მთავარი » ახალი ამბები » BioNTech-ის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ “ფაიზერის” ვაქცინა ინდური შტამის წინააღმდეგაც იმუშავებს

BioNTech-ის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ “ფაიზერის” ვაქცინა ინდური შტამის წინააღმდეგაც იმუშავებს

BioNTech-ის გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ Covid-19-ის ვაქცინა, რომელიც მისმა კომპანიამ Pfizer-თან ერთად პირველად წარმოადგინა, ინდოეთში გავრცელებული  ახალი ვარიანტიოს წინააღმდეგად იმუშავებს. სტატიას ამის შესახებ Financial Times-ი აქვეყნებს.

გამოცემის თანახმად, უგურ საჰინმა, რომელმაც თავის მეუღლესთან ოზლამ თურეჯისთან ერთად გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია დააარსა, განაცხადა, რომ BioNTech-მა ვაქცინა ვირუსის  შესაძლო ვარიანტების გათვალისწინებით შექმნა.

BioNTech-ი აცხადებს, რომ ვირუსის 30-ზე მეტი ვარიანტი შეისწავლა, მათ შორის ინდოეთში დაფიქსირებული მუტირებული სახეობა, რომელიც ცნობილია როგორც B.1.617. მათი თქმით, აღნიშნულ ვარიანტს აქვს იგივე მუტაციები, რომლებიც კომპანიამ უკვე გამოიკვლია და რომელთა წინააღმდეგაც ვაქცინა ეფექტიანია.

ე.წ. ინდური შტამი ვირუსის გენომების გლობალურ ბაზაში  გასული წლის ოქტომბრის დასაწყისში დარეგისტრირდა და მას შემდეგ ინდოეთის გარდა 20-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა, ძირითადად ინდოეთიდან ჩასულ ვიზიტორებში.

BioNTech-ი და Pfizer-ი იყვნენ პირველები, ვინც Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ბაზარზე გამოიტანა და მარეგულირებლების თანხმობაც მიიღო, თუმცა ინდოეთში მისი გამოყენება ამ დრომდე არ არის ნებადართული.

ინდოეთში Covid-19-ის დამანგრეველმა აფეთქებამ, რის შედეგადაც ყოველდღიურად ქვეყანაში გარდაცვალების 3000-მდე შემთხვევა ფიქსირდება, გააძლიერა ზეწოლა მდიდარ ქვეყნებზე, რათა ისინი დაბალი შემოსავლების მქონე სახელმწიფოებს ვაქცინების მიღებაში დაეხმარონ.

რაც შეეხება „ფაიზერის“ ვაქცინასთან დაკავშირებულ სიახლეებს, საჰინის პროგნოზის თანახმად, ვაქცინირებულ ადამიანებს შესაძლოა 9-12 თვის შემდეგ მესამე ინექცია დასჭირდეთ. ამის მიზეზად მეცნიერი ასახელებს მონაცემებს, რომელთა თანახმადაც, გაკეთებიდან 6 თვეში ვაქცინის დაცვის დონე 95%-დან 91%-მდე იკლებს.  მისივე თქმით, უახლოეს წლებში, სავარაუდოდ, საჭირო გახდება დამატებითი ვაქცინაცია ყოველ 12-18 თვეში ერთხელ. საჰინი ამბობს, რომ აუცილებელია, საზოგადოებებმა ისწავლონ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება,  ხოლო მათ, ვისაც არ სურთ ან არ შეუძლიათ ვაქცინის გაკეთება, თავდაცვის ახალ მეთოდებთან ადაპტაცია უნდა მოახდინონ

„ახალ რეალობაში ჩვენ, ალბათ, გაზეთებში ყოველ ორ კვირაში ერთხელ წავიკითხავთ ინფორმაციას მცირე აფეთქების შესახებ, რომლებიც კონტროლის ქვეშ იქნა აყვანილი. ჩვენ შევეგუებით ახალ რეალობას და Covid -თან დაკავშირებული ყველა ძლიერი ემოცია  დაგვავიწყდება,“ – განაცხადა მეცნიერმა.

იხილეთ ასევე

რომელი დაავადების შემთხვევაში არ აგცრიან “სინოფარმის” ვაქცინით – ივანე ჩხაიძის განმარტება

იმ ვაქცინებს შორის, რომლებიც მსოფლიოში გამოიყენება, ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმი“ ერთადერთია, რომლის გამოყენების წესებში,  აცრის …