მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » დაავადებათა კონტროლის ცენტრი თამბაქოს ინდუსტრიის მიერ მოწყობილ ღონისძიებებს აკრიტიკებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი თამბაქოს ინდუსტრიის მიერ მოწყობილ ღონისძიებებს აკრიტიკებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოთქვამს თამბაქოს ინდუსტრიის მიერ მოწყობილი დისკუსიებისა და სხვა აქტივობების გამო, რომლებიც, ცენტრის განცხადებით, თითქოს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას ემსახურება.

საუბარია დღეს, 23 მაისს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ კონფერენციაზე, რომელიც ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია Knowledge Action Change და Health Research Union-ის მიერაა ორგანიზებული და ეწოდება „თამბაქოს ზიანის შემცირება: გამოწვევები და შესაძლებლობები 21-ე საუკუნეში“.

„საერთაშორისო კონფერენციას ერთი მთავარი მიზანი აქვს – მოახდინოს სამეცნიერო ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგის ხელშეწყობა და საერთაშორისო მიდგომების დეტალური ანალიზი, გააცნოს აუდიტორიას თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის ბოლოდროინდელი საერთაშორისო მიღწევები და მისი შესაძლებლობები, რათა შევძლოთ მათი ჩვენს რეალობაში ინტეგრირება და ეფექტური საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრატეგიის შემუშავება,“ – აღნიშნულია კონფერენციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი კი აცხადებს, რომ თამბაქოს ინდუსტრიის რეალური მიზანი არის არა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და თამბაქოსგან მიყენებული ზიანის შემცირება, არამედ ახალი პროდუქტების შემოტანა საკუთარი მოგების მისაღებად.

„2017 წელს დამტკიცებული ახალი თაობის თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით საქართველო გახდა რეგიონში მოწინავე ქვეყანა თამბაქოს ეპიდემიასთან და მისი მოხმარებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობასთან ბრძოლის კუთხით. ძირითადი ცვლილებები შეეხო თამბაქოს მწარმოებელთა ინტერესების გამორიცხვას და თამბაქოს მწარმოებელთა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების/პირების ურთიერთობის გამჭვირვალობას ჯანდაცვის სფეროში გადაწყვეტილების მომზადების, მიღების და დამკვიდრების პროცესში; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების თამბაქოს კვამლისგან განთავისუფლებასა და თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვას; თამბაქოს ნაწარმისა და მისი აქსესუარების განთავსების აკრძალვას მაღაზიების გარე ვიტრინებსა და ფანჯრებზე, „დრაივ თამბაქოს“ აკრძალვას და ა.შ. 2020 წლიდან მოწევა აიკრძალა სტადიონებზე; ხოლო 2022 წლიდან ტაქსებში და კერძო ავტომობილებში, სადაც არასრულწლოვანი იმყოფება. 2022 წლის 16 მაისს საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა და დაამტკიცა დადგენილება “საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ”, რაც უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია თამბაქოს კონტროლის მიმართულებით,“ – ვკითხულობთ განცხადებაში. მასში ასევე ნათქვამია, რომ ამ პირობებში თამბაქოს ინდუსტრიის მთავარი ინტერესია რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახადოს დამოკიდებული საკუთარ პროდუქტზე, იქნება ეს ტრადიციული თამბაქო თუ თამბაქოს ახალი პროდუქტები.

„მათი ინტერესი ნაკლებად არის იმაზე ფიქრი თუ „რა არჩევანი აქვთ მათ, ვინც არ ანებებს თავს თამბაქოს მოხმარებას“. ამის დასტურია ამერიკის შეერთებულ შტატებში 1994 წელს კონგრესმენი ჰარი ვაქსმანის მიერ გამართული კონგრესის მოსმენები, სადაც 7 უმსხვილესი თამბაქოს კომპანიის პრეზიდენტები და აღმასრულებელი დირექტორები ფიცის ქვეშ აცხადებენ, რომ მათი რწმენით ნიკოტინი არ არის ადიქტიური ნივთიერება, მაშინ როდესაც ნიკოტინის ადიქციის და მავნეობის შესახებ ფართო მასშტაბის მტკიცებულებები ჯერ კიდევ 1964 წელს Surgeon General’s Report-ში გამოქვეყნდა. შესაბამისად, თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლების განცხადებები კონგრესზე იყო სიცრუე და ამის ვიდეო ჩანაწერიც არსებობს,“ – აღნიშნულია განცხადებაში. მასში ასევე ნათქვამია, რომ მოწევის ერთადერთ ალტერნატივას წარმოადგენს თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის გამოყენებაზე სრული უარის თქმა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პრონციპების დაცვა.

„შესაბამისად, ზემოხსენებული, შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მასობრივი საინფორმაციო საშუალებით გავრცელება არის გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის ცალსახა რეკლამა/პოპულარიზაცია და უდიდეს რისკს წარმოადგენს მათი მოხმარების სტიმულირების კუთხით, განსაკუთრებით ახალგაზარდებში, არასწორად შეფასებული რისკების გამო,“ – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

ცენტრი განმარტებებს აკეთებს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის 7 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე “Philip Morris Products S.A“-ს მიანიჭა უფლება გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის გარკვეული მარკეტირება მოახდინოს.

თუმცა იმავე განცხადებაში წერია, რომ „მიუხედავად ამ ავტორიზაციისა, გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი არ არის უსაფრთხო არც „FDA-ს მიერ დამტკიცებული“.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 2020 წლის 27 ივლისის განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ გასახურებელ თამბაქოს ნაწარმში მავნე ქიმიური ნივთიერებების უფრო დაბალი კონცენტრაციის გამოყოფის მიუხედავად, ეს პროდუქტები არანაირად არ არის კვალიფიცირებული როგორც უვნებელი და არც ისეთი ინტერპრეტაცია უნდა გაუკეთდეს, თითქოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ნაკლები რისკის შემცველია. სინამდვილეში, გასახურებელ თამბაქოს ნაწარმში ზოგიერთი ტოქსიური ნივთიერება უფრო მაღალი შემცველობითაა და გასახურებელი თამბაქოს აეროზოლები ასევე შეიცავს ზოგიერთ ისეთ ტოქსიურ ნივთიერებას, რომლებიც ტრადიციულ თამბაქოს ნაწარმში არ გვხვდება. ამ ნივთიერებების ჯანმრთელობაზე გავლენა ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის.“ – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამომდინარე ზემოთაღნიშნულიდან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მკაცრი პოზიციაა, რომ აღნიშნული ღონისძიება ემსახურება გასახურებელი თამბაქოს პოპულარიზაციას იმ გზით, რომ თითქოს იგი ნაკლებად მავნებელია ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით და თითქოს ის წარმოადგენს თამბაქოს ზიანის შემცირების ერთ-ერთ საშუალებას.

„შესაბამისად, ყველას მოვუწოდებთ თავი შეიკავონ მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებისაგან, მონაწილეობისა და ხელშეწყობისაგან!“- აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

იხილეთ ასევე

უდაბნოს მტვერი საქართველოში, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდეს – რეკომენდაციები რისკ-ჯგუფებისთვის

როგორ უნდა დავიცვათ თავი უდაბნოს მტვრის გავრცელების პირობებში? ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს …