მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „კოვიდ-ინფიცირებულს, რთულ შემთხვევაში, ბევრი წამალი სჭირდება, რაც ალერგიულ ადამიანებს რისკს უქმნის“ – რატომ უნდა აიცრან ალერგიული პაციენტები

„კოვიდ-ინფიცირებულს, რთულ შემთხვევაში, ბევრი წამალი სჭირდება, რაც ალერგიულ ადამიანებს რისკს უქმნის“ – რატომ უნდა აიცრან ალერგიული პაციენტები

ალერგიული ადამიანების ვაქცინაცია არა მხოლოდ შეიძლება, სასურველიც არის, რადგან კოვიდს გარკვეული ალერგიული ხასიათის გართულებები ახასიათებს.

ამის შესახებ ალერგოლოგი მაია გოთუა აცხადებს.

მისი თქმით, კოვიდ ინფექციის გადატანის შემდეგ იზრდება ადამიანის ალერგიული მდგომარეობა, რაც  ხდება არა ყველა, თუმცა ბევრ პაციენტში.

„ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ კოვიდინფექციის დროს, რთულ შემთხვევაში, ბევრი წამალი სჭირდება, რაც კიდევ უფრო მეტ რისკს უქმნის ალერგიული პრობლემების მქონე პაციენტს. ამიტომ ალერგიული ადამიანისთვის მიზანშეწონილია იყოს მომზადებული და ვაქცინირებული, რათა დაინფიცირების შემთხვევაში მაქსიმალურად უსაფრთხოდ, უმტკივნეულოდ და მინიმალური ჩარევით მოხდეს მისი განკურნება.

ალერგიული პაციენტებისთვის ვაქცინაციის კატეგორიული უკუჩვენება ძალიან მცირეა. კერძოდ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ის შემთხვევა, თუ პაციენტს ექნება ძლიერი ანაფილაქსიური სწრაფი ტიპის რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე. თუ დადასტურდა, რომ პირველ აცრაზე ნამდვილად იყო ანაფილაქსიური რეაქცია, მეორე ვაქცინა არ კეთდება. თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ასეთ პაციენტს შეიძლება შეერჩეს სხვა ვაქცინა და მისი ვაქცინაცია გაგრძელდეს,“- აცხადებს მაია გოთუა.

მისივე განმარტებით, ვაქცინაციით გამოწვეული ანაფილაქსიური რეაქცია ძალიან იშვიათია, კერძოდ, მილიონ ადმინისტრირებულ დოზაზე აღწერილია 4,7 შემთხვევა. ალერგოლოგი აღნიშნავს იმასაც, რომ ამ რეაქციის მართვა შესაძლებელია  – ყველა აცრის კაბინეტის წარმომადგენლები არიან ინფორმირებულნი და დატრენინგებული, როგორ უნდა მოიქცნენ ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების შემთხვევაში, როგორ უნდა აღმოუჩინონ პაციენტს დაუყოვნებლივი დახმარება და მოლოდინი, რომ ანაფილაქსიური რეაქცია ცუდად დამთავრდება, მინიმალურია.

მაია გოთუას განმარტებით, ქრონიკული ალერგიული დაავადებების მქონე პაციენტები ასევე უნდა აიცრან, მათ შორის ასთმიანი პაციენტებიც და აცრის პარალელურად გააგრძელონ დანიშნული მედიკამენტოზური მკურნალობა.

იხილეთ ასევე

თბილისში ბაღების ნახევარზე მეტი დახურულია, ქვეყნის მასშტაბით კი 108 სკოლა და 687 კლასი დისტანციურ რეჟიმზეა

ბოლო კვირის მონაცემით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი. ინფორმაციას …