მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » „ბუნებაში არ არსებობს ისეთი პრეპარატი, რომელიც იმუნურ სისტემას ასტიმულირებს“

„ბუნებაში არ არსებობს ისეთი პრეპარატი, რომელიც იმუნურ სისტემას ასტიმულირებს“

ბუნებაში არ არსებობს პრეპარატი, რომელიც ადამიანის იმუნურ სისტემას აძლიერებს. იმუნიტეტის სტიმულაციის გზა არის ცხოვრების ჯანსაღი წესი, ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვება, ასევე ბუნებასთან სიახლოვე.

ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა დავით თელიამ განაცხადა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური სეზონური ინფექციების პერიოდში ხდება. ესაა საკითხი, რამდენად ეფექტიანია ის ვიტამინები თუ სხვა პრეპარატები, რომლებსაც მოსახლეობის ნაწილი იმუნიტეტის გასაძლიერებლად სვამს.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ, სამწუხაროდ, ბუნებაში არ არსებობს ისეთი პრეპარატი, რომელიც იმუნურ სისტემას ასტიმულირებს და იმუნურ პასუხს აძლიერებს. ასეთი რამ გამორიცხულია. არავითარი მტკიცებულებები  არ არსებობს. მიუხედავად ამისა, სოციალური ქსელები სავსეა სხვადასხვა რეკომენდაციით. ადამიანებს სჯერათ ამის და კიდევ უფრო სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ ზოგჯერ ასეთი საშუალებების გამოყენება იძლევა გაცილებით უარეს შედეგს. ერთადერთი საშუალება იმუნური სისტემის მობილიზაციისა და ნორმალური ფუნქციონირების გარანტიის – ესაა ადამიანის ცხოვრების წესი. ნორმალური კვება, ფიზიკური აქტივობა და ა.შ.“ – აცხადებს თელია და ამბობს იმასაც, რომ იმუნური სისტემისთვის დამაზიანებელია ზედმეტი ჰიგიენა, რაშიც, ცხადია, არ იგულისხმება აუცილებელი ჰიგიენური პროცედურები – კბილების გამოხეხვა, ხელების დაბანა და ა.შ. ამასთან, მისივე განცხადებით, ადამიანმა არ უნდა შეწყვიტოს ურთიერთობა ბუნებასთან და ცხოველებთან, რაც ასევე ასტიმულირებს იმუნურ სისტემას.

„არაა საჭირო გამოკეტვა და შიში, რომ რაღაც ინფექცია დაგვემართება. რაც უფრო მეტ ინფექციას ხვდება ადამიანი, მისი იმუნური სისტემა მეტად „ვარჯიშობს“. მოდიან მშობლები და ამბობენ, რომ მათი შვილები ცივდებიან წელიწადში 4-5-ჯერ. მინდა გითხრათ, რომ წელიწადში 6, 7  და ზოგიერთი მონაცემებით 8 ავადობა არის მისაღები. ეს ყველაფერი აძლიერებს ადამიანის იმუნურ სისტემას. ვიტამინები და სხვადასხვა საშუალება ამისთვის  არ არსებობს,“ – განაცხადა დავით თელიამ.

იხილეთ ასევე

უდაბნოს მტვერი საქართველოში, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდეს – რეკომენდაციები რისკ-ჯგუფებისთვის

როგორ უნდა დავიცვათ თავი უდაბნოს მტვრის გავრცელების პირობებში? ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს …