მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ბოლო თვეებში კოვიდით გარდაცვალების თითქმის ყველა შემთხვევაში ექიმისადმი დაგვიანებული მიმართვა ფიქსირდება

ბოლო თვეებში კოვიდით გარდაცვალების თითქმის ყველა შემთხვევაში ექიმისადმი დაგვიანებული მიმართვა ფიქსირდება

ბოლო თვეებში კორონავირუსისგან გარდაცვლილ თითქმის ყველა პაციენტს კოვიდზე ტესტირება დაგვიანებით ჰქონდა ჩატარებული, გვიან დაუკავშირდნენ ან საერთოდ არ დაკავშირებიან ექიმს და კლინიკას დაგვიანებით მიმართეს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს.

„ბოლო თვეებში დაფიქსირებულ COVID-19-ის ერთეულ გარდაცვალების შემთხვევებსაც თითქმის ყოველთვის ადგილი ჰქონდა იმ პაციენტებში, რომლებმაც გვიან ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება, გვიან შევიდნენ ან საერთოდ არ შესულან კომუნიკაციაში ექიმთან და შესაბამისად დაგვიანებით მიმართეს COVID კლინიკას. პრაქტიკულად არცერთ ავადმყოფთან, რომლებმაც პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და დადებითი პასუხის შემთხვევაში პირველივე დღეებში ჰქონდათ კომუნიკაცია ექიმთან და ასრულებდნენ მათ რეკომენდაციებს, მათ შორის ჩვენებების შემთხვევაში იღებდნენ პაქსლოვიდს ან რემდესივირს, ლეტალური შედეგი არ დამდგარა. შესაბამისად, უკიდურესად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პიროვნებამ, ვისაც გამოუვლინდება COVID-19-ის სიმპტომები, დაუყოვნებლივ ჩაიტაროს ტესტი COVID-ზე.

მინდა ვურჩიო მოსახლეობას, აქტიურად გააგრძელონ ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით,“ – წერს ცერცვაძე.

ამასთან, მისი თქმით, ბოლო ერთი კვირის მანძილზე მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც წინა კვირეებში: დღეში საშუალოდ ფიქსირდებოდა 1 მილიონამდე COVID ახალი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვალება, რაც პანდემიის პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ სრული ვაქცინაციის და ომიკრონის შტამებით გამოწვეული დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის გათვალისწინებით ცოტა მაინც არ არის.

ცერცვაძე აცხადებს, რომ ახალი შემთხვევების მატების და ვაქცინაციით დაბალი მოცვის მიუხედავად, საქართველოში უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე.

იხილეთ ასევე

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ერთ თვეში საქართველოში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა

ამ ეტაპზე ქვეყანაში ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა 150-200-ს არ აღემატება, ერთ თვეში კი ინფექციამ 6 ადამიანი …