მთავარი » მსოფლიო » Covid-19-ის აფეთქება იმუნიზაციის მაღალი მაჩვენებლის ფონზე – რა ხდება სეიშელის კუნძულებზე

Covid-19-ის აფეთქება იმუნიზაციის მაღალი მაჩვენებლის ფონზე – რა ხდება სეიშელის კუნძულებზე

სეიშელის კუნძულებმა, სადაც, სხვა ქვეყნებთან შედარებით, კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილია აცრილი, ინფექციის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო სკოლები დახურა და სპორტული ღონისძიებები ორი კვირით აკრძალა.

ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს და აღნიშნავს, რომ საზღვრებზე იგივე რეჟიმი მოქმედებს, რაც 2020 წლის ბოლოს იყო.

„მიუხედავად ჩვენს მიერ მიღებული ყველა ზომისა, Covid-19-თან დაკავშირებული სიტუაცია ქვეყანაში კრიტიკულია. გასულ კვირაში ყოველდღიურად უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა,“ – განაცხადა პრეს-კონფერენციაზე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა პეგი ვიდოტმა.

ინდოეთის ოკეანეში მდებარე არქიპელაგი, რომლის მოსახლეობა 98 ათას ადამიანს შეადგენს, ტურიზმზეა დამოკიდებული. იანვრიდან ადგილობრივმა ხელისუფლებამ, არაბეთის გაერთიანებული საემიროებისგან მიღებული ჩინური ვაქცინით მოსახლეობის აცრა დაიწყო. მას შემდეგ კი სხვა ვაქცინებიც შეიძინა.

12 აპრილისთვის ადმინისტრირებული დოზების 59%-ს „სინოფარმის“ ვაქცინა შეადგენს, დანარჩენს კი – AstraZeneca-ს ინდოეთში წარმოებული ვარიანტი Covishield.

Bloomberg Vaccine Tracker-ის მონაცემებით,  დღეისათვის ქვეყნის მოსახლეობის 62,2%
სრულადაა ვაქცინირებული. 55,9%-ია ეს მაჩვენებელი ისრაელში, რომელიც ვაქცინირებული მოსახლეობის წილით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

კლინიკური მედიცინის პროფესორის დენიელ ლიუსის განცხადებით, ინფიცირებულთა დაახლოებით 2/3 ან არ არის ვაქცინირებული, ან მხოლოდ ერთი დოზა მიიღო.

მართალია, გენეტიკური სექვენირების მონაცემები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ვარიანტი B.1.351, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გასული წლის ბოლოს დაფიქსირდა, სეიშელებზე თებერვალში გამოვლინდა.

აღნიშნული შტამის მიმართ AstraZeneca-ს ვაქცინა ნაკლებ ეფექტიანი აღმოჩნდა, რის გამოც სამხრეთ აფრიკამ მისი გამოყენების გეგმებზე უარი თქვა.

ლიუსის განცხადებით, Sinopharm-ით და Covishield-ით აცრილი, ასევე არავაქცინირებული ადამიანების მონაცემების შედარება შესაძლოა გენეტიკური სექვენირების და ინფექციის სიმძიმის შედარების გზით.

„ამ ორი ვაქცინის ფართო საერთაშორისო გამოყენების გათვალისწინებით, იმას, რაც ახლა სეიშელის კუნძულებზე ხდება, გლობალური შედეგი ექნება,“ – განაცხადა ლიუსიმ.

ოფიციალური პირები არასაკმარის მონაცემებს აჟღერებენ იმის შესახებ, რა შეიძლება იყოს ინფექციის აფეთქების მიზეზი გარდა იმისა, რომ ადამიანები უსაფრთხოების ზომებს ნაკლებად იყენებენ და იმისა, რომ ეს ტალღა შესაძლოა აღდგომასთან დაკავშირებული დღესასწაულების აღნიშვნის შედეგი იყოს.

ამასთან, სეიშელის კუნძულების რესპუბოლიკის პრეზიდენტმა ვაველ რამკალავანმა 10 მაისს განაცხადა, რომ ქვეყანაში გამოყენებული ვაქცინები ეფექტიანია და დღემდე სრულად ვაქცინირებული ინფიცირებულის გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებულია, Covid-ით ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად შემცირდა. დიდ ბრიტანეთში, სადაც ადამიანების 52%-მა პირველი დოზა მიიღო, დაავადების შემთხვევებმა 96%-ით იკლო იანვრის მაქსიმუმთან შედარებით. ისრაელში, სადაც მოსახლეობის 60%-მა მინიმუმ ერთი დოზა ვაქცინა გაიკეთა, ახალი შემთხვევების სტატისტიკა 99%-ით შემცირდა.

 

იხილეთ ასევე

„ფაიზერ-ბიოენტექის“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მათი ვაქცინა კორონავირუსის  ინდური შტამის წინააღმდეგ 70-75%-ით ეფექტურია

„ფაიზერ-ბიოენტექის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ მათი ვაქცინა კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის წინააღმდეგ 70-75%-ით ეფექტურია. როგორც …