მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი: თავისუფალი ადგილები თითქმის არ გვაქვს, ტენდენცია მზარდია

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი: თავისუფალი ადგილები თითქმის არ გვაქვს, ტენდენცია მზარდია

ქვეყანაში არ მომხდარა არანაირი ცვლილება და არ არსებობს პირობა, რის გამოც ადამიანებს შეუძლიათ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ და პირბადის ტარებაზე უარი თქვან.

ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია აცხადებს.

„შეიძლება, ბევრ ადამიანს უკვე მობეზრებული აქვს ეს მოწოდებები, მათ შორის ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, ან თქვან – რა დროს პირბადეა ამ სიცხეში. მაგრამ რა ახალი პირობაა იმის, რომ ჩავთვალოთ, რომ კარგად ვართ, გულარხეინად ვიყოთ და გავამარტივოთ ყველაფერი? არც აცრილთა პროცენტული რაოდენობაა სათანადო ზღვარზე და არც მსოფლიოში შერბილებულა ეპიდსიტუაცია ისე, რომ გარედან არ შემოვიდეს ვირუსი, თან ტურისტების ზრდის გათვალისწინებით. ამას ემატება ახალი დელტა შტამი, რომელიც მაღალი გადამდებლობით ხასიათდება. “ – აცხადებს გადელია.

მისი თქმით, თავად ორჯერაა აცრილი, თუმცა მუდმივად ატარებს პირბადეს, რადგან, მართალია, აცრა იცავს მძიმე მიმდინარეობისა და გარდაცვალებისგან, მაგრამ 100 %-ით არ იცავს დაინფიცირებისგან.

ამასთან, გადელიას თქმით, ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა და ამას ბოჭორიშვილის კლინიკისადმი პაციენტთა მოთხოვნის ზრდაც ადასტურებს. ჰოსპიტალში თითქმის არაა თავისუფალი ადგილები, და ტენდენცია ზრდისკენაა.

„ვუახლოვდებით იმ ხაზს, რომელიც გვქონდა ოქტომბერში და ნოემბერში და ამის ერთერთი მიზეზი რეგულაციების გამარტივებაა. კარგად მესმის – არის ადამიანების დიდი ნაწილი, რომელიც ითხოვს ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამოსვლის გზებს, სახელმწიფოც თმობს რაღაცეებს. ეს დათმობები არ უნდა მოხდეს ეპიდსიტუაციის გაუარესების ხარჯზე, რაც ალბათ ხდება ხოლმე,“ – ამბობს გადელია.

 

იხილეთ ასევე

თბილისში ბაღების ნახევარზე მეტი დახურულია, ქვეყნის მასშტაბით კი 108 სკოლა და 687 კლასი დისტანციურ რეჟიმზეა

ბოლო კვირის მონაცემით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი. ინფორმაციას …