მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ბოხუას კლინიკა: ლარის გაუფასურების პირობებში მომსახურების ტარიფების “დაჭერა” რთულია

ბოხუას კლინიკა: ლარის გაუფასურების პირობებში მომსახურების ტარიფების “დაჭერა” რთულია

ლარის არასტაბილურობამ შესაძლოა სამედიცინო დაწესებულებები არაერთი პრობლემის წინაშე დააყენოს. მათ შორისაა, სამედიცინო სერვისებზე ფასების ზრდა.

ნ. ბოხუას სახელობის საქართველოს ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრის დირექტორი კოტე ყიფიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ  ამჟამად კლინიკაში ძველი ფასები მოქმედებს, თუმცა, ეს მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე ხდება.

„ლარის გაუფასურება პრობლემა არის, მაგრამ ასე უცებ მომსახურებაზე ფასებს ვერ შევცვლით. მაღაზია ხომ არ არის, კლინიკაა და პაციენტები არიან, ძნელია, ასე ფასების მომატება. რთულია დაიჭირო ფასი, როდესაც მედიკამენტები გაძვირდა, თუმცა როგორღაც გამოვძვრებით ამ სიტუაციიდან,“ – აცხადებს ყიფიანი.

რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში სამედიცინო მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების შესაძლო შეცვლას, ყიფიანი აცხადებს, რომ ამ მხრივ ახალი არაფერია, მიმდინარეობს ფასწარმოქმნის მექანიზმზე სამუშაო პროცესი, თუმცა კლინიკებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის ბოლო პერიოდში ამ თემაზე კომუნიკაცია აღარ ყოფილა.

„ეს იოლი საქმე არ არის, დიდი ძვრა არ არის და პრობლემა აქტუალურია. ალბათ იქნება რაიმე გადაწყვეტილება უახლოს მომავალში მიღებული,“ – აცხადებს  ყიფიანი.

შეგახსენებთ, 2021 წლის იანვარში სამედიცინო სექტორი ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმდა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში სამედიცინო მომსახურებაზე დადგენილი ტარიფები, შესაძლოა შეიცვალოს. სექტორსა და სამინისტროს შორის ამ საკითხზე მუშაობა კი ამ დრომდე არ დასრულებულა.

იხილეთ ასევე

აკაკი ზოიძე: ციფრული ჯანდაცვა მოიტანს უკეთესს ხარისხს და დაზოგილ თანხებს

ჯანდაცვის სპეციალისტი აკაკი ზოიძე პირველადი ჯანდაცვის ციფრულ დონეზე გადასვლის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ  სწორი …