მთავარი » მსოფლიო » დამსაქმებელს ეძლევა უფლება, არავაქცინირებული თანამშრომელი გაათავისუფლოს –  რა ზომებს მიმართავენ ქვეყნები პანდემიასთან ბრძოლაში

დამსაქმებელს ეძლევა უფლება, არავაქცინირებული თანამშრომელი გაათავისუფლოს –  რა ზომებს მიმართავენ ქვეყნები პანდემიასთან ბრძოლაში

ერთ დღე-ღამეში კოვიდ-19-ით გარდაცვალების მაჩვენებლით რუსეთმა ინდოეთს და კიდევ რამდენიმე ქვეყანას გადაუსწრო და ამ მონაცემით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. მასზე უარესი სტატისტიკა ბრაზილიას აქვს, სადაც ერთ დღე-ღამეში კორონავირუსმა 830 ადამიანი იმსხვერპლა, რუსეთში კი – 737.

რაც შეეხება ეპიდსიტუაციას რუსეთში, ის ისევ რთული რჩება – კოვიდ 19-ის დიაგნოზი  ბოლო დღე-ღამეში 23 962 ადამიანს დაუსვეს. ინფიცირებულთა ჯამურმა რაოდენობამ 5,68 მილიონი შეადგინა.

დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მსოფლიო ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც კოვიდ 19-ის დიაგნოზი ჯამში 33,7 პირს დაუსვეს.

ჯანმოს ხელმძღვანელის ტედროს გებრეიესუსის შეფასებით, კოვიდ 19-ის პანდემია ძალიან საშიშ სტადიაზეა მიუხედავად მასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებისა. მისი თქმით, ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია ქვეყნებისთვის თავდაცვის ინდივიდუალური საშუალებების, ტესტების, წამლებისა და ვაქცინების თანაბარი განაწილება.

ქვეყნები მთავარ  აქცენტს ვაქცინაციაზე აკეთებენ. დიდ ბრიტანეთში 16 აგვისტოდან თვითიზოლაციის ვალდებულებას ხსნიან იმ სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის, ვისაც კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა.

ლატვიის ხელისუფლებამ კი დამსაქმებლებს მისცა უფლება, გაათავისუფლონ თანამშრომლები, რომლებიც 15 სექტემბრამდე არ აიცრებიან. ჯერჯერობით ეს წესი მხოლოდ სახელმწიფო და მუნიციპალურ დაწესებულებებზე გავრცელდება. კანონი, რომლის პროექტზეც ახლა სხვადასხვა უწყება მუშაობს, დამსაქმებლებს დაავალდებულებს, რისკის ქვეშ არ დააყენონ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები და ამავე დრონ მათი ვაქცინაცია უზრუნველყონ.

ვაქცინაციის შთამბეჭდავ შედეგებზე გადის გერმანია. მთავრობის ანგარიშის თანახმად, ქვეყანამ 12-დან 59 წლამდე ასაკის პირების მინიმუმ 85%-ის, ხოლო 60 და მეტი ასაკის მოქალაქეების 90%-ის ვაქცინაცია ზაფხულის ბოლომდე უნდა უზრუნველყოს, რათა მეოთხე ტალღა აიცილოს თავიდან.

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: კორონავირუსის გავრცელებამ ევროპაში ბოლო ერთ კვირაში ათი პროცენტით მოიმატა

კორონავირუსის გავრცელებამ ევროპაში ბოლო ერთ კვირაში ათი პროცენტით მოიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია …