მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ბოჭორიშვილის კლინიკა: კოვიდგანყოფილებაში ყველა საწოლი დაკავებულია

ბოჭორიშვილის კლინიკა: კოვიდგანყოფილებაში ყველა საწოლი დაკავებულია

ბოჭორიშვილის კლინიკის კოვიდ-განყოფილებაში ყველა ადგილი დაკავებულია. ამის შესახებ jandacva.ge-ს კლინიკიდან აცნობეს.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, ამ ეტაპზე კლინიკა ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობს, ანუ აქვთ როგორც კოვიდ, ისე სხვა, სტანდარტული მიმართულებები.

კლინიკის ინფორმაციით, კოვიდ-ნაწილში 150-მდე ადგილია და ყველა მათგანი, მათ შორის რეანიმაცია და 20-საწოლიანი პედიატრიული განყოფილება შევსებულია. ჯამში კლინიკაში 300-მდე ადგილია, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, სრულად დაეთმობა კოვიდპაციენტებს, როგორც ეს ვირუსის გავრცელების პიკზე იყო, როდესაც სამედიცინო დაწესებულება კოვიდ კლინიკის სტატუსით ფუნქციონირებდა და ქვეყნის ერთერთი მსხვილი კოვიდ-მიმღები  დაწესებულება იყო.

ბოჭორიშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ იანვარ-თებერვალში მაღალი იყო პოსტ-კოვიდური გართულებების მქონე პაციენტების მიმართვიანობა, რაც ნოემბერ-დეკემბრის პიკური პერიოდის გამოძახილი იყო. ბოლო კვირებში კი პოსტ-კოვიდური სინდრომით მიმართვიანობა საგრძნობლად შემცირდა, რაც წლის დასაწყისში ეპიდვითარების დასტაბილურებას უკავშირდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების პიკზე ქვეყანაში 110 კოვიდკლინიკა ფუნქციონირებდა, ახლა კი 65-ია (ესენია როგორც კოვიდკლინიკები, ისე ჰიბრიდული რეჟიმით მომუშავე სამედიცინო დაწესებულებები).

შეგახსენებთ: საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დაგეგმილი იყო კლინიკების დემობილიზაცია 21 აპრილიდან, ანუ მათში კოვიდგანყოფილებები უნდა დაუხურულიყო. თუმცა გართულებული ეპიდვითარების გამო ეს პროცესი შეჩერდა და კლინიკებს ეთხოვათ, გააგრძელონ ფუნქციონირება კოვიდის მართვის რეჟიმში.

დღეს, 18 იანვრის შემდეგ პირველად, კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 1000-ს გადასცდა და 1374 შეადგინა.

ჰოსპიტლებში 2445 ადამიანი იმყოფება.

იხილეთ ასევე

თბილისის მოსახლეობაში ვაქცინაციისთვის მზაობა გაიზარდა – კვლევის შედეგები

თებერვალში ჩატარებული კვლევისგან განსხვავებით, აპრილში ვაქცინაციასთან დაკავშირებით თბილისელების ინფორმირებულობის დონე 33%-ით გაიზარდა. ახლა უკვე 70% …