …