მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ბევრი მედიკამენტი, ოთახში მაღალი ტემპერატურა და უჰაერობა – მშობლების მთავარი შეცდომები ბავშვის მკურნალობისას

ბევრი მედიკამენტი, ოთახში მაღალი ტემპერატურა და უჰაერობა – მშობლების მთავარი შეცდომები ბავშვის მკურნალობისას

ანტიჰისტამინური მედიკამენტები და არასაჭირო წამლები, ოთახში მაღალი ტემპერატურა და წოლა – პედიატრი რუსუდან ჯაში იმ მცდარ მიდგომებს ჩამოთვლის, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოში, ბავშვის ავადობის დროს მშობლებს შორის ძალიან გავრცელებულია.

„ხველა შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული და ეს არ ნიშნავს, რომ ამ დროს აუცილებლად გვჭირდება ხველის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება.  როცა ბავშვი ახველებს, ეს არის ოჯახში სერიოზული პრობლემა და მაშინვე გარბიან ექიმთან, მაშინვე უნდათ, რომ მოისმინოს ექიმმა, მაშინვე უნდათ წამალი.

სწორია მშობელი, როდესაც მიდის ექიმთან, როცა ბავშვს ახველებს და როცა ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა, და ეს საკითხი ერთად უნდა განისაზღვროს. მაგრამ ნებისმიერ ბანალურ შემთხვევაში რჩევა არის ასეთი: არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ბავშვს ანტიბიოტიკი, სანამ არ დარწმუნდებით და არ დაასაბუთებთ ამის საჭიროებას. თუმცა თუ ჯერ სისხლის ანალიზი არაა გაკეთებული და ექიმი რენტგენს აკეთებს და შემდეგ მკურნალობს, ეს მიდგომა ნამდვილად არ არის სწორი,“- განაცხადა რუსუდან ჯაშმა.

მისი თქმით, ხველისა და სასუნთქი სისტემების პათოლოგიების დროს ძალიან ხშირია ანტიჰისტამინური (ანტიალერგიული) საშუალებების დანიშვნის ფაქტები, რაც, მისივე შეფასებით, ძალიან სერიოზული პრობლემაა იმიტომ, რომ ანტიჰისტამინური საშუალებები საპირისპირო ეფექტს იძლევა, ნახველს აშრობს და კიდევ უფრო ახანგრძლივებს ხველას. თანაც, როგორც რუსუდან ჯაში ამბობს, ძალიან ბევრი მშობელი თავად წყვეტს, როდესაც ბავშვი ახველებს, მისცეს ანტიჰესტამინური საშუალება. ეს, პედიატრის თქმით, ძალიან სერიოზული შეცდომაა.

„ფილტვების ანთების დროს გაიდლაინში სამად სამი დანიშნულებაა: რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია, რეჰიდრატაცია – იგულისხმება მაღალი ელექტროლიტების გამოყენება, და ჟანგბადის მიცემა, თუმცა არაა აუცილებელი ეს დამატებითი წვეთების სახით მივცეთ. ჟანგბადის მიცემა ნიშნავს, რომ ბავშვი ჰაერზე გავიყვანოთ. ოთახი, სადაც ბავშვია, მუდმივად უნდა ვანიავოთ. არ არის აუცილებელი წოლა, და ყველაზე მთავარი – ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ოთახში, სადაც ბავშვი წევს, ძალიან მაღალი ტემპერატურაა. არასოდეს არ დაიწევს ბავშვის ტემპერატურა, სანამ ოთახის ტემპერატურა მაღალი იქნება,“- განაცხადა პედიატრმა.

ის კიდევ ერთ, საკმაოდ გავრცელებულ მავნე პრაქტიკაზე საუბრობს, როცა ტემპერატურის სწრაფად დაგდების მიზნით მშობელი ბავშვს ორ დამწევს ერთდროულად აძლევს – ერთს აბების სახით და მეორეს სანთლის. ეს კი, პედიატრის განმარტებით, ორგანიზმს სერიოზულ ზიანს აყენებს.

„ტემპერატურის ნელა ჩამოსვლა ორგანიზმისთვის კარგია, მაგრამ როდესაც მშობლებს სურთ ტემპერატურის სწრაფად დაგდება, უხამებენ ორ დამწევს – ერთს დასალევად და მეორე სანთელს. ესაა არასწორი ქმედებაა – შესაძლოა იმწუთას დაიწიოს ტემპერატურა, მაგრამ ეს აზიანებს ღვიძლს. წამლებთან მიმართებაში სიფხიზლე არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ არ ვავნოთ პაციენტს,“ – განაცხადა რუსუდან ჯაშმა.

იხილეთ ასევე

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოცვა 80%-მდე უნდა იყოს, თბილისში კი მხოლოდ 18%-ია

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგში პისიარ ტესტირება ჩაერთვება – ასეთია განახლებული გაიდლაინი, რომელსაც სკრინინგის ეროვნული ცენტრი …